ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს.
როგორც თავად წერს, ადამიანი იშვიათად ცხოვრობს რეალობაში, სინამდვილეში გაუცნობიერებელი წარსული მართავს იმას, რასაც „დღეს“ ეძახი:
„შენ იშვიათად ცხოვრობ რეალობაში. უფრო ხშირად საკუთარ ავტომატურ რეაქციებში ცხოვრობ.
ვიღაც ერთ სიტყვას გეუბნება და დღე იცვლება თითქოს რაღაც შიგნით, შენს გარეშე, გადაწყდა.
ვიღაც გტოვებს და შენში ძველი მიტოვების შიში იღვიძებს.
ვიღაც არ გაფასებს და უცებ ისევ ის ბავშვი ხდები, რომელსაც ოდესღაც საკუთარი არსებობის დამტკიცება უწევდა.
ამ დროს გგონია, რომ შენს ცხოვრებას გარემო მართავს.
სინამდვილეში კი ხშირად გაუცნობიერებელი წარსული მართავს იმას, რასაც „დღეს“ ეძახი.
ყველაზე რთული სწორედ ამის შემჩნევაა, რომ საკუთარ ხმას ეძახი იმას, რაც სინამდვილეში უბრალოდ გამეორებაა.
შიში „ხასიათად“ გესახება. ტკივილი - „ბუნებად“. ჩვევა - „ბედად“ და შენ წლების განმავლობაში იმეორებ ერთსა და იმავე რეაქციებს, ერთსა და იმავე არჩევანებს, ერთსა და იმავე ტკივილს - სანამ ერთ დღეს რაღაც შიგნით არ წყდება.
ეს გაჩერება გარედან თითქმის შეუმჩნეველია. უბრალოდ, აღარ რეაგირებ მაშინვე. ბრაზი მოდის და პირველად ამჩნევ, რომ ის მხოლოდ ტალღაა და არა ბრძანება. შიში მოდის და პირველად ხედავ, როგორ ცდილობს შენი ცხოვრების მიმართულების შეცვლას.
ძველი ტკივილი ისევ ლაპარაკობს - მაგრამ უკვე ხვდები: ყველაფერი, რაც შენში ხმაურობს, შენ არ ხარ.
ის ხარ, ვინც ამას ხედავს და სწორედ აქ იწყებს ყველაფერი შიგნით ნელა გადაწყობას - არა დრამატულად, არა ერთ წამში, არამედ ისე, როგორც მექანიზმი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ჩერდება.
თავისუფლებაც სწორედ აქ იწყება - არა მაშინ, როცა ყველაფერს აკონტროლებ, არამედ მაშინ, როცა პირველად აღარ ემორჩილები იმას, რაც ავტომატურად გმართავს.
როცა შენსა და შენს რეაქციას შორის პატარა სივრცე ჩნდება - ისეთი, როგორიც ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის არსებობს და ამ სივრცეში აღარ იბადება „ახალი მე" - უბრალოდ ქრება ის, რაც შენ არასდროს ყოფილხარ“, - წერს ნატა გაგუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ხელოვნებასა და მარტივ ცხოვრებას შორის საერთოდ არ არსებობს ზღვარი...“ - რას წერს ნუცა შანშიაშვილი