გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს და ხსნის, რატომ არის ბავშვის ყოლა და გაზრდა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა:
„გადაწყვეტილება, რომელიც ქმნის ადამიანებს, ოჯახებს, საზოგადოებებს, ქვეყნებს, საერთაშორისო კლიმატს.
ბავშვის საქციელი, აზრები, შეხედულებები, განსაკუთრებით ცხოვრების პირველ ეტაპზე, ყალიბდება სახლში.
სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვისთვის მთავარი მოდელები, რომელთა მაგალითზე და მიბაძვითაც ისინი სწავლობენ ცხოვრების ანბანს, არიან მშობლები პირველ რიგში და ოჯახის სხვა წევრები.
პატივისცემა, მოთმინების უნარი, ზრდილობა თუ ძალადობრივი საქციელი, იმპულსურობა, სხვების აბუჩად აგდება …
გენეტიკა იმხელა როლს არ თამაშობს, როგორც მოდელზე სწავლა, ანუ მშობლების დაკვირვება, მათი საქციელის დამახსოვრება და შემდეგ შესაბამის სიტუაციაში ამ დამახსოვრებული საქციელის გამოვლენა.
ვისაც მეტი გაინტერესებთ ამ თემაზე გაეცანით ფსიქოლოგიაში კოგნიტიური პარადიგმის შემომტანს, ალბერტ ბანდურას და მის ნაშრომებს. Albert Bandura - Observational / Imitational Learning.
ბავშვის ყოლა და გაზრდა არის ალბათ ყველაზე საპასუხისმგებლო რამ, რაც არსებობს.
სამწუხაროდ ძალიან ბევრ მშობელს ეს საერთოდ არ აქვს გააზრებული. ამის შედეგი კი სავალალო და ტრაგიკულია, პირველ რიგში ისევ ასე უბრალოდ გაკეთებული, გაჩენილი და საკვებ მიცემული ბავშვებისთვის, მაგრამ ამის ფასს საზოგადოებაც გადაიხდის, რომელშიც ინერციით ან საერთოდ ძალადობაში და/ან ინტელექტუალურ-ემოციურ ვაკუუმში წამოზრდილი ადამიანები ადვილად ვერ მოახდენენ ინტეგრაციას, იქნებიან ანტისოციალურები, მოძალადეები, ფეთქებადები, ნეოფობები, ჰომოფობები, მიზოგინები, შოვინისტები, რელიგიური ექსტრემისტები, უსაქმურები, დამნაშავეები …
მეტი სიფრთხილე თავიდანვე!
პრეზერვატივის და კონტრაცეპციის სხვა მეთოდების ზუსტი ხმარება, ახალი სიცოცხლის შექმნის პასუხისმგებლობის და მასშტაბის სრული გააზრება იქნებოდა პირველი კონსტრუქციული ნაბიჯი.
და საერთოდაც, შვილის ყოლა არანაირად არ არის არც აუცილებლობა, არც ვალდებულება. მათემატიკური გამრავლება ხარისხის გარეშე ნამდვილად არც ერს წაადგება, არც ოჯახს და არც თვითონ უაზრობაში და უყველაფრობაში გაზრდილ მსხვერპლს“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ: