Digest Logo

„სამყარო თითქოს ყველაფერს ხედავს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის, ტრადიციული მეთოდები აღარ მუშაობს - ახალი იდეებია საჭირო“ - რას წერს გია მურღულია

1767438420
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, კვირა გაცილებით სწრაფად გადის - გაიხედავ და უკვე პარასკევია.

„თითქოს ახლახან იყო, 2000 წლის დადგომა რომ იდღესასწაულა სამყარომ და მას შემდეგ 25 წელი "დაიხურა".
დრო მიფრინავს.

კვირა გაცილებით სწრაფად გადის - გაიხედავ და უკვე პარასკევია.
თუმცა ამ სისწრაფეს ერთი მომენტიც ახლავს - ფაქტებიც, მოვლენებიცა და ტენდენციებიც აჩქარდა - ახლა დროში გაცილებით მეტი რამ "ეტევა", ვიდრე ადრე.

წამი, გარდა იმისა, რომ უფრო სწრაფი გახდა, "გაიწელა" კიდეც.
ნაკლებ დროში მეტი ესწრება.

დრომ დაიქვემდებარა ადამიანი, მაგრამ ადამიანმაც მეტად "დაიპყრო" დრო.
დრო გვიმსგავსებს, თუმცა არც ჩვენ ვრჩებით ვალში - ორივე ერთმანეთს ვქმნით.

სად გაქრა ეს 25 წელი?

შედარებით "უკვდავები" ამასაც იკითხავენ - ის 2000 წელი სადღა გაქრა?
რა მოასწრეს კაცობრიობამ და ადამიანმა?
უკეთესნი გახდნენ?
კაცმა რომ თქვას, რატომაც არა:
- მეტი ისწავლეს;
- მეტი შეძლეს;
- მეტი აღმოაჩინეს;
- მეტი შექმნეს;
- მეტს მიაღწიეს.

მანქანები, თვითმფრინავები, რაკეტები და ხომალდები ააგეს.
ხელოვნების უზადო ნიმუშები შექმნეს.
ქალაქები ააგეს, გზები გაიყვანეს.

კანონები მიიღეს და მყარი სოციალური სერვისები აამოქმედეს.
თითქოს ყველაფერი ისე განვითარდა, რომ ადამიანი ბედნიერი ყოფილიყო.
იქნებოდა კიდეც, გონივრულ შექმნასთან ერთად სამართლიანი განაწილებაც რომ ესწავლა.
უსამართლობა ამუხრუჭებს ადამიანს და მთლიანად კაცობრიობასაც.
"ინტერესები" კლავს ბედნიერებას, იარაღის ძალა განაპირობებს წესრიგს.
დრო აჩქარდა? - ეს მკვლელობაც აჩქარებულია.
ჩვენ დავდაღმართში მივრბივართ.

სულ უფრო მეტ ინერციას ვიძენთ და სულ უფრო მეტად გვიჭირს გაჩერება.
კულტურა, ეკონომიკა და პოლიტიკა უფრო ჩხუბობენ, ვიდრე ჰარმონიულად ვითარდებიან და თანაარსებობენ.
სამყარო თითქოს ყველაფერს ხედავს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.
ტრადიციული მეთოდები აღარ მუშაობს - აზროვნებასაც ინერცია დაეუფლა.
ახალი იდეებია საჭირო.

ამ იდეებმა ახალი ღირებულებებიც უნდა შექმნას და ნამდვილად ღირებული ძველიც გადაარჩინოს - ადამიანმა "განვითარებისას" სახე რომ არ დაკარგოს.
გადაწყვეტილების ფასი გაიზარდა - მისი შედეგები ადრინდელზე გაცილებით სწრაფად ხდება თვალსაჩინო.
ეს ფიქრისა და მოქმედების პასუხისმგებლობას ზრდის.
ჩვენ "პარასკევის თაობა" ვართ.
კვირა მალე გადის?
ჩვენც უფრო სწრაფად უნდა გავიზარდოთ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვინც ცეცხლოვანი ცხენის წელში შვილის დაბადებას ელოდებით, ეს უნდა იცოდეთ...“ - რას ჰყვება ეზოტერიკო

⭕31 დეკემბრის ჯადოსნური რიტუალი სურვილების ასასრულებლად - „მხოლოდ ერთი გამონაკლისია...“

⭕„გამოიყენე ეს ენერგია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად“ - 30 დეკემბრის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის