Digest Logo

„სამყაროს ნატიფ შრეებზე წვდომა სწორედ უჯრედული სისუფთავიდან იწყება“ - რატომ არის ახალი წინდები ჯანმრთელობისთვის საშიში და როგორ დავიცვათ თავი?

1785230209
საცვლები, ტანსაცმლები

„ტანსაცმელზე, საცვლებზე, საკვებზე, თავის მოვლის საშუალებებსა თუ წყალზე უკვე ბევრი დავწერე. ვინც თვალს მადევნებს, იცის, რამხელა ქიმიურ ნაგავში გვიწევს ცხოვრება და რა ფასს იხდის ჩვენი სხეული ამ ინდუსტრიული „სილამაზის“ გამო“, - ამის შესახებ მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს და ამჯერად ყურადღებას ერთ, ერთი შეხედვით უწყინარ დეტალზე, წინდებზე ამახვილებს.

მისი განმარტებით, ტერფებზე ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიმკვრივის საოფლე ჯირკვლებია. ახალი, ქარხნული წინდის ჩაცმისას, რომელიც ქიმიური ნაერთებითაა დამუშავებული, სინთეტიკურ ფეხსაცმელთან კომბინაციაში ნამდვილი „ქიმიური ლაბორატორია“ იქმნება. სითბო, ტენიანობა და ხახუნი იდეალურ პირობას ქმნის ოფლის გამოსაყოფად, ოფლი კი მოქმედებს, როგორც გამხსნელი, ის რეცხავს ქსოვილში დარჩენილ ტოქსინებს ფორმალდეჰიდს, მძიმე ლითონებს, აზო-საღებავებს და ისინი პირდაპირ კანის მეშვეობით სისხლში ხვდება.

მსხილაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ტანსაცმელზე, საცვლებზე, საკვებზე, თავის მოვლის საშუალებებზე, წყალზე თუ ა.შ. ა.შ. უკვე ბევრი დავწერე. ვინც თვალს მადევნებს, იცის, რამხელა ქიმიურ ნაგავში გვიწევს ცხოვრება და რა ფასს იხდის ჩვენი სხეული ამ ინდუსტრიული "სილამაზის" გამო. თუმცა, დღეს მინდა ერთ კონკრეტულ, ერთი შეხედვით უწყინარ დეტალზე შევჩერდე - წინდებზე. ჩვეულებრივ ნასკებზე, რომლებიც რეალურად გაცილებით სპეციფიკური და საშიში თემაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ზედატანი.

იმიტომ, რომ ტერფებზე ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიმკვრივის საოფლე ჯირკვლებია - დაახლოებით 250 000. როცა იცვამთ ახალ, ქარხნულ წინდას რომელიც ამოვსებულია უამრავი შხამით და ზედ ირგებთ თანამედროვე, უმეტესწილად სინთეტიკურ და უხარისხო ფეხსაცმელს, იქ პირდაპირ იქმნება ქიმიური იარაღის მინი-ლაბორატორია. სითბო, ტენიანობა და ხახუნი - ეს სამი რამ იდეალური პირობაა იმისთვის, რომ ფეხმა ოფლი გამოყოს. ოფლი კი მოქმედებს, როგორც გამხსნელი. ის უბრალოდ კი არ ასველებს ქსოვილს, არამედ რეცხავს მასში ჩარჩენილ ინდუსტრიულ ტოქსინებს - ფორმალდეჰიდს, მძიმე ლითონებს, აზო-საღებავებს და ა.შ. და ეს ყველაფერი პირდაპირ, უჯრედულ დონეზე მიაქანება თქვენს სისხლში.

სანამ უშუალოდ გამოსავალზე გადავალ, ერთი რამ მინდა დავაზუსტო. ეს გაზიარება არ არის იმათთვის, ვინც ახლა ამოიოხრებს და დაიწყებს მოთქმა-გოდებას: "აუ, რა გვეშველება", "მაინც ყველაფერი მოწამლულია", "სუნთქვაც აღარ შეიძლება" და მსგავს სისულელეებს. ვისაც განძრევა ეზარება და საკუთარი თავი არ აინტერესებს, სხვას მით უმეტეს არ ადარდებს ასეთების ბედ-იღბალი... ასე რომ, შეუძლია მშვიდად ჩაიცვას ის ქიმიური ნაგავი და დაელოდოს, როდის შეახსენებს ორგანიზმი თავს. ეს მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვინც, მიუხედავად ტოქსიკური გარემოსი, იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და პოულობს ალტერნატივებს. იმიტომ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს და არც ისეთი რთულია, თუ ადამიანი ცოტას გაინძრევა.

ჰოდა, მოდით მივხედოთ ჩვენს წინდებს. საქმე იმაშია, რომ ინდუსტრიული ნაწარმიდან მავნე ნივთიერებების განეიტრალება სავსებით რეალურია. თუ ფერადი წინდები გიყვართ და გინდათ, რომ ვიზუალიც შეინარჩუნოთ და ჯანმრთელობაც, შედარებით მსუბუქი მეთოდი უნდა აირჩიოთ. ამოატრიალეთ ახალი წინდა, ჩაალბეთ გრილ წყალში, დაუმატეთ საცხობი სოდა და ცოტა მარილი 1-2 საათით. სოდა ხელს უწყობს წყალში ხსნადი ნარჩენების, ზედაპირული საღებავებისა და ზოგიერთი დამუშავების ქიმიკატის მოცილებას - იმ ნარჩენის, რომელმაც ვერ მოასწრო ქსოვილზე მიმაგრება და პირველივე გაოფლიანებისას კანში უნდა შემომძვრალიყვნენ. მარილი კი ამ დროს ბუნებრივი ფიქსატორივით მუშაობს და დარჩენილ საღებავს ეხმარება ქსოვილზე ჩაჭიდებაში. შემდეგ გაავლებთ, სარეცხ მანქანაში ქიმიური სავლების მაგივრად ჩაასხამთ თეთრ ძმარს - ის ხელს შეუწყობს ტუტე ნარჩენების ჩამორეცხვას და ზოგიერთ შემთხვევაში ქსოვილში დარჩენილი საღებავის სტაბილიზაციას - და გააშრობთ ჩრდილში. ამ გზით ფერიც გადარჩება და მეტ-ნაკლებად თქვენი უჯრედებიც.

მაგრამ თუ ჩემსავით ფიქრობთ, რომ ჯანმრთელობა ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე წინდის ესთეტიკა, მაშინ უკომპრომისო, აგრესიულ გზას უნდა დაადგეთ. ამას ერთგვარი შოკური დეტოქსიკაცია შეგვიძლია დავარქვათ. ახალ წინდას პირდაპირ ასხამთ ცხელ წყალს, აყრით ბლომად სოდას - აქ მარილი აღარ გვინდა, ფერი არ გვაინტერესებს - და ტოვებთ ასე 12-24 საათი. ცხელი წყალი ბოლომდე ხსნის ბოჭკოს ფორებს, ტუტე გარემო კი თავის საქმეს აკეთებს. ამის შემდეგ რეცხავთ მაღალ ტემპერატურაზე ჩვეულებრივი, ტრადიციული სარეცხის საპნით, ავლებთ ისევ ძმარში და ფენთ პირდაპირ, მცხუნვარე მზეზე.

მზის ულტრაიისფერი სხივები ხელს უწყობს ზოგიერთი ნაერთის დაშლას, თუმცა ყველა ქიმიურ ნარჩენს ვერ ანადგურებს. კი, ბოლოს მიიღებთ ფერდაკარგულ, გახუნებულ წინდას, რომელიც ისე გამოიყურება, თითქოს მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, მაგრამ სამაგიეროდ მასში ქიმიური ნარჩენების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. შესაბამისად, თქვენი ფეხის ოფლის მიერ გამოსარეცხი ნარჩენების რაოდენობაც მნიშვნელოვნად იკლებს. მაგრამ ეს მეთოდები არ მუშაობს 100% სინთეთიკებზე.

და ბოლოს, თუ ეს ქიმიკოსობანა და რეცხვა-ხარშვა საერთოდ გეზარებათ, არც ეგაა პრობლემა. ალბათ გაგიგიათ ორგანული ბამბის შესახებ და არამხოლოდ, თუმცა ის, რომ ქსოვილი ორგანულია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ არის შეღებილი ან დამუშავებული. მართალია, ორგანული საღებავებიც არსებობს, თუმცა მათი შოვნა გაცილებით რთულია და ხშირად მარკეტინგული ტყუილიც ურევია. ამიტომ, თუ გსურთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ასეთი რისკები, ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია სერტიფიცირებული ორგანული, შეუღებავი ბუნებრივი ფერის - ღია მოკრემისფრო-მოყავისფრო ბამბის წინდები.

არჩევანი ყოველთვის ჩვენზეა. ან ვეგუებით იმას, რომ ინდუსტრია ფულს აკეთებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და ვიცვამთ ლამაზ, მაგრამ შხამით გაჟღენთილ ნივთებს, ან ვსვამთ კითხვებს, ვეძებთ პასუხებს და ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენს სხეულს სჭირდება.

ამ ყველაფრის მიღმა კი, არსებობს კიდევ ერთი, გაცილებით ღრმა ასპექტი. თუ ადამიანს სურს, გააღვიძოს საკუთარ თავში მიძინებული პოტენციალი, სენსორული უბნები და აღქმის ის არხები, რომლებიც მასის უმრავლესობისთვის უბრალოდ დაბლოკილია; თუ გსურთ დაინახოთ, შეიგრძნოთ და გააცნობიეროთ ისეთი რეალობა, რაც სტანდარტული გონებისთვის წარმოუდგენელია - ფიზიკური სხეულის მაქსიმალური სისუფთავე სასიცოცხლოდ აუცილებელია.

როგორც უძველესი ეზოტერული ალქიმია და აღმოსავლური პრაქტიკები გვასწავლის, ასევე თანამედროვე ეპიგენეტიკა და კვანტური ბიოლოგია ერთხმად ადასტურებს: ჩვენი ნერვული სისტემა, დნმ-ის მიძინებული პოტენციალი და ფიჭვისებრი ჯირკვალი (ე.წ. მესამე თვალი) ნერვული სისტემა თუ ა.შ. სრულფასოვნად ვერასდროს მიიღებს და გადაამუშავებს მაღალ სიხშირეებს, თუ ორგანიზმი სინთეტიკური შხამებითა და ტოქსინებითაა დამძიმებული.

სამყაროს ნატიფ შრეებზე წვდომა სწორედ უჯრედული სისუფთავიდან იწყება.

დიახ, საკუთარი ფიზიკური ტაძრის ასეთი დაცვა დიდ ძალისხმევას, დისციპლინასა და ყოველდღიურ შრომას მოითხოვს, მაგრამ როდესაც სხეული თავისუფლდება ინდუსტრიული ხმაურისა და ქიმიური ბლოკებისგან, ენერგია დაუბრკოლებლად იწყებს დინებას და თქვენ შანსი გეძლევათ დაინახოთ ის, რაც არსად წერია“,- წერს მსხილაძე.