ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ, ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„გემოვნება აღქმის, აზროვნების, გამოხატვისა და შეფასების ზომიერება და მთელში ნაწილთა შესატყვისობაა.
დააკლებ? - სარკიდან ძალიან შორს დგახარ.
გადააჭარბებ? - ამავე სარკეს ცხვირით შეეხები.
„სარკე“ რეალური ყოფაც არის, წარმოსახვაც და ხელოვნებაც.
დიაპაზონი სრულია - გემოვნებიანი ყოფნიდან გემოვნებიან არყოფნამდე.
სიცარიელეც შეიძლება უგემოვნო იყოს - რაღაცისგან გათავისუფლებასაც გემოვნება სჭირდება.
ეს იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი ესთეტიკა აქვს და უნდა შეიცნო, რა რას „უხდება“, რა (ვინ) რის (ვის) გვერდით შეიძლება იყოს თავის ადგილზე.
სადაც გემოვნება არ არის, იქ ჰარმონია ირღვევა - ნაწილები უხერხულად ან საერთოდ ვერ ქმნიან მთელს.
სილამაზე შეიძლება იყოს უგემოვნო.
სიყვარული შეიძლება იყოს უგემოვნო.
სიმართლე შეიძლება იყოს უგემოვნო.
სიკეთე შეიძლება იყოს უგემოვნო.
თავისუფლება შეიძლება იყოს უგემოვნო.
სიცოცხლე შეიძლება იყოს უგემოვნო.
სიკვდილიც შეიძლება იყოს უგემოვნო.
იცხოვრე ზომიერად, დაიცავი სულის წონასწორობა და ნუ დაარღვევ ჰარმონიის წესსა და რიგს - არ გააწბილო ცის ნდობა.
მან, მოსვლის დარად, წასვლაც იცის“, - წერს გია მურღულია.
⭕ასევე დაგაინტერესებთ: