Digest Logo

„შეგიძლიათ სკამიდან ხელების დაუხმარებლად ხუთჯერ წამოდგეთ?“ - ნატა გაგუა გვასწავლის, როგორ შევამოწმოთ კუნთოვანი ძალა

1793717279
ნატა გაგუა

ექიმი ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განმარტავს, კუნთოვანი ძალის დაქვეითების შესაძლო ნიშანზე საუბრობს.

მისი თქმით, ასაკის მატებასთან ერთად სხეულის წონა შეიძლება უცვლელი დარჩეს, კუნთოვანი ძალა და ძვლის სიმკვრივე კი შემცირდეს.

ნატა გაგუა გვასწავლის, როგორ შევამოწმოთ კუნთოვანი ძალა:

„შეგიძლიათ სკამიდან ხელების დაუხმარებლად ხუთჯერ წამოდგეთ?

თუ ხუთჯერ წამოდგომას 15 წამზე მეტი სჭირდება, ეს კუნთოვანი ძალის დაქვეითების შესაძლო ნიშანია.
ნორმალური წონა ძლიერი კუნთებისა და ჯანმრთელი ძვლების გარანტია არ არის.

ასაკთან ერთად სხეულის წონა შეიძლება უცვლელი დარჩეს, კუნთოვანი ძალა და ძვლის სიმკვრივე კი შემცირდეს. ოსტეოპენიის ან ოსტეოპოროზისა და სარკოპენიის ერთდროულ არსებობას ოსტეოსარკოპენია ეწოდება. სარკოპენია კუნთოვანი ძალისა და მასის შემცირებას გულისხმობს.

თუ 60 წელს გადაცილებული ხართ ან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში იმყოფებით, ეს ტესტი თქვენთვის განსაკუთრებით აქტუალურია.

ხშირად ვხვდები ქალებს, რომელთა წონა ნორმის ფარგლებშია, მაგრამ სკამიდან წამოდგომისას ხელებს ეყრდნობიან. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო სირთულე შეიძლება კუნთოვანი ძალის დაქვეითების ადრეული ნიშანი იყოს.

როგორ შევამოწმოთ კუნთოვანი ძალა?

სარკოპენიის სკრინინგის ერთ-ერთი მეთოდია სკამიდან ხუთჯერ წამოდგომის ტესტი.
გამოიყენეთ დაახლოებით 43–47 სმ სიმაღლის სკამი, რომელიც მყარად დგას და არ სრიალებს. დაჯექით, ხელები გულზე გადაიჯვარედინეთ და წამოდექით, შემდეგ ისევ დაჯექით. გაიმეორეთ ხუთჯერ ზედიზედ. წამმზომი ჩართეთ პირველი წამოდგომის დაწყებისას.

თუ ტესტის შესრულებას 15 წამზე მეტი დასჭირდა, გაესაუბრეთ პირად ექიმს კუნთოვანი ძალისა და მასის შესაფასებლად.

ხელის მოჭერის ძალა მეორე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. EWGSOP2-ის ევროპული კონსენსუსის მიხედვით, დინამომეტრით გაზომილი 16 კგ-ზე ნაკლები მაჩვენებელი ქალებში და 27 კგ-ზე ნაკლები მამაკაცებში კუნთოვანი ძალის დაქვეითებაზე მიუთითებს.

ეს ტესტები სკრინინგისთვის გამოიყენება და საბოლოო დიაგნოზს არ ადგენს. სარკოპენიის დასადასტურებლად საჭიროა კუნთოვანი მასის შეფასება, მათ შორის DXA-ით (ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრიით). ძვლის მინერალური სიმკვრივეც ამავე მეთოდით ფასდება.

შემდეგ პოსტში, თუ სურვილი გექნებათ, დავწერ ცილის შესახებ: რამდენი გვჭირდება ასაკის მატებასთან ერთად და როგორ მივიღოთ საკვებიდან“, - წერს ნატა გაგუა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ვინ იყო კაცი, რომელიც თელეთში ავარიას ემსხვერპლა - „4 მცირეწლოვანი დარჩა ობლად“

⭕„მეტად იქნებით მომართული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელისთვის

⭕როგორ დავმუხტოთ ნოემბერი ჯანმრთელობაზე, სიყვარულზე, სითბოსა და ბედნიერ მოვლენებზე! ✨

✕