Digest Logo

შეიძლება, თვეში 15 კგ დაიკლოთ - მარშანიას 19-გვერდიანი არგუმენტი კეტოდიეტის წინააღმდეგ

1603896669
არჩილ მარშანია - ექიმი

ექიმი არჩილ მაშანია კეტოდიეტის საზიანო შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. მედიკოსი აღნიშნავს, რომ კეტოდიეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, დიეტის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარე კი დიეტაზე მყოფთათვის უცნობია.

მარშანია საერთაშორისო სამედიციონო ორგანიზაციების მიერ დადებულ დასკვნებს ასაჯაროებს და წერს თუ რა უარყოფითი შედეგები შეუძლია მოუტანოს ადამიანს „კეტო დიეტამ“ და როგორ მოქმედებს ის ორგანოებზე.

ექიმ არჩილ მარშანიას პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„კეტოდიეტა ანუ კეტოზში ვინ ხართ ჩემებიიიი?

(ეს ორი სათაური რათ უნდა, მაინც ვერ გავიგე)

გაფრთხილება: დიდი ტექსტი!

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ წონაში კლება რთულია, თუმცა არსებობს რეჟიმი, რომელიც სასწაულებრივად დაგაკლებინებთ 10 – 15 კგ-ს თვეში! კიბატონო, მას კეტოდიეტა ეწოდებდა.

კეტო დიეტა უკვე თითქმის 100 წელია, რაც გამოიყენება, ერთ-ერთი პირველი და წარმატებული გამოყენება კეტო დიეტას ჰქონდა იმ ბავშვების სამკურნალოდ, რომელთაც ეპილეფსია აღენიშნებოდათ. კეტოდიეტა სასარგებლოა დიაბეტისთვისაც, მაგალითად ერთ-ერთი მეტა-ანალიზი (Huntriss R, CampbellM, Bedwell C. The interpretation and effect of a low-carbohydrate diet in themanagement of type 2 diabetes), რომელიც მოიცავდა 2204 პაციენტზე ჩატარებულ 18 კვლევას, გვაჩვენებს, რომ მისი გამოყენებისას გამოიკვეთა გლიკოზირებული ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი შემცირება 1 წლის მანძილზე!

ცალსახაა კეტოდიეტის დადებითი გავლენა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზეც, კვლევით, რომელიც მოიცავდა დაბალ ნახშირწყლოვან დიეტაზე მყოფ ჯანმრთელ მოხალისეებს ნანახი იყო საერთო T4-ისა (59.2 ± 11.2 nmol/L vs 66.4 ± 12.2 nmol/L) და თავისუფალი T4-ის ინდექსების (19.2 ± 3.4 vs 21.6 ± 4.6) მნიშვნელოვანი მატება საწყის მონაცემებთან შედარებით.

დასკვნა: ამიტომაც კეტოდიეტა ერთ-ერთი უსაფრთხო და ეფექტური ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც მოგაშორებთ ჭარბ წონას და იქნებით ჯანმრთელები!

არა, არ გავგიჟებულვარ და არა, ცხადია ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს და დასკვნაც არის ბოდვა, მიუხედავად იმისა, რომ შესავალში დაწერილი არც ერთი წინადადება ცალკე აღებული, არ არის ტყუილი.

აბა როგორ? - შეიძლება დაგებადოთ შეკითხვა, როგორ და ძალიან მარტივად, ამას ქვია მანიპულაცია, ნახევრად სიმართლე და მხოლოდ მე რაც მაწყობს, იმ მხარის გამომზეურება და დასკვნის არასწორი ინტერპრეტირება.

მსგავს ხრიკებს მუდმივად ვხვდებით, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, როდესაც კეტოდიეტაზე (ან ნებისმიერ კომერციულ დიეტაზე) მიდის საუბარი.

ახლავე აგიხსნით რატომ არის ეს ყველაფერი ბოდვა და როგორ მოვახდინე მანიპულაცია ისე, რომ თითოეული ცალკე აღებული წინადადება არ წარმოადგენს ტყუილს. საქმე იმაშია, რომ ნახევრად სიმართლე მოგიყევით და შემდეგ დასკვნა შევაკოწიწე როგორც მინდოდა - ისე.
მოდი ახლა გავშრიფროთ ეს ყველაფერი:

კი ბატონო, კეტოდიეტით შეიძლება თვეში 10 – 15 კგ დაიკლოთ, ბევრი რამით შეიძლება დაიკლო ასე სწრაფად, თუმცა ის აღარ გითხარით, რომ რეალურად წონის ჯანსაღი კლება უნდა იყოს 0,5 – 1კგ კვირაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმის შანსი, რომ სწრაფადვე მოიმატოთ, იზრდება. სამაგიეროდ მარკეტინგულად კარგად ჟღერს და სანახავადაც მშვენიერია სწრაფი ტრანსფორმაცია;

100 წელი კი არის რაც გამოიყენება კეტოდიეტა, მაგრამ, მეტაბოლური თერაპიის სახით გამოიყენება და არა ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. ეპილეფსიაც რომ ვახსენე, კეტოდიეტა არა მისი რუტინული მკურნალობაში, არამედ რეფრაქტერული (წამალრეზისტენტული) ეპილეფსიის დროს გამოიყენება, ისიც იშვიათ შემთხვევებში და მკაცრი კონტროლით, რადგან მას დადასტურებულად ვიცით რომ აქვს ბევრი გვერდითი მოვლენა, 10 წლიანი კვლევის შედეგები აჩვენებს რომ 68% გამოხატული იყო ყაბზობა, ადეკვატური ბალანსირებული მაკრონუტრიენტების მიღების პრობლემა. სხვა 6 თვიანმა კვლევამ აჩვენა ძვლის მინერალური ცვლილებები კეტოდიეტის ფონზე, ბავშვებს განაწყობს ჰიპოთირეოზისკენ, ძვლოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბება სათანადოდ შეიძლება არ მოხდეს და ა.შ.

შემდეგ ჯადოსნურ სიტყვა „კვლევა“ ვახსენე და მეტაანალიზი, თუმცა არ გითხარით დეტალები, ის, რომ 18 კვლევიდან მხოლოდ 7 აფასებდა კეტოგენური კვების გავლენას გლიკოზირებული ჰემოგლობინის ცვლილებაზე, არც ის გითხარით, რომ ავტორებმა შენიშნეს, რომ 18-დან 15 კვლევას ჰქონდა მიკერძოების მაღალი რისკი და არც ის, რომ გლიკოზირებული ჰემოგლობინის ცვლილება კორელაციაში იყო დიეტის მიმართ დამყოლობასთან (შესრულების სირთულე/ადაპტაცია). კეტოგენური დიეტის ეფექტიანობა გლიკემიის კონტროლის თვალსაზრისით შესაბამისობაში იყო ხანმოკლე პერიოდში, თუმცა ხანგრძლივ პერიოდში ეს შესაბამისობა იკარგებოდა.
არც ის გითხარით, რომ სხვა 1 წლიან რანდომიზებულ კონტროლირებულ კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო დიაბეტით დაავადებული 105 პაციენტი, ერთმანეთს შედარდა კეტოგენური დიეტა და დაბალ ცხიმოვანი დიეტა, სადაც არ იყო ნანახი გლიკოზირებული ჰემოგლობინის მნიშვნელოვანი შემცირება 1 წლის შემდეგ [Davis NJ, et al. Comparative study of the effects of a 1-year dietary intervention of a low-carbohydrate diet versus a low-fat diet on weight and glycemic control in type 2 diabetes. Diabetes Care. 2009;32(7):1147–52 (An important RCT showing the shortterm benefits of KD in glycemic control), შემცირება ნანახი იყო პირველი 3 თვის მანძილზე. თუმცა გლიკოჰემოგლობინის შემცირება არ იყო შენარჩუნებული ხანგრძლივ პერიოდში, რაც უკავშირდებოდა დიეტის მიმართ ცუდ დამყოლობას.

იმაზე ხო საერთოდ ხმა არ ამომიღია, რომ კეტოგენური დიეტის გამოყენება დიაბეტის მქონე პაციენტებში კი შესაძლოა იყოს სასარგებლო, თუმცა რაც ზღუდავს კეტოგენური დიეტის პოტენციალს, არის ისევ და ისევ ცუდი დამყოლობა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების კვლავ გაჩენა საკვებ რაციონში.

ასევე არსებობს სხვა კითხვის ნიშნები დიაბეტის დროს კეტოგენურ დიეტასთან მიმართებაში:

  • ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის ცვლილების საკითხი, რომელიც საჭირო ხდება კეტო დიეტის დაწყებისთანავე;
  • ჰიპოგლიკემიის რისკი, თუკი არ მოხდა ანტიდიაბეტური წამლების შესაბამისი ტიტრაცია;
  • სიცოცხლისთვის საშიში კეტოაციდოზი და კეტოგენური დიეტის ეფექტები თირკმლის ფუნქციაზე.

იქვე როდესაც დიდის ამბით გახარეთ, რომ ცალსახაა კეტოდიეტის ფარისბრი ჯირკვლის ჰომონებზე დადებითი გავლენა-მეთქი, ცხადია კვლევა რომელიც მოვიშველიე ბოლომდე არ გაგაცანით. არ გითხარით, რომ ეს კვლევა 12 ადამიანზეა ჩატარებული და მისი ხანგრძლივობა მხოლოდ 6 კვირა იყო, არც ის ვახსენე, რომ ამ მონაცემების ინტერპრეტაცია სიფრთხილით უნდა მოხდეს, რამდენადაც ამ კვლევაში არ განსაზღვრულა T3-ისა და T4-ის უშუალოდ თავისუფალი ფრაქციები. მეტიც, კეტოგენური დიეტა დანიშნული პედიატრიული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ წამლების მიმართ რეზისტენტული ეპილეფსია, პირიქით განაწყობს ბავშვებს ჰიპოთირეოზის განვითარებისკენ. კვლევამ (Kose E, et al. Changes of thyroid hormonal status in patients receiving ketogenic diet due to intractable epilepsy. J Pediatr Endocrinol Metab. 2017;30(4):411–6 (Pediatric study that has reported a risk of hypothyroidism with long-term use of KD) აჩვენა ჰიპოთირეოზის რისკი ასეთ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ ხანგრძლივ კეტოგენურ დიეტაზე. ჰიპოთირეოზი დიაგნოსტირდა 120-დან 20 პაციენტში პირველი წლის მანძილზე, რომელიც საჭიროებდა ლევოთიროქსინით ჩანაცვლებას და საერთოდაც ზოგადად ლიტერატურა, რომელიც შეისწავლის კეტოგენური დიეტის გავლენას ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე მწირია და არაფერი ცალსახა მანდ არ არის!

რაც ყველაზე მთავარია, გელაპარაკეთ ერთი, ნახევრად სიმართლე, მხოლოდ დადებითი ინფორმაციები მოგაწოდეთ და დასკვნა საერთოდ მეორე გავაკეთე, იქ ჩამოწერილი ფაქტები რა შუაშია საერთოდ ჯანსაღ ცხოვრების წესთან რომელიც დასკვნაში დავწერე?!

ხოდა მოკლედ, ალბათ ბევრის წერა მომიწევს იმისთვის, რომ „კეტო დიეტის“ სახელით ცნობილ ისტერიასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი.

მაგრამ თქვენთვის, ვისაც გაიტერესებთ სად ცდებიან ფეისბუქსერტიფიცირებული დიეტოლოგები, ვეცდები ის არგუმენტები და სარეკლამო ლოზუნგები სათითაოდ განვიხილო, რასაც მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა კეტოდიეტის სიჯანსაღის დასამტკიცებლად მაინც იყენებენ.
ასე რომ grab the f*king popcorn და ჩაუჯექით.

თუმცა, სანამ „კეტოზე“ დავიწყებთ დისკუსიას, რაღაცებზე უნდა შევთანხმდეთ, ისეთ ბაზისურ საკითხებზე როგორიც არის შემდეგი:

თუ სამეცნიერო თემაზე ვსაუბრობთ მტკიცებით ფორმაში, უნდა გვქონდეს ამის დამადასტურებელი მაღალი სანდოობის სამეცნიერო ფაქტი და მტკიცებულება;

მტკიცების სიმძიმე აწევს მას, ვინც დადებით განცხადებას აკეთებს და არა უარყოფითს.
ანუ თუ ამბობ, რომ რაღაც არსებობს, უნდა დაამტკიცო, რადგან 'არარსებობის ფაქტი' შინაარსობრივად აბსურდია, თუ არ არსებობს, ე.ი. არ არსებობს და რა ფაქტი და მტკიცებულება უნდა ამას? (კითხვა რიტორიკულია);

სამეცნიერო მეთოდი არ ითვალისწინებს 100%-იან სიზუსტეს. მაგალითად, სამცნიერო მეთოდით 100% იმის მტკიცებაც ვერ მოხდება, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. თუმცა ამის გამო ტერმინის ''არ არსებობს'' გამოყენების შიში არის არაადეკვატურობა.

მე არ მეშინია მაგის თქმა მაგალითად, ა ბატონო,
სანტა კლაუსი არ არსებობს. არც ვარდისფერტრაკიანი მწვანეთვალება ბეგემოტი არსებობს კოსმოსში. Problem?;

თეორია, რომელიც კლინიკური კვლევებით და ცდებით არ დასტურდება,
მცდარია;

„რეკომენდაცია“ არის სხვა და „კვლევა“ არის სხვა. ერთი ან თუნდაც ორი კვლევის საფუძველზე რეკომენდაციები არ იცვლება;

ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ შინაარსობრივად „ჯანსაღი“ არის სხვა და „ეფექტური“ არის სხვა.

ანუ, „ვუუაიმეეეე მე ეფექტურად დავიკელი, რას ამბობ ჯანსაღიაა შენთავსფიცაუაარ!“ წინადადება არის ბოდვა.
ეფექტურად დაიკლებ წონაში თუ მაგალითად, მხოლოდ 3 ცალ ლოკოკინის ნიჟარას შეჭამ, დღეში ერთხელ, 500 გრ მკვდარ სალამანდრას გამომშრალ კუდთან ერთად და ჭარბთმიანობასაც ძალიან ეფექტურად დაძლევ ქიმიოთერაპიით.

და რა მერე? სალამანდრას კუდია ჯანსაღი თუ ჭარბთმიანობის გამო ჩატარებული ქიმიოთრაპია? (კითხვა რიტორიკულია)

ძაან თუ არ შეგაწუხებთ (მაინც ჩემხელა ტექსტი გაქვთ წასაკითხი), იმაზეც შევთანხმდეთ, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები და მეცნიერება ზოგადად, განვითარდა ისე, რომ ვიცით უკვე, პირადი გამოცდილება/მოსაზრება არის სანდოობის ყველაზე დაბალი კრიტერიუმი და ობიექტური ანალიზისთვის საჭიროა ობიექტური, ფართომასშტაბიანი სურათის დანახვა, ანუ სტატისტიკა და სწორად ჩატარებული კვლევები.
ანუ წინადადება „რავიცი გენაცვალე 20 წელია სიგარეტს ვეწევი და კიბო არა მაქვს, ჩემ გარშემო გრიპით არავინ მომკვდარა და ჩემ გარშემო გენაცვალე დობორჯგინიძესთვის ხმა არავის მიუცია, საიდან მოიტანე ეგ, ტყუილია!“ არის ბოდვა და არ ნიშნავს იმას, რომ სიგარეტი კიბოს რისკებს დრამატულად არ ზრდის ან გრიპით არავინ კვდება ან დობორჯგინიძეს ამომრჩეველი არ ყავს.

ობიექტური მსჯელობისას არავის აინტერესებს ჩვენი პირადი გამოცდილება/მოსაზრება, თუ მას არ ამყარებს ობიექტური ფაქტები და სანდო სტატისტიკა.

მედიცინაში სანდოობის ყველაზე დაბალის საფეხურია - ექსპერტის მოსაზრება;

და ბოლო შესათანხმებელი ამბავი: ჯანსაღ კვებას, სიმსუქნეს, მის პრობლემებს, რისკებს და აღმფხვრის მეთოდებს სწავლობს მეცნიერება, კონკრეტულად მედიცინა, მისი სხვადასხვა დარგები (სპორტული მედიცინა, დიეტოლოგია, გასტროენტეროლოგია, ბარიატრია, ენდოკრინოლოგია და ა.შ.).

ვინც ამ (ზემორე ჩამოთვლილ) ელემენტარულ თემებზე ვერ (ან არ) მეთანხმდებით და „ბოდვა“ როგორც ტერმინი, მაინცდამაინც შერუაცხყოფა გგონიათ, შეგიძლიათ არ გააგრძელოთ სტატუსის კითხვა, არ არის ეს ტექსტი თქვენთვის განკუთვნილი, (თან იმხელაა დაგაწყდებათ ნერვები, მარა მამენტ წონაში კი შეიძლება დაიკლოთ სანამ ბოლოში გახვალთ) ასე რომ, განაგრძეთ კარაქიანი ყავის სმა და კეტომეგობრულ ვაიფაიზე კეტორაციონების ძებნა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და აქვე დაგემშვიდობებით:
არივედერჩი

ხო დარჩენილებს მოგესალმებით. რა ხდება ახლა...

მოდი სულ თავიდან დავიწყოთ.

თავიდან იყო არაფერი. დროც კი არ არსებობდა, იყო ბნელი და უკუნი და...

ანდა, ასე თავიდანაც არ გვინდა, კაი.

იმის გამო, რომ ძალიან ხშირად (თუ ყოველთვის არა), ვხვდებით მარტივ ინტერპრეტაციებს და სიტყვების თამაშს, მაგალითად როდესაც დასვამ კითხვას „ვინ თქვა რომ ჯანსაღია“, გპასუხობენ „რას ქვია ვინ?! ეფექტურია!“. „ვინ თქვა რომ ცხოვრების წესია“-ზეც დაახლოებით ასეთი პასუხია, რომ „ეფექტურია კაცო და აგერ კვლევაც არსებობს“, სინამდვილეში კი როგორც ზემოთ შევთანხმდით „ჯანსაღი ცხოვრების წესი“, „კვლევა“, „რკომენდაცია“ და „ეფექტურია“ სულ სხვადასხვა შინაარსის მატარებელი ტერმინებია. ამიტომ, ჯერ მემგონი აჯობებს განვსაზღვოროთ პრობლემა, სად არის პრობლემა კეტოდიეტის შემთხვევაში.

კეტოდიეტის პრობლემა:

1 - კეტოდიეტას წარმოადგენენ როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესს და რუტინას, იმის ფონზე, რომ არ არსებობს ამის არც ერთი, არც თეორიულ და არც კლინიკურ კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულება;

2 - კეტოდიეტას მიყვება ყველა, სიმსუქნის ხარისხის მიუხედავად, ანუ ოდნავ მომატებული რო აქვს და „რაღაც ფორმები არ მომწონს“ ადამიანები, მარტივ გამოსავალს მოკლე დროში მიღებულ სწრაფ კლებაში ხედავენ;

3 - ხანგრძლივ პერსპექტივაში კეტოდიეტას გვისახავენ უსაფრთხოდ, მაშინ როცა არ არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები და რეკომენდაციები;

4 - როდესაც ითხოვ რეკომენდაციას, გაჩვენებენ კვლევას;

5 – უმეტესწილად გვთავაზობენ დადებითი შდეგების მქონე კვლევებს როდესაც აკეთებენ მის რეკლამას.
ამიტომ ვეცდები მეორე უარყოფითი მხარე უფრო დაგანახოთ, თუმცა დავიწყოთ ისტორიით.

რაც შეეხება კეტო (და არამარტო) დიეტის ისტორიას:

შიმშილობას და კვებითი ჩვევების/რაციონის სხვადასხვა ვარიანტებს, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 500 წლით ადრე ცდიდნენ ეპილეფსიის სამკურნალოდ. მეოცე საუკუნის ოციან წლებში კი, ერთ-ერთი პირველმა რასელ ვილდერმა გამოიყენა „კეტოგენური დიეტა“ ეპილეფსიის სამართავად და ეს ტერმინიც მან დაამკვიდრა.

მას შემდეგ, მისი მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე, კვების ეს ტიპი, უფრო და უფრო პოპულარული გახდა ეპილეფსიის მართვაში.

კლასიკური „კეტოგენური დიეტა“ რაციონში მოიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, ადეკვატურ რაოდენობა პროტეინს (1 გრ/კგ) და ძალიან დაბალი რაოდენობის ნახშირწყლებს, რაც ორგანიზმში იწვევს შიმშილის მსგავს მეტაბოლურ ცვლილებას.

ამ დროს პლაზმაში კეტონების, გლუკაგონის, ინსულინის, გლუკოზის და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების ცვლილებები, შესაძლოა,დაიწყოს რამდენიმე საათშიც და იყოს საკმაოდ ძლიერი.

კონკრეტულად რომელი ცვლილება ახორციელებს კრუნჩხვის საწინააღმდეგო ქმედებას ეპილეფსიების დროს, ჯერ კიდევ უცნობია (ნუ არის რაღაც თეორიები, მარა არ გვინდა ახლა მაგაზე), თუმცა დიდი ალბათობით ეს ეფექტი მულტიფაქტორულია.

მაგრამ მას შემდეგ ხო გამოხდა ხანი? გამოხდა!

ხოდა, დროთა განმავლობაში მედიცინა განვითარდა, მივიღეთ კრუნჩხვის საწინააღმდეგო ეფექტური პრეპარატები და თანამედროვე ეპოქაში მსგავსი მკაცრი და სტრესული დიეტის როგორიც არის კეტოდიეტა, ხშირად დანიშვნის საჭიროება აღარ არის.

მკაცრი შეზღუდვების და მისი გვერდითი ეფექტების (კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ, გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ, ზრდის შეფერხება, ძვლის სტრუქტურის დაზიანება, შარდკენჭოვანი დაავადებები) გათვალისწინებით, განსაკუთრებით ბავშვებში, იშვიათად ნიშნავენ და ისიც სპეციფიკურ შემთხვევებში, მაგალითად წამალრეზისტენტული ეპილეფსიისას, ისიც იმ დიეტოლოგის და ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, ვისაც ამ თერაპიის განხრით აქვს გამოცდილება და ცოდნა.

და ნუ მერე, კეტოდიეტის ამბავი გაგრძელდა როგორც ზოგადად ხდება ხოლმე რა (ყოველთვის ასე ხდება, შეგიძლიათ გაიხსენოთ სხვადასხვა ისტერიები და ჩაციკვლები დიეტებზე ან რაღაც ვითომ ჯანსაღ პროდუქტებზე, იმუნომასტიმულირებლად ან წონის კლების იდეალურ ფხვნილად რომ ასაღებენ, გაიხსენეთ მათი პოპულარიზაციის ტალღები და ისტორია, პრინციპი ყველგან ერთია), ვინმე სელებრითს დასჭირდება რაღაც, გააპიარებს და ეს რაღაც მერე სულ სხვა გეზს აიღებს, და ბოლოს ქსელური მარკეტინგის ბიზნესად იქცევა ხოლმე.

იგივე მოხდა კეტოს შემთხვევაშიც:

ოთხმოცდაათიანების მიწურულს ჰოლივუდელი პროდუსერის, ჯიმ აბრაჰამსის შვილს დაუდგინდა მძიმე ეპილეფსია, რომელიც გააკონტროლეს კეტოგენური დიეტის თერაპიით, მან შემდეგ შექმნა ფონდი, მერე ეს ფონდი გაპიარდა, ფონდი აფინანსებდა კეტოგენური დიეტის თერაპიების კვლევებს, მერე დადიოდნენ შოუებში, კეტოგენურ დიეტაზე გადაიღეს ფილმი მერილ სტრიპის მონაწილეობით და საბოლოოდ სადღაც 2010სკენ მოდური დიეტა გახდა მოსახლეობაში, ოღონდ წონის კლებისთვის. და ნუ იქ იყო მთელი ამბები მერე, „ეს მეთოდი კიბოს არჩენს ძმაუუ“ და „შიმშილობის სასწაული“ და ასე...

მოკლედ, კეტოგენური დიეტის „ჯანსაღი ცხოვრების წესად“ ქცევის და წონის კლებისთვის გამოყენების ტრენდი შედარებით ახალი კონცეფციაა, რომელიც წამალრეზსტენტული ეპილეფსიის კუპრებით დაიწყო.

რა არის კეტოზი:

ჯანმრთელ ორგანიზმში ქსოვილების უმეტესობისთვის გლუკოზა წარმოადგენს ენერგიის პირველად წყაროს – ანუ ის არის ძირითადი საწვავი. კვების შემდეგ გლუკოზის დონის მატებას სისხლში მოყვება ინსულინის გამოყოფა პანკრეასიდან. რაც იწვევს გლუკოზის გადასვლას უჯრედებში და ამით ინსულინი ახდენს შაქრის დონის ნორმალიზებას სისხლში.

უჯრედებში გადასული გლუკოზა იშლება და წარმოქმნება პირუვატი და ატფ-ის ენერგია.
ხოლო როდესაც ხდება ნახშირწყლოვანი საკვების ჭარბი* მოხმარება, ინსულინის კონცენტრაცია იმატებას სისხლში. ინსულინი თავის მხრივ მიმართავს გლუკოზას და ცხიმოვან მჟავებს დამარაგებისკენ და არა მოხმარებისკენ, შესაბამისად საბოლოოდ ვიღებთ წონის მატებას.

თუკი მოხდა ისე, რომ კანმოკლე შიმშილი მოუწია ადამიანს, გლუკოზის (ანუ ძირითადი საწვავის) დონის შენარჩუნება სისხლში ხდება გლიკოგენის (ორგანიზმში მარაგად შენახული გლუკოზის ფორმა) მეშვეობით, როდესაც ის იშლება გლუკოზად.

ხოლო თუკი გაჭირვების ჟამისა და უბედურების ზარმა, უფრო დიდად ჩამოჰკრა და შიმშილი არა ხანმოკლე, არამედ ხანგრძლივია, აქ უკვე იწყება, სერიოზული ცვლილებები, მეტაბოლური ცვლილებები (ასევთქვათ გადარჩენის მექანიზმი, გეგმა „ბე“, იმის გამო, რომ ორგანიზმმა დაკარგა ენერგიის ძირითადი წყარო).
ამ დროს მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმი გლუკოზის ნაცვლად ენერგიის წყაროდ იყენებს ღვიძლში წარმოქმნილ კეტონებს, რომლებიც მიღებულია ცხიმის „წვის“ შედეგად, ანუ მარაგში არსებული ცხიმის გამოყენება ხდება გადარჩენისთვის. ამ პროცესს შესაძლოა თან ახლდეს, სისუსტე, თავის ტკივილი, გულისრევა, დეჰიდრატაცია, თავბრუსხვევა, გაღიზიანება, პირიდან აცეტონის სუნი.

უნდა აღინიშოს ისიც, რომ კეტონები ნორმალურ მდგომარეობაშიც წარმოიქმნება და ის უზრუნველყობს მთელი ენერგიის მხოლოდ 2 – 6%.

რას გვაჩვენებს კვლევები:

რეალურად გაურკვეველია, რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს კეტოგენურ დიეტას ხანგრძლივ დროში. არსებობს კვლევები, რომლებიც ხაზს უსვამს მის რისკებს, ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც ხაზს უსვამს, რომ მოკლე დროში ის უსაფრთხოდ შეიძლება იქნას გამოყენებული.

მიუხედავად მრავალი კვლევისა, რომელიც ადასტურებს კეტოგენური დიეტის სარგებელს, მეტაბოლური დარღვევების სამკურნალოდ, მიმდინარეობს აქტიური დებატები იმ მექანიზმების შესახებ, თუ რა უწყობს ხელს წონაში კლებას და ასევე თუ რამდენად უსაფრთხოა ნახშირწყლების ხანგრძლივი პერიოდით შეზღუდვა საკვებ რაციონში და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი მიმდინარეობს მის კლინიკურ პრაქტიკაში გამოსაყენებლად, სხვადასხვა მეტაბოლური დარღვევების დროს კეტოგენური დიეტი გამოყენება/არ გამოყენების შესასწავლად და რისკისა და სარგებელის შესაფასებლად და არა საზაფხულოდ პლაჟისთვის „უცფათ-უცფათ“ ტანის „მოსახოდად“ ან ცხოვრების ჯანსაღ წესად გამოსაცხადებლად, როგორც ამას „კეტო გურუები“ გვამცნობენ ხოლმე.

კეტოდიეტის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის მისი შენარჩუნება („რავიცი ძმაო მე კი არ მიჭირს და’’ თუ გაგიელვა თავში ახლა, ზემოთ, დასაწყისში შეთანხმებები წესიერად არ წაგიკითხავს ეტყობა, თორე წესით აქამდე არ უნდა იყო ჩამოსული).

ის რთულია, რადგან კვების რაციონში რადიკალური ცვლილება ხდება და ხდება ასევე რადიკალურად განსხვავებულ რეჟიმზე გადასვლა, რაც ძალიან შემზღუდავია.

დიეტის შეწყვეტის შემდეგ, დგება რისკი წონის ისევ მომატებისა. არ არსებობს ერთი კონკრეტული მკაცრი რეჟიმი რომელიც მოერგება ყველას, ძირითადი სირთულე მისი ხანგრძლივი შენარჩუნებაა, რასაც მაგალითად 2009 წლის კვლევაც ადასტურებს, რომელიც the New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა და აჩვენა, რომ ყველაზე ეფექტური იყო ჯანსაღი და მარტივად შენარჩუნებადი დიეტები, მიუხედავად რაციონის შემადგენლობისა. ამიტომაც არ არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკომენდაციებში, არც ერთი მკაცრად შემზღუდავი დიეტა.

ყოველდღიური აქტივობის დაახლოებით 40% ხდება გაუთვითცნობიერებლად, ასევთქვათ ჩვევების დონეზე, შესაბამისად ნებისმიერი ცვლილება კვებით ჩვევებში უმჯობესია ჯანსაღი იყოს, ბალანსირებული და მარტივად შესრულებადი, რომ მარტივად გადავიდეს ჩვევაში და იყოს მუდმივი. „დიეტაზე ჯდომა“, განსაკუთრებით შემზღუდავი დიეტები ამ ფუფუნებას არ იძლევა, მუდმივ ფიქრს და მონიტორინგს გულისხმობს „რა ვჭამო“-ს გარშემო და შესაბამისად რთულად შესასრულებელია.

2018 წელს BBC-მ ჯანმრთლობის სექციაში ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სელებრითებთან ასოცირებული 5 დიეტის სია, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ. ერთ-ერთი იყო კეტოგენური დიეტა (ერთი სიცოცხლე გავათავე, ეს რო გევიგე!), რადგან შესაძლოა ის ხანმოკლე პერიოდში იყოს ეფექტური, თუმცა არასრულფასოვანი რაციონის და მკაცრი შეზღუდვების გამო, შენარჩუნება ძნელია და ასევე ჯანმრთლეობაზე უარყოფითი გავლენის რისკებიც არსებობს.

2018 წლის გლაზგოს უნივეერსიტეტის სისტემურმა მიმოხილვამ გაზარდა ეჭვები კეტოგენური ისეთ პოტენციურ რისკებზე, როგორიც არის ენცეფალოპათია, ოპტიკური ნერვის ნეიროპათია და შფოთვითი აშლილობები.
ბრიტანეთის ეროვნული სამედიცინო სისტემის ვებგვერდზე შეგვიძლია ვნახოთ განმარტებები და რისკები, რომელიც დაკავშირებულია დაბალნახშირწყლოვან დიეტებთან, ისეთი როგორიც არის, მაგალითად არასრულფასოვანი კვება/ მალნუტრიცია.

საინტერესოა The Lancet-ში გამოქვეყნებული პროსპექტული კოჰორტული კვლევა და მეტაანალიზი, სადაც შესწავლილი იქნა 15 428 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარებული კვლევა და დამატებით 7 მულტინაციონალური პროსპექტული კვლევები.

სიკვდილიანობის მომატება ასოცირებული იყო როგორც დაბალ, ისე მარალნახშირწყლოვან მიღებასთან.

სიკვდილიანობა იზრდებოდა როდესაც ნახშირწყლების ჩანაცვლება ხდებოდა ცხოველური ცხიმებით და ცილებით, ხოლო სიკვდილიანობა მცირდებოდა როდესაც ჩანაცვლება ხდებოდა მცენარეული საკვებით.

იგივე შედეგები აჩვენა მეტაანალიზმა სადაგ განხილული იყო 20 ქვეყნის 432,000 ადამიანის ნახშირწყლების მიღების რეჟიმები და აჩვენა, რომ სადაც დაბალნახშირწყლოვანი დიეტები ჩანაცვლებული იყო ცხოველური ცხიმებით და პროტეინებით, სიკვდილიანობის რისკი იმ ჯგუფებში გაზრდილი იყო.

ხოლო თუ ხდბეოდა ნახშირწყლების მცენარელი ცხიმებით და ცილებით ჩანაცვლება - პირიქით, სიკვდილიანობის რისკები მცირდებოდა.

2020 წელს The American jurnal of medicine-ში გამოქვეყნდა ემორის და კალიფრონიის უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტების სამუშაო ჯგუფის მიმოხილვა Evaluating the Impact of Emerging Diets on the Prevention of Cardiovascular Disease, სადაც ბევრი რამ არის განხილული, თუმცა მოდი კეტო დიეტაზე შევჩერდეთ. იქ ახსნილია და აღწერილია, რომ სიმსუქნესთან დაკავშირებით კეტოდიეტით ინახა მხოლოდ ხანმოკლე შედეგი, დისლიპიდემიის შემთხვევებში ან შედეგი ხანმოკლეა ან ინახა გაუარესება და საბოლოოდ გაურკვეველია ხანგრძლივი შედეგები და ისიც, იცავს თუ არა რეალურად კეტოდიეტა კარდიოვასკულური დაავადებებისგან.

მოკლედ ეს კვლევები სადაც რისკებზეა ხაზგასმა, ყველა რომ ჩამოვთვალო, წითელ პარასკევამდე ვერ გავჩერდები და მოდი ახლა კიდევ ერთ ძლიან საინტერესო თემაზე გადავიდეთ.
მსურს განვიხილო არგუმენტები, რომელსაც მოისმენთ კეტოფილური დამოკიდებულების ადამიანებისგან, კეტოდიეტის სასარგებლოდ, იქნება ეს სოც ქსელში, ტელევიზორში, კომენტარებში, იუთუბზე თუ სხვა.

დავიწყეთ:

„ნახშირწყლები ასუქებს“- ის კი არა რო, ვთქვათ, „ბევრი ნახშირწყლები ასუქებს“, არა იიიმენა ნახშირწყლები ასუქებს, ამას მოისმენთ ყველგან.

ზოგადად ხდება „ნახშირწყლები ცუდია“ ნარატივის ჩამოყალიბება, რამაც ცხადია ხალხი დააბნია მათი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელობის, მათ შორის ჯანსაღი წონის შენარჩუნების საკითხში.

სინამდვილეში სიმსუქნის ნახშირწყალ-ინსულინის მოდელის მიხედვით, ნახშირწყლოვანი საკვების ჭარბი (ეს სიტყვა ავიწყდებათ ხოლმე „შემთხვევით“) მოხმარება, შედეგად იწვევს ინსულინის კონცენტრაციის მატებას სისხლში. ინსულინი თავის მხრივ მიმართავს გლუკოზას და ცხიმოვან მჟავებს დამარაგებისკენ და არა მოხმარებისკენ, რაც იწვევს ერთგვარ „შინაგან შიმშილს“, რომელიც გამოვლინდება გაძლიერებული შიმშილის შეგრძნებით, რასაც თან ახლავს ენერგეტიკული დანახარჯის ადაპტაციური დაქვეითება და წონაში მატება.

ხოდა, რადგან ჭარბი* ნახშირწყლები ასუქებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნახშირწყლები უნდა ამოვიღოთ სულ ანუ რადიკალური მიდგომა „ქოცი არა ხარ, ნაცი ხარ“ კი არა, ბალანსია საჭირო.

ჭარბი რაოდენობით ჟანგბადიც ტოქსიკურია, და რა, ანაერობულ მეტაბოლიზმზე გადავერთოთ ახლა და აღარ ვისუნთქოთ? (DO NOT TRY THIS AT HOME!!!)

„თუ თქვენ ვარჯიშობთ და იღებთ ნახშირწყლებს, თქვენი შრომა ფუჭია!“ - იგივე ნარატივი, რაც ზემოთ. ვვარჯიშობ და ნახშირწყლებსაც ვიღებ და 23 კგ მაქვს დაკლებული. დაიც და ანუ... აბა სად წავიდა ჩემი კილოგრამები, საიდან? როგორ გაქრა? ჩიტმა წაიღო? ჰაერმა? ეს კარი ჩაკეტილი იყო! ის კარი ჩაკეტილი იყო! უკანა ღია იყო! მეტი რა მოხდა? როგორ? რა მოქმედებაა?! რა ვითარებაა?!

ენერგიის წყარო კი არის ნახშირწყლები მაგრამ ენერგიის წყაროა კეტონებიც - კიბატონო, კიბატონო, ყველა ოგრანო კეტოზის დროს გადაერთვება კეტონებზე და მისგან იღებს ენერგიას, არავინ დავობს ამაზე, თუმცა აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ კეტოზი არის ორგანიზმის მეტაბოლური პასუხი სტრესზე (შიმშილზე) და ნახშირწყლებია ძირითადი საწვავი და თითქმის ყველა ოგანოს შეუძლია კეტონების გამოყენება ენერგიად, გარდა ღვიძლისა. კი პარადოქსია, მაგრამ ღვიძლის მიერ გამომუშავებულ კეტონებს თავად ღვიძლი ვერ იყენებს და ამის მიზეზი კი ენზიმ beta ketoacyl-CoA transferase-ს დეფიციტია, შესაბამისად ხანრგძლივი კეტოდიეტის დროს პოტენციურ რისკებში ღვიძლის პრობლემებიც შეიძლება განიხილოს.

„ღვიძლისთვის სასარგებლოა“- კონკრეტულად ეს საიდან მოიტანეს არ ვიცი, მაგრამ დაახლოებით ვხვდები რაში შეიძლება იყოს საქმე.

მიუხედავად იმისა, რომ EASL -ს (European Association for the Study of the Liver) ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მკურნალობის ერთ-ერთ(!) კომპონენტად, სხვა(!) (დაბალცხიმიანი და საშუალო/მარალნახშირწყლოვანი დიეტა, Meditterian დიეტა, მაღალპროტეინური დიეტა) დიეტურ რეჟიმებთან ერთად, კეტოგენური დიეტაც უწერია განსახილველ ალტერნატივად, ეს ყველაფერი მარტივად და შავით თეთრზე არ არის, განსაკუთრებით კეტოგენურ დიეტასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში იმიტომ, რომ მხოლოდ სპეციალისტის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგეს მაგის საჭიროება, ისიც ხანმოკლე დროით, რისკის და სარგებელის შეფასებით. მეორე კი - იქვეა თავად EASL-ს გერმანელი და იტალიელი მეცნიერების გამოხმაურებაც, სადაც ხაზგასმულია, რომ ძირითადი მიზანი არის წონის კლება და მკაცრი შემზღუდავი დიეტები კი რთულია, ნებისმიერი დიეტა უნდა იყოს ინდივიდუალურად განსაზღვრული და მაქსიმალურად დამზოგველი, რომ მივიღოთ ხანგრძლივი შედეგი, იქვე ცხადია კეტოდიეტაზეც არის საუბარი, მოდი ცოტა ინგლისურში წავივარჯიშოთ:

The large dietary manipulations of very-low-calorie, high-protein or ketogenic diets can only be accomplished for short periods and expose patients to the risk of weight regain with untoward effects on the liver.
ამის პარალელურად, მაგალითად არც NICE-ს (National Institute for Health and Care Excellence), არც AISF-ს (Italian Association for the Study of the Liver) და არც AASLD-ს (American Association for the Study of Liver Diseases) კეტოგენური დიეტა გასათვალისწინებელ რეჟიმებში არ აქვთ.

2017 წლის კვლევაში კი, რომელიც გამოქვეყნებულია Jurnal of hepatology-ში, რომელშიც ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადებისთვის სხვადასხვა დიეტური რეჟიმების ეფექტურობა იყო განხილული. 6 თვიანმა კეტოგენურმა დიეტამ აჩვენა დადებითი შედეგი (თუმცა ღვიძლის ენზიმები და ინსულინრეზისტენტობა არ შეცვლილა), იქვე უწერია, რომ გაურკვეველია შედეგის მიღწევა მოხდა უშუალოდ კეტოზის გამო თუ ზოგადად წონის კლების გამო, რადგან ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება პირდაპირ კავშირშია სიმსუქნესთან.

ხო, რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ყველაფერი არის დილემა და სამეცნიერო მსჯელობის და კვლევის საგანი კლინიკურ პრაქტიკაში და კონკრეტული პათოლოგების დროს, კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის და ცალსახა ეფექტურობა, თუ საერთო კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არსებობს. შესაბამისად არსებული მონაცემებიდან მხოლოდ დადებით შედეგების აღება და არგუმენტად გამოყენება იმისთვის, რომ ამტკიცო ‘ღვიძლისთვის სასარგებლოა’ ან მითუმეტეს რომ ‘ჯანსაღი ცხოვრების წესია’ არის სასაცილო. სად ჯანსაღი ცხოვრების რუტინული წესი ან ღვიძლისთვის სარგებელი და სად სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალო ინტერვენციები?!

„ჰარვარდის სამედიცინო სკოლას არ ვენდობი, მათი მეცნიერები შაქრის ინდუსტრიამ მოისყიდა“ - ნუ ხო გავიგეთ, გავიგეთ ეს ამბავი, ჩვენამდეც მოაღწია, ჩვენც ვუყურეთ იუთუბზე კალფორნიის უნივერსიტეტის ვიდეოს, პროფესორ ლუსტინგის მშვენიერ გამოსვლას, ვიცით.

გავიგეთ! ერთი პატარა ნიუანსია მანდ უბრალოდ, 11 წლის წინანდელი ვიდეოა და ნახევარი საუკუნის წინანდელ ამბავს ყვება!

შაქრის ინდუსტრიის მანიპულაცია ცნობილი ამბავია, ცუდი მეცნიერებაც (Bad Science) არსებობს იმის პარალელურად რაც მეცნიერება არსებობს, განსაკუთრებით მტკიცებითი მედიცინა, არაფერი განსაკუთრებული მანდ არ არის. უბრალოდ ნახევარი საუკუნის წინანდელ ამბავს იყენებენ ისე, თითქოს დღეს თანამედროვე მედიცინა ამბობს, რომ შაქარი უნდა მივიღოთ მაინცდამაინც და ფრუქტოზა დიდი რაოდენობით, არ არის ასე ბატონო, არსად შაქრის ან ფრუქტოზის დიდი რაოდენობით მიღების რეკომენდაციები არ არსებობს და შაქრის ინდუსტრიის ეგ ‘მახიანაციებიც’ ყველამ იცის უკვე. ნახევარი საუკუნის წინანდელი შემთხვევის გამო 21-ე საუკუნეში რომ ჰარვარდის სამედიცინო სკოლას არ ენდობი, რბილად რომ ვთქვათ, დიაგნოზია უკვე.

დაახლოებით იგივეა, რომ განვაცხადოთ, ლანცეტი არასანდო ჟურნალია რადგან ენდრიუ ვეიკფილდმა თავის დროზე გაყალბებული კვლევა გამოაქვეყნა იქ. ან ვთქვათ, რომ რადგან სტალინი ჯუღაშვილი იყო, ყველა ჯუღაშვილი დღეს არასანდოა რადგან ის დიქტატორი იყო და ა.შ. რა ლოგიკაა საერთოდ ვის ტვინში მოიხარშა ეს?!
(უკაცრავად ცოტა ავღელდი. კაი გავაგრძელოთ).

ერთი საინტერესო დიალოგი მქონდა, ერთ-ერთ მათგანთან ვინც განაცხადა, რომ ჰარვარდის სამედიცინო სკოლას არ ენდობა, საინტერესო ის იყო, რომ ამ განცხადების შემდეგ, ქუვეითში ჩატარებული კვლევა წარადგინა სანდოობის აპოგეად. მართლა Oh you sweet little summer child.

კაი, შემდეგი:

„კუჭს ვასვენებ“ - აი საიდან მოაქვთ ეს ტერმინები, მართლა არ ვიცი... ერთი იმის მეშინია, გულზე არაფერი იფიქრონ, სულ მუშაობს და დასვენება სჭირდებაო.

„მრავალჯერადი კვება ცუდია. ჭამეთ რაც შეიძლება იშვიათად დღეში“ – არ ვიცი რომელ რეკომენდაციაშია რომ მრავალჯერადი კვება ცუდია, პირიქით ბალანსირებული ჯანსაღი კვება რამდენიმეჯერად და ჯანსაღ კვებას გულისხმობს.

რაც შეეხება ერთჯერად კვებას და იმას, რომ მხოლოდ ერთხელ ვჭამოთ დღეში, მსგავსი რადიკალური ცვლილება დაკავშირებულია სირთულეებთან და ხანგრძლივ კარგ შედეგებთან არ არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობელმაა შიმშილის გრძნობა, რაც აისახება როგორც რეჟიმის შენარჩუნების პრობლემასთან, ისე ფსიქოემოციურ ფაქტორზე.

„მეცხრამეტე საუკუნემდე არ იყო საკვების საშუალება, მეცხრამეტე საუკუნებდე კიდე უფრო იშვიათად ჭამდნენ დღეში და აბა როგორ იყვნენ მაშინ, კუჭი არ უხმებოდათ?“-ო ამბობენ -
მსგავს „არგუმენტებს“ როცა ვისმენ, მართლა არ მჯერა ხოლმე, მარა ნუ კაი, მოდი ჰა, ვიმასლაათოთ ამაზეც.

ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ განაცხადი „მეცხრამეტე (და კიდე იმის იქით) საუკუნეში როგორ ცხოვრობდნენ“, იგივე ვარიანტია, რაც „ჩვეეენი მამა-პაპა აბა როგორ ცხოვრობდა, რით მკურნალობდა, ხიხიაა, თანამედროვე მედიცინა, ხალხურ მედიცინას მივაწვეთო“, ბალახის ფესვების ღეჭვის პროპაგანდას რომ ეწევიან ხოლმე.
როგორ ცხოვრობდნენ ძამიკო და საშინლად ცხოვრობდნენ. ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მსოფლიოში დაახლოებით 30 წელი იყო. მეცხრამეტე საუკუნემდე კიდე უფრო ცოტა იყო სიცოცხლის ხანგრძლივობა. კუჭიც უხმებოდათ და მთელის სხეულიც.

მერე ძველ საქართველოში თუ მაინცდამაინც მამა-პაპას უნდა გადავწვდეთ, პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა ყოველდღიურ რაციონში შედის, სულ რაღაც საუკუნის წინ არც იშოვებოდა. რა თქმა უნდა, კვებითი რაციონი განსხვავებული იყო სხვადასხვა სოციალური ფენისთვის, მაგრამ კეტოზე ნაღდად არავინ იყო და ცხოველური ცხიმები არ წარმოადგენდა მათ ძირითად საარსებო წყაროს.

„1 თვეში ბეეევრი დავიკელი, გიჟივით ვიკლებ ბიჯო“ - ეს „გიჟივით“ კლებაა ერთ-ერთი მთავარი კოზირი მარკეტინგში, კარგად ჩანს, ეფექტურია და მერე არავინ კითხულობს ასე სწრაფად დაკლება კარგია თუ არა? ხანგრძლივ პერსპექტივაში რა შედეგები აქვს? და ა.შ. რეკლამაა უბრალოდ მეტი არაფერი.

„გაიდლაინებს გადახედე რას ნიშნავს ამერიკა სიმსუქნისთვის“ - ეს ყველაზე საინტერესო, ნახევრადგანათლებული „რაღაცისთქმა მინდა“ კატეგორიაა.

ერთი რომ ამერიკა არაფერს არ ნიშნავს, მეტიც ამერიკა კონტინენტია და გაიდლაინები კი სამედიცინო ასოციაციებს აქვს და მეორე, მე არ ვიცი, რა გაიდლაინებზე საუბრობენ, მაგრამ გაიდლანში არის კონკრეტული მდგომარეობები და კონკრეტული მიდგომები, რომელიც არა საზოგადოებისთვის განკუთვნილი ზოგადი რეკომენდაციები, არამედ კლინიკებისთვის და ექიმებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოა, რომლის გამოყენება ხდება პროფესიონალების მეთვალყურეობის დროს. თუმცა ჩვენთან სამედიცინო განათლების მქონე ადამიანებიც ლაპარაკობენ ამ ტერმინებით, რაც სასაცილოა ცახდია, სატირალი რომ არ იყოს.
მაგრამ მოდი მაინც გული არ დავწყვიტოთ და გადავხედოთ.

მაგალითად შოტლანდიის ეროვნულ კლინიკურ გაიდლაინში, რომელიც შექმნიალია ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაციასთან და ეროვნული სამედიცინო სამსახურთან შეთანხმებით, სიმსუქნის მენეჯმენტზე მითითებულია, რომ 6 თვის პერსპექტივაში დაბალნახშირწყლოვანი დიეტები უკეთესი შედეგით ხასიათდებოდნენ, ვიდრე დაბალცხიმოვანი დიეტები, თუმცა 12 თვეზე გათვლით მათ შორის დიდი სხვაობა არ არის. 2 წლის ხანგრძლივობაში რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა აჩვენებს, რომ კალორიების შემზღუდავი ნებისმიერი დიეტა ეფექტურია და ყველაზე ეფექტურია მათშორის ის, რაც მარტივად შესასრულებელია.
კომერციული დიეტები (კეტო მაგალითად) ასოცირებული არიან ხანმოკლე წონის კლებასთან და გულსისხლძარღვთა დაავადების რისკების შემცირებასთან ჭარბწონიან ადამიანებში, თუმცა ხანმოკლედ, 1 წლის მანძლზე და მისი მონიტორინგი უნდა ხდებოდეს მუდმივად, სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

იქვე კომერციული დიეტების მიმდევრებისთვისაც არის რეკომენდაცია, თუ მაინცდამაინც აირჩევთ კომერციულს, უნდა გაითვალისწინოთ:

1 - წონის კლების რეალისტური გათვლები, როგორც წესი არსებული წონის 5 – 10% კლებაზე ორიენტირება;
2 - კვირაში მაქსიმუმ 1 კგ კლება;
3 - ფოკუსირება ხანგრძლივ ცხოვერბის წესის ცვლილებაზე და არა სწრაფ შედეგზე;
4 - გამოიყენონ მულტიკომპონენტური მიდგომა (დიეტა, ფიზაქტივობა, სხვადასხვა მიდგომები);
5 - გადაერთონ რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაზე;
6 - ჩვევითი ცვლილებები (მაგალითად დღიურის წარმოება).

შეგვიძლია ჩავიხედოთ ამერიკის გულის ასოციაციის, ამერიკის ჭარბწონიანობის ასოციაციის და ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის გაიდლაინში, სადაც გარკვევით წერია, რომ ჭარბწონიან დაბალნახშირწყლოვანი დიეტის 6 თვიანი შდეგები არ განსხვავდებოდა კალორიის შემზღუდავი დიეტების შედეგისგან.

იქვე, ჭარბი წონის მენეჯმენტის ევროპული გაიდლაინებიც ამოვქექე (არა, არ დამზარებია), იქ ამბობენ, რომ სხვადასხვა დიეტები, ისეთი როგორებიცაა დაბალცხიმიანი, დაბალნახშირწყლოვანი ან მაღალპროტეინური, არ არის უკეთესი, ვიდრე ბალანსირებული ჰიპოკალორიული დიეტა, მეტიც ბალანსირებული ჰიპოკალორიული დიეტა, რომელიც ინდივიდუალიზდება პაციენტთან და ითვალისწინებს კულტურულ სხვაობებსაც (მაგალითად ე.წ. მედიტერიანული დიეტა), უფრო მაღალი შანსია რომ იყოს ხანგრძლივ შედეგებთან დაკავშირებული.

ამ ძრომიალში ვიყავი და ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალი შემომექექა (ასევთქვათ) სადაც შეისწავლეს კოჰრეინის ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზა (2004-2014) და რომელიც ამბობს, რომ დაწყებიდან პირველი წლის პერიოდში, დაბალნახშირწყლოვან დიეტას კარგი შედეგი ჰქონდა სისხლში შაქრის კონტროლისთვის დიაბეტი ტიპი 2-ს შემთხვევაში, ხოლო ზოგადად გლიკემიის კონტროლზე, წონის კორექციაზე და ქოლესტერინის კონტროლზე დაბალნახშირწყლოვანი დიეტების რაიმე უპირატესობა არ გამოიკვეთა.

ბრიტანეთის კლინიკური გაიდლაინების ცენტრის სიმსუქნის მართვის გაიდლაინებიც შევამოწმე, თუმცა კეტოდიეტის ძეგლი ვერ ვნახე სად იდგა იქ, ვერც ბიუსტი. არ წერია.

„კეტო დიეტა კარგია თუ ჭარბი წონა ან სიმსუქნე გაწუხებთ, ანუ თქვენი BMI არის 25 და მეტი“ - აქაც ნახევრად სიმართლესთან და ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე, BMI (Body Mass Index)- არის სხეულის წონისა და სიმაღლის კალკულაცია რომლის შედეგად დგინდება რამდენად „ჯანსაღი“ წონა გვაქვს:

18,5-ს ქვემოთ დაბალი წონა;

18.5 – 24.9 - ნრომა;

25.0 – 29.9 - ჭარბი წონა;

30 და მეტი კი სიმსუქნე (სხვადასხვა კლასები).

ველგან ასე წერია კიბატონო, ბევრ კალკულატორს ნახავთ ინტერნეტში, თუმცა იქვე მიწერილი აქვს ყველას, რომ BMI არის უხეში და არაზუსტი გათვლა, ის როგორც სქეს, ასევე ასაკსენსიტიურია, გასათვალისწინებელია რასა და აქტივობის დინამიკა კვირაში, შესაბამისად ვერ აღწერს ერთი და იგივე სიმსუქნის (რაც მთავარია გაცხიმოვნების) ხარისხს სხვადასხვა ინდივიდებში, ის არ წარმოადგენს არც სიმსუქნის დიაგნოსტიკის და არც ინდივიდის ჯანმრთელობის შეფასების კრიტერიუმს, და შედეგი უნდა შეაფასოს მკურნალმა ექიმმა და მან მიიღოს გადაწყვეტილება. ერთადერთი მიზეზი მისი პოპულარობისა და გამოყენებისა არის სიმარტივე, მარტივად დასათვლელია.

მოკლედ... კიდევ რომ გავამარტივოთ, ჩემი BMI ახლა არის 28 და თუ თქვენ გგონიათ, რომ მე კეტო (ან შმეტო, რავიცი) დიეტა მჭირდება, ცუდი ამბავი მაქვს თქვენთვის.

ამონარიდი ვებგვერდიდან: „მედიცინა საერთოდ არ იყენებს კეტო დიეტას წონის დაკლებისთვის, არამედ ისეთი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ეპილეპსია და დიაბეტი. კეტო დიეტა არ არის რეკომენდებული ორსული ქალებისთვის, მეტაბოლური აშლილობის მქონე პირებისთვის. ასევე დიაბეტიანებისათვის, თირკმელებით დაავადებულებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის და ნაწლავების დაავადებების მქონე პირებისთვის.“ – აქ რა ხდება ვაბშე?! (დიაბეტს მკურნალობენ და დიაბეტიანებისთვის არ არის რეკომენდირებული).

ეპილეფსიაზე რა დროს იყენებენ ზემოთ ვისაუბრე და „დიაბეტის სამკურნალოდ იყენებენ“-ც იგივე განაცხადია, გადავხედე გაიდლაინებს და ვერ ვნახე ვერსად კეტოდიეტით მკურნალობის სპეციფიკა დიაბეტის დროს, თუმცა წონის კონტროლი, ბალანსირებული ჯანსაღი კვება და პირველ რიგში ჰიპოგლიკემიის კონტროლი ვნახე ტიპი 2 დიაბეტისას NICE-ს ბრიტანულ გაიდლაინებში.

„ვთანამშრომლობთ ექიმებთან“ - ვეღარ გავიგე ანუ... მედიცინა არ იყენებს წონის კლებითვის მარა ესენი იყენებენ. თან თანამშრომლობენ ექიმებთან. ანუ გამოდის, რომ თანამშრომლობენ ექიმებთან, რომელიც მედიცინას არ მიყვებიან. ხო ცოტა ჩაიხლართა აქ... ენივეი, კაი გავაგრძელოთ.

  • ახლა ქვემოთ მოყვანილი არგუმენტები წაიკითხეთ, ამას ამბობენ ერთი და იმავე ჯგუფის წარმომადგენლები, სხვადასხვა დროს, კომენტარებში, სატელევიზიო შოუებში და/ან რეკლამებში:
  • „ეს არის ცხოვრების წესი, ეს არ არის დიეტა, ჯანსაღი ცხოვრების წესია“ . . .
  • „ეს არ არის ის დიეტა რომ 1 -2 კგ დაიკლო, ეს დიეტაა სიმსუქნისთვის“...
  • „ძალიან გრძელვადიანი კვლევები არ გვაქვს, შესაბამისად თავს გრძელ ვადაზე ვერავინ დადებს - 1 წელი ან მეტი“– ...
  • „კეტოაციდოზით მოკვდეთ არა ის. 3-4 თვე კი არა, წლობით არის ხალხი ამ დიეტაზე“ ...
  • „როგორც ცხოვრების წესი არა, ეს არის ჭარბი წონის საწინააღდეგო რეჟიმი“-...
    კიდევ ერთხელ ნელა გადაიკითხეთ და თუ რამე გაიგეთ, მეც ამიხსენით რას ითხოვს ეს ხალხი.

„მეც ამაზე ვარ და თავს ხო არ ვავნებ“ - ეს ძაან სისაყვარლე არგუმენტია, სამეცნიერო თემებზე „მე“-ს რომ აფრიალებენ.

ეგრე ჰგონიათ ანტივაქსერებსაც, შვილებს რომ ვაქცინაციას არ უკეთებენ და სასიკვდილო საფრთხის წინაშე აყენებენ, მათაც ჰგონიათ, რომ არ ვნებენ.

ან კიდე ბიძერკაცები რომ დაგვმოძღვრავენ ხოლმე დედმამიშვილების სადღეგრძელოს მერე: ბავშვს დაალეინე კაცო სუფთა ღვინო, არაფელი მოუა, მე 20 წელია ვსვამ და ცუდი რო იყოს დავლეემდი?!
#კაიჩემოძმაო

კიდევ ერთი ამონარიდი ვებგვერდიდან:

დოქტორი ჯეფ ვოლეკი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული კვების პროფესორია. მან ისაუბრა „კეტოადაპტარებულობის“ უპირატესობებზე (დაბალ ნახშირწყლოვანი და მაღალცხიმოვანი დიეტის ხანგრძლივი გამოყენების პერიოდის შემდეგ, ე.წ. ცხიმოვანი ადაპტაცია). მან აღნიშნა, რომ ვინც არ არის კეტოადაპტირებული, შეუძლია დაწვას მაქსიმუმ 1.0 გრ ცხიმი წუთში, ხოლო ვინც კეტოადაპტირებულია (რასაც 12-18 თვე შეიძლება დასჭირდეს), შეუძლია დაწვას 1.5 გრ ცხიმი წუთში.'' -

ცხადია, არანაირი წყარო არ არის მითითებული, სად ისაუბრა ან ვინაა ეს ჯეფი ან რამე, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ ტექსტი ისეა აწყობილი და ყველაფერი იქით არის მიმართული, რომ თითქოს პატივცემული ვოლეკი კეტო დიეტების რეკომენდაციებს გასცემს და ჯანსაღ ცხოვრების წესად წარმოადგენს.

ამ შემთხვევაში გუგლი დაგვჭირდება და თუ ნახავთ ბატონი ვოლეკის პორტფელიოს, მარტივად ამოიკითხავთ, რომ ეს პატიოსანი კაცი სწავლობს დაბალნახშირწყლოვან დიეტებს და ფოკუსირებულია კეტოდიეტების კლინიკურ* ეფექტებზე, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის დროს და ასევე ათლეტებში. ვერსად ვერ ნახავთ ის ან იმას ამბობდეს, რომ კეტოდიეტა ჯანსაღი ცხოვრების წესია ან „მე კეტოელი ვარ“ ეწეროს პროფილზე.

მეტიც, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერიტეტის ვებგვერდზე კარგად თუ იპროწიალებთ, ჯანსაღი ცხოვერბის წესის რეკომენდაციებიც შეგხვდებათ, გაგიკვირდებათ და კეტოგენური დიეტის, როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის რეკომენდაციას ვერ იპოვით, მრავლად იპოვით შემოთავაზებებს დიეტოლოგთან კონსულტაციის ან ბალანსირებნული კვების, მაგრამ არა კეტოგენური დიეტის სიჯანსაღეზე სიმღერებს. მაგას ვერ ნახავთ.
იქვე ჯანსაღ კვებაზე რამეს თუ წაიკითხავთ, ასეთ რეკომენდაციასას წააწყდებით:

„ნუ მოუსმენთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არიან სოც-მედია ინფლუენსერები, ცნობად სახეები და 'ტრენერები', რომლებიც საზოგადოებაში გავრცელებულ ტრენდულ დიეტებს არეკლამებენ და წონის სწრაფ კლებას გპირდებიან, დაპირების მიუხედავად მათი მიმდევრების 95% რეჟიმის შეცვლის შემდეგ წონას უკან იბრუნებს, ზოგჯერ იმაზე მეტსაც ვიდრე მანამდე იყო“ (რამე ხომ არ გეცნოთ?... მე კი მეცნობა რაღაც სიტუაცია, ენაზე მადგას გეუნები, ენის წვერზე, ნეტა რომელ დიეტებს გულისხმობენ?)

„არ აქვს ყველას იმის დრო რომ რეგულარულად ივარჯიშოს და მოწესრიგებულად იკვებოს“ - აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში მსგავსი დიეტების პოპულარობის მიზეზი გარდა იმ მარკეტინგული ხრიკებისა რასაც მისი გურუები წარმოადგენენ, არის ხოლმე სიზარმაცე, გვეზარება რა ადამიანებს ფიზაქტივობა მაგალითად, და გვირჩევნია ის მიზეზები ვეძიოთ თუ რატომ ვერ ვვარჯიშობთ ან არ ვიკვებებით მოწესრიგებულად, ვიდრე გამოსავალი ვეძიოთ.

მე არ მჯერა რომ უმეტესობას არ აქვს ვარჯიშის და ბალანსირებული კვების დრო.

მაგრამ, ნუ ზოგს მართლა აქვს ამის პრობლემა და საშინელ რეჟიმში ცხოვრობს, და რავიცი, ახლა თუ მართლა(!) ისეთი რეჟიმში ხართ, რომ კვირაში მაგალითად სამი კინკილა 30 წთ (ნამდვილად, ფიზიკურად) არ გაქვთ იმისთვის, რომ ვარჯიშს დაუთმოთ და ზოგადად ბალანსირებულად, ჯანსარად იკვებოთ, ცხადია მაგ რეჟიმის ცვლილებაზე უნდა იფიქროთ პირველ რიგში, მსგავსი რეჟიმი უფრო მალე მოკლავს ადამიანს ვიდრე რაიმე დიეტა ალბათ.
კიბატონო.

მეინსტრიმ მედიცინა გვებრძვის და არ გვაღიარებს - ხო ეგრე გებრძვით ყველას მედიცინა, ჰომეოპათებს, სახალხო მკურნალებს, ჰერბალაიფებს, მოლისანებს და მსგავს შარლატანობებს. ვეთანხმები.

შეჯამება:

მოკლედ მეგობრებო, წონაში სტაბილური კლების მიღწევა საკმაოდ რთულია, სიმსუქნის პათოგენეზი მულტიფაქტორულია, დიდი როლი ენიჭება გენეტიკას, ინდივიდუალიზმს, ცხოვრების წესს, ფიზიკურ აქტივობას, ფსიქოემოციურ და გარემო ფაქტორებს. სწრაფი კვებისა და შაქრით გაჯერებული საკვების მომრავლების და ადვილად ხელმისაწვდომობის, ასევე სიზარმაცისა და ყოველდღიური დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, ის რთული და ასევე იშვიათიც გახლავთ, ეს ყველაფერი კი აიძულებს პაციენტებს ეძიონ ალტერნატიული, „მარტივად გამოსაძრომი“ მკურნალობის მეთოდები და უხეშად რომ ვთქვათ, ორიენტრირებულები არიან „რა ვჭამო, რომ დავიკლო“-ზე და არა იმაზე რომ „რა გავაკეთო ან შევცვალო, რომ დავიკლო“.

ამ დროს კი ქსელურ ბიზნესად ქცეული რეკლამირებული, ინფლუენსერებით გაპიარებული და ტერმინ „ჯანსაღით“ შეფუთული, სხვადასხვა მომსახურება, დიეტები თუ პროდუქტები, რომელიც სასწაულებრივ სწრაფ კლებას გვპირდება მოკლე დროში, უფრო მიმზიდველი ხდება და ფსიქოლოგიურად ამ სწრაფ შედეგზე არიან ორიენტირებული და არა ჯანსაღ, მუდმივ და სტაბილურ შედეგზე.

იგივე ხდება მაღალი ხარისხის სიმსუქნის შემთხვევაშიც, სიმსუქნის ოპტიმალური მართვა საჭიროებს მულტიდისციპლინურ მიდგომას, არსებობს წონაში კლების რამოდენიმე მიდგომა, სხვადასხვა კვებითი რეჟიმები, ფსიქოთრეაპიული ინტერვენციები, ფარმაკოლოგიური თერაპიები, ენდოსკოპიური პროცედურები და ქირურგიული ინტერვენციები, მიუხედავად ამისა წონაში კლება და მისი შედეგის შენარჩუნება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შედეგი ცხოვრების წესის ცვლილებით არ არის ხელშეწყობილი. ხოლო იმის შემდეგ, როდესაც ხდება წონაში ხელახალი მატება, პაციენტების დიდ ნაწილში იმედგაცრუება და უიმედობის განცდა გვხვდება და აქ უკვე ასპარეზზე გამოდის გაპიარებული ინფლუენსერული და მოცეკვავე ოფოფებით გაფერადებული დიეტური რეჟიმები, ისეთი როგორიცაა მაგალითად კეტო დიეტა, შემდეგ ხდება ის, რომ საწყის ეტაპზე თითქმის ყოველთვის დადებითი შედეგის მომცემი მკაცრი რეჟიმით იმედის ნაპერწკალი კვლავ ნათდება, თუმცა აქ მთავარი გამოწვევა ამ დიეტის ხანგრძლივი პერიოდით დაცვაა, რაც ვერ ხერხდება პაციენტთა უმრავლესობაში, ამიტომ დგება ჟამი კიდევ ერთი იმედგაცრუებისა, შემდეგ კიდევ ახალი სწრაფკლებადი დიეტის ძებნა... და ა.შ. და ა.შ. ამას ემატება ისიც, რომ უცნობია რამდენად უსაფრთხოა მსგავს შემზღუდავი დიეტების დაცვა ხანგრძლივ დროში.

ხოდა!

ვინც და რაც არ უნდა თქვას, როგორ ლამაზადაც არ უნდა შეფუთოს, სამოტივაციო სიმღერები ან სურათები გამოფინოს, ბიზნესი ააწყოს, ანდა დაპრუწულტუჩებიანი ფოტოების ფონად სამეცნიერო თემებზე „იმსჯელოს“, ფაქტი დღეს არის ერთი:

სწორ ბალანსირებულ კვებას, ცხოვრების ჯანსაღ რეჟიმზე გადასვლას და რეგულარულ ვარჯიშს უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა და „კეტო დიეტა“ არის სამედიცინო დანიშნულებისთვის გამოსაყენებელი მკაცრი რეჟიმი, რომელიც ხანმოკლე დროთ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, კონკრეტული მდგომარეობისას, კონკრეტული მიზნით, კონკრეტული რისკისა და სარგებელის გათვლით და კონკრეტული სპეციალისტების მკაცრი მეთვალყურეობის დროს და არანაირი საერთო მას რუტინულ, ჯანსაღი წონის კლებასთან ან ცხოვრების წესთან არ აქვს, და ის დღეს ძირითადად წარმოადგენს, ერთ-ერთ კარგ პლატფორმას ბიზნესისა და ფულის კეთებისთვის.

და რავი ასე ძაან თუ უნდათ, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, დაე იარონ, იარონ, იარონ...
კიარადა, აკეთონ, ამინ.