
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც „ლომისობის“ დღესასწაულზე წერს:
„ვისაც გინახავთ ლომისის წმინდა გიორგის ხატი, დამეთანხმებით, ალბათ, რომ განსაკუთრებულია. ერთ ხელში უჭირავს შუბი და მეორეში ერთად ფარ-ხმალი.
დღეს სწორედ ლომისობაა! მე-13 საუკუნეში საქართველოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. თამარის აყვავებული ქვეყანა ინგრეოდა. ხორასნელთა ლაშქარი საქართველოს შემოესია და არაგვის ხეობაც დაარბია. 7000 ათასი ტყვე მარტო არაგვიდან წაიყვანეს. მთაში დიდი რწმენა იყო წმინდა გიორგისადმი, ამიტომ ტყვეებმაც თან გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაიღეს.
ხორასნელთა ბანაკი წუხილმა და ვაებამ მოიცვა, ადამიანი და საქონელი ერთად გაბერწდა, ხე ნაყოფსაც აღარ იღებდა. სულთანმაც მისნები იხმო, რა ხდებაო. მისნებმაც გურჯისტანის ხატია აქ და საკირეში ჩააგდეო. საკირიდან ხატი უვნებლად ამოვიდა და თეთრი ხარის რქაზე დაბრძანდა. შეშინებულ სულთანს 7000 ტყვეც სრულად გაუთავისუფლებია და საქართველოში გამოუშვია.
სადაც კი ხარს შეუსვენია ხალხს ყველგან ნიში აუგია. ხარი კი გზოვანის მთაზე არა, ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ხეობამდე მისულა და იქ დაცემულა უსულოდ. ხარი - ლომას სახელიდან მოდის, ლომისის წმინდა გიორგის სალოცავის სახელწოდებაც და ასე ამბობენ მთაში ლომისის წმინდა გიორგიზე:
„წმინდა გიორგი ცხენზე ზის, ფეხთ უქრის ნიავქარია, მხარზე ჰკიდია მათრახი სამოცდასამი მხარია, ვისაც დაუქნევს, დაამჩნევს; მაგის დაკრული ცხარია“.
ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი, ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან დადება უნდა, ან რამის თხოვნა ამ ჯაჭვს კისერზე იდებს და სამჯერ ეზოს შემოუვლის ლოცვით. ჯაჭვის კისერზე დადება წმინდა გიორგისადმი ყმობის გამოცხადებას ნიშნავს და ეს ტრადიცია მარტო აქ არა, ჯაჭვები პალესტინაშიც არის.
ჯაჭვის შესახებაცაა ლექსი:
ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“.
ზოგი ვერსიით წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც ჯაჭვები შეუწირავს, ზოგი ხალხური თქმულებით კი დადიანის ქალი ასულა ბარიდან კისერზე დადებული ლომისის ჯაჭვებით.
ბევრი რამ დეტალურად აქვს განხილული ვახუშტი ბაგრატიონს და კახაბერ კენკიშვილს. ძალიან კარგი სალოცავია, ძლიერი ხატი, მე ბევრჯერ დამხმარებია ლომისის წმინდა გიორგი. მასალებს უფრო ახლოს ქართულ ორთოდოქსულ გვერდებზეც შეგიძლიათ გაეცნოთ.
გილოცავთ და შეგეწიოთ ლომისის წმინდა გიორგი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების სიცოცხლისუნარიანობას ამცირებს
⭕ მერაბ დვალიშვილი - „ტრამპს რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა“
⭕სანდრო შელიას და ნინა ხუბუტიას შვილი შეეძინათ - ცნობილია რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს