
ებრაისტი, როტშილდების ფონდის მკვლევარი გიორგი შაყულაშვილი, რომელიც ისრაელში ლექციებს კითხულობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ყოველდღიურად აქვეყნებს უახლეს ინფორმაციას.
ამჯერად იგი, სოციალურ ქსელში ქრისტიანების ებრაელთა დღესასწაულ ხანუქაზე ჩართვის შესახებ წერს:
„შეუძლიათ თუ არა ქრისტიანებს ებრაელთა დღესასწაულ ხანუქაზე სანთლების ანთების პროცესში მონაწილეობა?
მეგობრებო, პირველ რიგში, განვმარტავ რომ მე თეოლოგი არ ვარ, მაგრამ ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან - თუ რამდენად ნებადართულია ქრისტიანების მიერ ხანუქის დღესასწაულზე სანთლის ანთება, შესაბამისად, ამ შეკითხვას როგორც ებრაისტი ისე ვუპასუხებ. ვპასუხობ, რადგან ეს შეკითხვა საკმაოდ ცუდი მიზნის გამო ისმება, რაზეც სხვა დროს უფრო ვრცლად დავწერ.
ჩვენი ქვეყნის მტერს არ სძინავს, რა თქმა უნდა.
ზოგადად, საქართველოში, ებრაული თემის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული კეთილგანწყობა იყო. მაშინ როცა ევროპაში, ებრაელებს, ეკლესია და დიდგვაროვნები ჩაგრავდნენ - საქართველოში სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო. ბაგრატიონთა დინასტია თავს ბიბლიური დავით მეფის შთამომავლად მიიჩნევდა.
დავით აღმაშენებელი თავს დავით მეფის 78-ე შთამომავლად ასახელებდა; აი, რა შემოგვინახა მისმა მემატიანემ:
"ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელმოდგამმან, დავით, ღმერთისა მამისამან, და თვით სამეოცდამეათვრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით". ამას გარდა, გიორგი მერჩულე, "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში", გრიგოლის აშოტ კურაპალატის მიმართ საუბარს ასე გვაცნობს: "დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ჴელმწიფეო, მეფობაჲ და სათნოებანიცა მისნი დაგიმკჳდრენ ქრისტემან ღმერთმან“.
აღნიშნული ფაქტები ძალიან მცირე, მაგრამ უმთავრესი არგუმენტებია - თუ რატომ უყვარდათ და უყვართ იუდეველები საქართველოში, რადგან ჩვენი სამეფო ოჯახი საკუთარ თავს იუდეველთა მეფის შთამომავლად მიიჩნევდა.
ახლა რაც შეეხება ხანუქას.
ხანუქა არის განახლების და ბოროტებაზე სინათლის გამარჯვების დღესასწაული, რომელიც თორაში არ გვხვდებადა იესო ქრისტეს დაბადებამდე 164 წლით ადრე ხდება.
თუმცა, ძალიან საინტერესოა არის ის, რომ ქრისტე ხანუქას აღნიშნავდა და ეს ახალ აღთქმაში, იოანეს სახარების მეათე თავში გვხდება:
"ხოლო იერუსალიმში იყო განახლების დღესასწაული; ზამთარი იდგა. და დადიოდა იესო ტაძარში, სოლომონის ბჭესთან". ივრითულ ვერსიაში ეს სიტყვები ასე გვხვდება: ויהי חג חנכת הבית בירושלים, ანუ ქართულად გადმოთარგმნილი "განახლების დღესასწაული" ივრითულ ენაში წერია როგორც "ხანუქის დღესასწაული/חג חנכת".
იოანეს სახარებაში ნახსენები "სოლომონის ბჭე", სადაც იესო ზამთარში განახლების ანუ ხანუქის დღესასწაულზე ავიდა - დღემდე არსებობს და არის იერუსალიმის სწორედ იმ მეორე ტაძრის შესასვლელი, რომელიც იუდეველებმა ჩვ. წ-მდე 164 წელს გამოიხსნეს სელევკიდების ელინისტური სახელმწიფოს – სირიის მეფისაგან.
თავად სინათლე და იესო კი ერთმანეთისაგან განუყოფელი ცნებებია - იოანეს სახარება იესოს სიტყვებს გცამცნობს:
"მე ვარ სინათლე ქვეყნისა, ვინც მე მომყვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება”. შესაბამისად, იესო, რომელიც ხანუქას აღნიშნავდა და თავად ქადაგებდა საკუთარ როლს სინათლის მიერ სიბნელის დამარცხებაში - არაფრით გაუნაწყენდება მის მიმდევარ ქრისტიანებს თუ ისინი ხანუქაზე სანთელს აანთებენ.
ყველა ადამიანი, რომელიც ამ წუთას, საქართველოში, ებრაელების მიმართ შუღლის გაღვივებით არის დაკავებული და ახლა ამის საბაბად "სინაგოგაში ქრისტიანების მიერ სანთლების ანთებას" მოაქვს მიზეზად - ნუ დაგავიწყდებათ, რომ დავით აღმაშენებელი სალოცავად სინაგოგაშიც შედიოდა.
აშოტ კურაპალატის გამოსახულება კი, ოპიზაში, იესო ქრისტესთან და ებრაელთა დავით მეფესთან ერთად არის შესრულებული“,- წერს შაყულაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „სამეგრელოში მზე მზე აღარ არის - უკვე ბურთია...“ - რას წერს იტალიაში მცხოვრები ჟურნალისტი?
🎥 მოგზაურობა დროში - ძველი ტრადიციები, რომლებიც საოჯახო დღესასწაულებს უკავშირდება
🔵 „ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებ“ - ნინი შერმადინი იუბილარია