მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს — მარიამობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.
დღესასწაულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე:
„ყველას გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
მოდით გავეცნოთ, თუ რა უნდა ვიცოდეთ ღვთისმშობლის მიძინების შესახებ:
ცნობები ნათლად ჩანს „Transitus Mariae” ტექსტში, სადაც აღწერილია მისი ზეცად ასვლის ამბავი.
ამ ცნობებს ამყარებენ ეკლესიის წმინდა მამები და უკვე ფართოდ VI-VII საუკუნეებიდან ისწავლება მის შესახებ.
მაგალითად, მე-6 საუკუნის წმინდა იოანე თესალონიკელის წყაროებში მიძინების ისტორია კიდევ უფრო განვითარებულ ფორმას იღებს.
წმინდა იოანე დამასკელთან კი ვხვდებით ტრადიციას, რომელიც შემდგომ წლებში ფართოდ დამკვიდრდა მართლმადიდებლურ სწავლებებში. იქნება ეს გეთსიმანიაში დაკრძალვა, მარიამის სხეულის აღმატებული ხარისხი, ზეცად აღყვანება თუ სხვა.
ყოვლადწმინდა მარიამი სიონის მთაზე, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში ცხოვრობდა. სწორედ იმ იოანესთან, რომელზედაც ქრისტე ჯვარზე გაკრული ამბობს და ეუბნება დედამისს. ,,აჰა ძე შენი და ასევე იოანეს: აი, დედა შენი“.
ერთხელაც, სიცოცხლის ბოლო დღეებში, კვლავ მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ღვთისმშობელს და ახარა, რომ სამი დღის შემდეგ გავიდოდა იგი ამ ქვეყნიდან. ამის დასტურად მან სამოთხიდან წამოღებული ფინიკის ხის ტოტი გადასცა და უთხრა, რომ რტო, რომელიც ღვთაებრივი მადლით იყო მოსილი, მის საფლავთან მიეტანათ.
ქრისტიანულ სიმბოლიკაში, პალმის რტო გამარჯვების ნიშანია. სწორედ ამიტომ იგი განსაკუთრებით შეეფერება მიძინების თემას. იოანეს გამოცხადებაშიც, ზეცაში მდგომნი პალმის რტოებს ატარებენ, რომელიც მარადიულობის აღმნიშნველია.
წმინდა მარიამი დიდად გაახარა ამ ამბავმა. მან დეტალურად აუწყა ყველაფერი იოანე ღვთისმეტყველს და ამასთანავე, მას ძალიან სურდა, რომ ამ ქვეყნიდან გასვლისას ბოლოჯერ ეხილა ქრისტეს მოწაფეები, რათა ყველა დაელოცა და გამომშვიდობებოდა.
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქრისტიანობა იდევნებოდა, ვისაც უფლის სწამდა ყველამ გაიგო ეს ამბავი და ხალხიც მოემართებოდა წმინდა მარიამთან, რათა ბოლოჯერ ეხილათ იგი. ღვთისმშობელი კი, როგორც მოწყალე დედა, არავის ტოვებდა ნუგეშისა და დახმარების გარეშე.
უფალმა ისმინა მისი დედის თხოვნა და მოულოდნელად ქარიშხლის მსგავსი ძლიერი ხმა გაისმა. სახლზე კი ღრუბელი იყო გარს შემორტყმული. სწორედ ღვთიური ძალით და ამ ღრუბლების საშუალებით მიაღწიეს მოციქულებმა წმინდა მარიამამდე.
დადგა მესამე დღეც. ახლოვდებოდა დღის სამი საათიც, როცა მიძინება იყო ნაწინასწარმეტყველები. ყველა შეძრწუნდა, ზეციური ნათლის სხივმა მიწიერი სინათლე ჩააბნელა, ხოლო მისი ძის დანახვაზე წმინდა მარიამმა წარმოთქვა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა“.
რაზედაც უფალი პასუხობს: „მოვედ, მოკეთეო ჩემო, მოვედ ჩემგან შეყვარებულო და დაიმკვიდრე სავანე მარადიული ცხოვრებისა“. ყოვლადწმინდა ღვთიმშობელმა გაიმეორა თავისი ლოცვა: „მიიღე სული ჩემი მშვიდობით და მივევ მე არესაგან ბნელისა“.
ახლა, კარგად დააკვირდით აქ ერთ რამეს: ღვთისმშობელი იმდენად იმდაბლებს თავს და თითოეულ ადამიანს ასწავლის, რომ განურჩევლად სტატუსის, ხარისხისა და წოდებისა, არავინ უწყის თუ ვისი სული სად წავა და რომ ადამიანი ბოლო წამამდე უნდა იყოს ღვთისმოშიში და მორჩილი. ამიტომ ამბობს მიველ არესა ბნელისასო.
რაოდენ დიდი და აღმატებულია ღვთისმშობელი თითოეულ ჩვენგანზე? ისიც კი ქედმაღლურად არ იძახის, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ხედავს მის ძეს, თუ როგორ მიჰყავს მისი სული, მე უეჭველი სამოთხეში ვიქნები შენთან ერთადო.
შესაბამისად, ყოველი სული, რომელიც დაიმდაბლებს თავს ამაღლდება, ხოლო რომელიც აღიმაღლებს თავს - წავა მოუსავლეთში!
მოციქულები, რომლებიც ერთ დროს უმზერდნენ ქრისტეს ზეცად ამაღლებას, ახლა უყურებდნენ იმავეს ღვთისმშობლის სულზე.
ხოლო, სხეული მისი წაბრძანებულ იქნა გეთსიმანიაში. თუმცა, იმხანად ებრაელებში იმდენად დიდი იყო სიძულვილი ქრისტესა და ქრისტიანებისადმი, რომ ხმა დაირხა დიდი ზეიმითა და მსვლელობით მიაცილებენ ღვთისმშობელსო.
ამ ამბის შემყურე, იუდეველთა წინამძღოლებმა ხალხის დასარბევად მეომართა რაზმი წარგზავნეს, მაგრამ ღვთაებრივი ღრუბლის წყალობით ბევრი გადაიჩეხა, ბევრიც ისე დაზიანდა, რომ ბრძოლა ვერ შეძლო.
განსაკუთრებით აქტიურობდა იმდროინდელი ებრაელთა სასულიერო დასი და ერთ-ერთი მათგანი სახელად „ათონია“, იმდენად გაკადნიერდა, რომ ძალიან ცუდად მოიხსენია ქრისტე, ქრისტიანები და ღვთისმშობელი, ვისაც უპირებდა ძირს ჩამოგდებას. როგორც კი მიახლება გაბედა სარეცელთან უფლის ანგელოზის მიერ ორივე ხელი წარეკვეთა.
გაოგნებული და სიკდვილის პირას მისული გონს მოეგო და პატიებას ითხოვდა. მოციქულებთან მცირე საუბრის შემდეგ, აღიარა ქრისტე ღმერთის უზენაესობა, მოიხადა ღვთისმშობლისადმი ბოდიში, ხელებიც გაუმთელდა და პროცესიას თავადაც შეუერთდა.
რა გაიგეს ებრაელებმა, რომ მათი მღვდელმთავარი ქრისტიანებთან ჭიდილში დამარცხდა, დიდი დარტყმა აღმოჩნდა ეს უკანასკნელი. ბევრი ებრაელი მოექცა მაშინ და ბევრმა იწამა ჭეშმარიტი უფლის.
გეთსიმანიაში დაკრძალვისას ყველა მოწაფე მანდ იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, თომა მოციქულმა ვერ შეძლო დროულად მისვლა.
საინტერესოა, არა? თომა მოციქული იყო ის, ვინც გვიან იხილა მკვდრეთით აღმდგარი სიმართლის მზე და ახლაც მან ითხოვა, რომ ცოცხალს ვერ მიუსწრო და გარდაცვლილს მაინც გამოვემშვიდობებიო.
მე-3 დღეს გადააგორეს აკლდამის ქვა და იქ მხოლოდ მისი სუდარები იყო დარჩენილი, სხეული კი ზეცად იყო აღყვანილი. ღვთიმშობელი ცოტა ხნის შემდეგ გამოეცხადათ მოწაფეებს ცოცხლად ზეცად ატაცებული და ახარათ: „გიხაროდენ, მე თქუენ თანა ვარ ყოველსა ჟამსა“.
ხოლო, გახარებულმა მოციქულებმა და იქ მყოფმა მორწმუნეებმა ერთად შესძახეს: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ ჩვენ.
თითოეული ქრისტიანისთვის ღვთისმშობელი უნდა იყოს მისაბაძი! აი, მანდილოსნებისთვის, დედებისთვის და არა მხოლოდ, დედებისთვის, ის კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითია!
წმინდა მარიამს მხოლოდ ორი შესამოსელი ჰქონდა, მას არ უცხოვრია სასახლეებში და მდიდრულ გარემოში.
თუმცა, იმ ავბედით დროს, რასაც გადის დედამიწა და რასაც კიდევ გაივლის, ეს ყოველივე იმდენად ფერდაკარგულია, რომ ამჟამინდელობას პურისა და სანახაობის გარდა აღარაფერი ახსოვს და სწორედ ამაზე იძახის მაცხოვარი, რომ ჩემი დაბრუნებისას ვიპოვნი კია ადამიანს?
ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან სულ ცოტა ხნით მიიძინა და მალევე ბუნების კანონებს სძლია. შობისას მან ქალწულება დაიმარხა, აღსასრულთან კი სიცოცხლე შეაერთა. შობის შემდეგ უხრწნელი დარჩა და სიკვდილში სიცოცხლე შეინარჩუნა.
მისი მიძინებით, შემდგომ აღდგომითა და გადასვლით მიღმიურ სამყაროში, ამქვეყნიურმა კიდევ უფრო დიდი გულშემატკივარი, მფარველი და დამცველი შეიძინა. ამიტომაა, სხვა ყველაფერთან ერთად ეს დღე სასიხარულო!
ჯერ კიდევ, I საუკუნეში, ქრისტიანული სამყაროს ბრძენი და ფილოსოფიურად მოაზროვნე წმინდა მამა, დიონიე არეოპაგელი წერდა:პავლე მოციქულის მიერ ღვთის მეცნიერებაში რომ არ ვყოფილიყავი განსწავლული, ყოვლადწმინდა ქალწულს აუცილებლად ღმერთად მივიჩნევდიო.
შეგეწიოთ ყველას ღვთისმშობელი!
მრავალ მარიამობას დაესწარით ჩემო ძვირფასებო!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე თბილისის „იბერიის“ მეტოქეები ცნობილია
⭕„არ ხდება მისი კრიტიკოსი ან „აღმზრდელი“, არამედ არის მოკავშირე...“ - რა სჭირდება კაცს ქალისგან?