Digest Logo

„შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა, პირდაპირ მზერაც კი უჭირთ... დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი“ - გიორგი კეკელიძე

1665739568
გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

მისი პოსტი ჩანახატივითაა, სადაც ბებიას იხსენებს, როგორც შვილმკვდარ, ძლიერ ქალს.

კეკელიძე მსხვერპლის ოჯახს გამძლეობას უსურვებს და აღნიშნავს, რომ „შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა...“

„არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე ტრაგედიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა, მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი. ღრუბელი მაინც იყოს, ქარი მაინც ქროდეს. დაკრძალვიდან უკან რომ დაბრუნდები, სახლში შეხვალ და ჩამოჯდები. სამი-ოთხი წუთი და სამუდამოდ გასაბატონებლად გამზადებული გულგრილი სიჩუმე უცებ გოჭის ჭყვიტინით ირღვევა. ბებიას თითქოს რცხვენია, რომ იმხელა ამოუცნობი და მისტიკური ამბიდან, როგორიც გარდაცვალებაა, აი, მაგალითად ბაბუას გარდაცვალება, ასეთ უბრალო საკითხზე ისაუბროს, ცოტას წრიალებს და ბოლოს მეტყვის: ,,გამუუშვი გოჭი, ეტყობა ბოსტნაშია ჩაკეტილი“.

მე გავალ და მეზობლის ბავშვს დავინახავ, დაგროვილ სილაში სათამაშო მანქანით ერთობა. უცებ მახსენდება, რომ თამაშიც არსებობს, ეს ერთი კვირაა დავიწყებული თამაში. გოჭი გახარებული გამორბის, მე კი ხელი გამეჭრა ჭიშკრის საკეტზე. სახლში იოდი არაა. მეზობელთან გადავალ. იქ ტელევიზორია ჩუმად ჩართული. რაღაც ფეხბურთი გადის. პენალტების სერია. „დარჩი, უყურე ბოლომდე, აფერი არ უჭირს“.

სიცოცხლე სიკვდილზე სულ ასეთი, მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს და გაბრუნებს საკუთარ სახლში: უცაბედი მობილურის ზარით, გამოსაბერტყი ღუმელის მილებით, დასაგები ლოგონით და მრავალი მსგავსით. მსგავსი არამაღალი, მაგრამ მაღალზე მთავარი ამბით.


მაგრამ ერთია: შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ.

დედა ამ ჭირთან ისე მარტოა, როგორც თვითონ სიკვდილთან ადამიანი. მე მხოლოდ ძალას ვუსურვებ მათ, იმ გამოუცნობ ძალას, რომელიც სიცოცხლეში აჯიუტებს ადამიანს, სხვა დარჩენილი სიცოცხლეების დასახმარებლად. იმ ძალას, შვილდაკარგული ბებიაჩემის თვალებში რომ ვხედავდი, თუმცა არასდროს მინახავს მისი თვალები, რადგან სულ დახრილი ჰქონდა“, - წერს კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

🔵🎥 „სამივე ბავშვი უგონოდ იყო. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც ორგანიზმა გამიძლო, ნეტავ ისიც გადარჩენილიყო“ - პირველი ინტერვიუ დევი მეზურნიშვილთან

🔵„მოაჯირის მოხსნამ და სისტემის მიერ ავარიულმა არ გათიშვამ გამოიწვია ის ტრაგედია, რომ არ ყოფილიყო ის ვაჟკაცი კაცი, შესაძლოა, ის ორი ბავშვიც დაღუპულიყო..“ - არქიტექტორი მომხდარ ტრაგედიაზე

🔵„არ ვიცი რა დავწერო, რა ვთქვა, დაგლეჯილი მაქვს გული“ - დათი ქოქრაშვილის მამის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მოსწავლეზე