Digest Logo

„სიმართლეზე თვალის გასწორების დროა... არც უშეცდომოა ვინმე, არც ანგელოზი... ბოლოს და ბოლოს, ვაღიაროთ ყველამ“ - თეო ხაბულიანი

1766741488
თეო ხაბულიანი

თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას თვითშემეცნებისკენ, სიყვარულისა და თანაგრძნობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი მიზეზ–შედეგობრივ კავშირშია და თითოეული ქმედება შესაბამის შედეგს იწვევს.

ხაბულიანი წერს, რომ სიმშვიდისა და შინაგანი ბედნიერების მიღწევა საკუთარი მანკიერებების გაცნობიერებითა და გარდაქმნით იწყება. ავტორის განმარტებით, სხვების განსჯა და დაცინვა საბოლოოდ თავად ადამიანს უბრუნდება, ხოლო ჭეშმარიტი ძალა გულმოწყალებაში, მიტევებასა და სიყვარულშია.

სიმართლეზე თვალის გასწორების დროა. არც უშეცდომოა ვინმე, არც ანგელოზი. ბოლოს და ბოლოს, ვაღიაროთ ყველამ ჩვენი მანკიერებები საკუთარ თავთან, რადგან მხოლოდ აღიარებაა გზა, რომ ეს გარდაიქმნას. დაინებე თავი იმაზე განსჯას, თუ რას შვება სხვა; შენ საკუთარი თავი და საკუთარი სული გაბარია. ყველას სხვა დანარჩენი თავისივე ცხოვრების შესაბამისად იმკის ან მოიმკის. შენ შენსას მოიმკი, მე ჩემსას. მომკას მარტო ცუდი მხარე კი არ აქვს — კეთილი ვთესოთ, სიყვარული ვთესოთ, თანაგრძნობა ვთესოთ, ჩვენი სულისდამი ერთგულება ვთესოთ, მადლიერება ვთესოთ, ღვთისადმი სიყვარული ვთესოთ, სწორი და ღირსეული გზა ვთესოთ. ბოლოს და ბოლოს, გავიგოთ, რომ რასაც ვთესავთ, იმას ვიმკით.

მთავარი სათქმელი სრულიად სხვა რამ მაქვს და სტატიის ბოლოს ვიტყვი.

არიან ისეთი ადამიანები, ვინც იტყვიან: „მე არ დამითესია ისეთი რამ, რომ ასე მომექცა ცხოვრება ან ასე მომექცნენ ადამიანები.“ შენ შეიძლება ვერ ხვდები, მაგრამ ოდესღაც თავად კარი სხვას ხელი, ოდესღაც თავად განსაჯე ვინმე, ოდესღაც თავად ჭორაობდი ვინმეზე, ოდესღაც თავად ამცირებდი საკუთარ თავსაც, ოდესღაც თავად ატკინე სხვას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი სხვა დროს, სხვა ვითარებაში, სხვა ადამიანებისგან გიბრუნდება. არ არსებობს ქმედება, რომელსაც არ მოჰყვება შედეგი, და არ არსებობს შედეგი მიზეზის გარეშე.

ვისაც ანგელოზი ჰგონია საკუთარი თავი და ფიქრობს, რომ არასდროს უქნია ისეთი რამ, რაც ღვთის სიყვარულის მიღმაა და რაც სამყაროს კანონზომიერების დარღვევაა, ცდება. მას მხოლოდ იმიტომ ჰგონია ასე, რომ საკუთარი ეგო არ აძლევს საშუალებას აღიაროს, რომ მასაც ჰქონია ან აქვს მანკიერებები.

კი, ისიც შეიძლება, რომ უბოროტო იყო, მაგრამ საკუთარ თავს ექცეოდე ძალიან ცუდად, და ამის გამოც იმას იმკი, რაც მერე გტანჯავს. შენ უნდა იპოვო ბალანსი — როგორ გიყვარდეს სწორად საკუთარი თავი, ადამიანები, ღმერთი და არსებობა. ამ ბალანსის პოვნისთვის კი, პირველ რიგში, გჭირდება საკუთარი თავის შეცნობა. უნდა გამოხვიდე მხოლოდ ერთი ხედვიდან, სადაც „მე“ და იმის იქით არაფერი გაინტერესებს და არაფერი ჩანს. სურათს ყოველთვის ფართო მასშტაბით უნდა შეხედო, მთლიანი ხედვით და არა მხოლოდ შენგან.

თანაუგრძნო კი არ ნიშნავს არაფრის უთქმელობას და ქმედების მოწონებას; არა, ამას არ ნიშნავს. თანაგრძნობა ნიშნავს, რომ შენ შეიძლება გასცე პასუხი, მაგრამ არა სიძულვილის მოტივით, არა ეგოს მოტივით, არა შურისძიებით. მთავარი — ზღვარია: სიყვარულიდან სიძულვილამდე სულ პაწაწინა ზღვარია. თუ შენ ვერ შეძლებ გულით ატარო სიყვარული, მაშინ ყოველ პატარა წვრილმანზე სიძულვილი შეგისრუტავს. არავინ გეზიზღებოდეს, არავინ დაჩაგრო, არავის ცუდი გიხაროდეს. შენ იყავი მართალი შენს გულთან — ესაა ღმერთთან სიმართლე. როცა შენი გულია სუფთა, თორემ სიმართლე ის არაა, ვინ იყო მართალი ან მტყუანი — ეგ მხოლოდ ეგოთა თამაშია. შენ ვერავის შეცვლი, შენ ვერავის გარდაქმნი. მაგრამ შეგიძლია შეცვალო შენი მიდგომები, შენი აღქმები, შენი ქმედებები. გულმოწყალება უდიდესი სათნოებაა, რომელიც მადლისმიერია.

შენ, რომ „ფეისბუკზე“ აქვეყნებ სხვის ვიდეოებს და დასცინი მათ, თითქოს სანახაობა იყოს, სამხიარულო სხვა ადამიანის დაცემა, იცოდე, რომ მაგ დროს შენც ისეთივე დაცემული ხარ, შენც ისეთივე სანახაობაში აღმოჩნდები.

მერე იტყვი: „რატომ, ღმერთო, რა დამიშავებიაო?“, დაანებე სხვების ცხოვრებას თავი და მათთან შედარებას: რა კარგი ხარ შენ და რა საცოდავები არიან ისინი. მერე წახვალ ილოცებ, იტყვი: „ქრისტიანი ვარო“ — ღმერთს ვერ მოატყუებ. საკუთარი თავის მოტყუება კი სიბრმავეა, სიბრმავე რომლიდანაც უნდა გამოხვიდე.

ყველაზე დიდი სიმშვიდე და ბედნიერება იცით, რამ მომიტანა? როდესაც თვალი გავუსწორე ჩემს მანკიერ ბუნებას, როდესაც მისი გარდაქმნა დავიწყე, ყოველ წამს უფრო ბედნიერი ვხვდებოდი, რადგან ჩემი გული თანდათან უფრო მსუბუქი იყო. ყოველ ჯერზე, სადაც გამოცდის წინაშე ვიდექი, სიყვარულს ვირჩევდი და ეს საოცარი სითბოთი მამაღლებდა. მაგრამ მამაღლებდა არა ვინმე ადამიანზე, არამედ საკუთარ თავში, საკუთარ სულთან.

ეს არ არის პროცესი, რომ დღეს თქვა და საღამოს აღარ იყო მანკიერი. ეს ყოველდღიური შრომაა — ილტვოდე სიყვარულის ბუნებისკენ, ღმერთისკენ, შენი სულის საზრდოსკენ. როდესაც გული სუფთა მაქვს, არ მწყინს სხვისგან, არ ვიმართლებ თავს. ჩემი სიმართლე ჩემს გულშია.

არასოდეს არის გვიან. როგორც არ უნდა გეცხოვრა, როგორიც არ უნდა ყოფილიყავი, ღვთისკენ გზა ყოველთვის ღიაა. შენ უამრავი რამ გადაიტანე, უამრავ გარემოებას დაეჯახე, სადაც გიღალატეს, გატკინეს, მოგატყუეს, მაგრამ გამარჯვება ის არის, რომ ყველაფრის მიუხედავად შენს გულში სიყვარულს არ ჩააქრობ. ყველაფრის მიუხედავად შეძლებ აპატიო საკუთარ თავსაც და სხვებსაც. (სხვებზე პატიება არ ნიშნავს, რომ ისევ განაგრძო კონტაქტი.) ეს ნიშნავს, რომ შენი გულიდან გაუშვა ის სიმძიმე, რასაც მიუტევებლობით ატარებ. მიტევება გამართლება კი არაა — არჩევანია: დარჩე მუდმივ წყენაში, ბრაზში და ატარო ეს მთელი სიცოცხლე, თუ შეძლო — გაუშვა ეს ყველაფერი შენგან.

ერთობა არის ჩვენი ძალა. ბევრს არ სწამს, რომ ერთობა შეიკვრება, ამბობენ: „აბა, შეხედეო, ხალხი რანაირები არიანო, მაგათ არაფერი ეშველებათო.“ დაანებე იმათ თავი. დავიწყოთ ერთობა და იმდენად ლამაზ შედეგს მოიტანს ეს, რომ მათაც მოუნდებათ. მაგალითი უნდა ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანას თითოეულმა იმ ადამიანმა, ვის გულშიც სიყვარული, ერთობა და სიკეთეა. უნდა ვაჩვენოთ, რომ რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. უნდა ვაჩვენოთ, რომ ტყუილად არ ვართ მადლმოსილი ერი, და ჩვენში არის ძალა — ერთობის, სიყვარულის, სიბრძნის, ღვთისადმი ერთგულების ძალა, რომლის გამოღვიძების დროც არის.

ვისაც აქვს ამის მზაობა ახლა და ძალა, რომ გავერთიანდეთ, სიყვარულის ველი შევქმნათ, ვილოცოთ, ცნობიერები ვიყოთ, დაე ერთად გაგვემარჯოს მტრობით დანგრეულ საქართველოზე და აგვეშენებინოს მზის სადარი ქვეყანა. ვიღაცას ეს ვარდისფერი სათვალე ჰგონია, რასაც ვსაუბრობ, მაგრამ არა, სრულიად გააზრებულად ვამბობ: დროა დავიწყოთ ერთობა. მე მწამს, რომ ჩვენი ყველას ერთობლივი სურვილი და ქმედება გამოიღებს შედეგს, ისე, როგორც არასდროს. ერთობის დროა, საქართველო.

მიყვარხართ მთელი არსებით. გაღვიძების დროა. ჩვენი ნამდვილი გენის ცოდნის, არსის, გულების გამოღვიძების დროა. დიდხანს გვეძინა. არამარტო ვგრძნობ, არამედ ვხედავ, რა პროცესებიც არის და იქნება. ამიტომ ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები — ერთობით ყველაფერს შევძლებთ.

სინათლეს, სითბოს, სიმშვიდეს და სიყვარულს გიგზავნით გულში.“
— წერს თეო ხაბულიანი

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მიეცით ერთმანეთს პირადი სივრცე“ - 26 დეკემბერი: „ხმლების ოთხიანი“- დასვენებისა და აღდგენის დღე

⭕„ვაი იმ ადამიანს, ვისაც ღმერთის არ ეშინია...ადამიანს, ამპარტავნება ისეთ სასაცილო მდგომარეობაში აგდებს, აღარც იცი რა თქვა და როგორ შეაფასო“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„გათავისუფლების და შინაგანი სილამაზის დაბრუნების წელია...“ - 2026 წლის ჰოროსკოპი ძაღლის წელში დაბადებულებისთვის