Digest Logo

„სიმდიდრე და ძალაუფლება უფრო ცხოვრების კომფორტს განაპირობებენ, ვიდრე ბედნიერებას“ - რა განსაზღვრავს ადამიანურ ურთიერთობებს?

1779889011
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს: 

„აღმოჩნდა, რომ ბედნიერება არც სიმდიდრეს უკავშირდება და არც ძალაუფლებას.

აბა, რას? - ადამიანურ ურთიერთობებს, თანაც არა მათ რაოდენობას, არამედ - ხარისხს.

სიმდიდრე და ძალაუფლება უფრო ცხოვრების კომფორტს განაპირობებენ, ვიდრე ბედნიერებას, რომელსაც ვერც ვერავისგან იყიდი და ვერც ვერავის წაართმევ.

ადამიანურ ურთიერთობებს რა განსაზღვრავს?

რა თქმა უნდა - სიყვარული და კეთილგანწყობა, ამიტომაც დააფუძნა იესომ სიყვარულის რელიგია.

სიყვარულია ჭეშმარიტებაც, მშვენიერებაც და, ზოგადად, სიცოცხლეც.

დასაწყისში რომ სიტყვა „აღმოჩნდა“ ვახსენე, ჰარვარდის უნივერსიტეტის ხანგრძლივი კვლევის (720 ადამიანს აკვირდებოდნენ წლების განმავლობაში) შედეგებს გულისხმობს.

ბედნიერება სიკეთის, სილამაზისა და სიხარულის მოლოდინის ერთდროული შეგრძნებაა - სამივე ერთარსება დროში.

ის არც თხოვნით მოდის, არც ბრძანებით. მას დამსახურება უნდა. რით ვიმსახურებთ?

დიდი ხნის წინ ნათქვამი და ჩვენთვის კარგად ცნობილი ფრაზის "რასაცა გასცემ, შენია" სიცოცხლის მთავარ პრინციპად გადაქცევით.

იცხოვრე სხვისთვის, რათა სამყარომაც მოინდომოს შენთვის არსებობა. თუ მოინდომა, მას ყველაფერი ხელეწიფება.
სიმდიდრე დასაძრახი არ არის - სათანადო გამოყენებით ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია.

ძალაუფლებაც შესანიშნავი რამ არის, თუ კეთილგონიერებას ეფუძნება და განასახიერებს.

სიყვარული კი ერთადერთია, რომელიც მშვენიერების, სიბრძნისა და სიკეთისთვის დამატებით განსაზღვრებებსა და გარემოებებს არ საჭიროებს.

მხოლოდ მისგან იბადება ნამდვილი და ხანგრძლივი ბედნიერება. ჰარვარდი ელიტური უნივერსიტეტია, მაგრამ სამყაროს უნივერსიტეტის სიბრძნე მას დიდად აღემატება.

720 ადამიანის ცხოვრება თუ განწყობა ძალიან მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, მაგრამ მთელი კაცობრიობის გამოცდილება (რომელიც ბედნიერების საწყისს საუკუნეებია აცნობიერებს) გაცილებით დამაჯერებელია.

გვერდით გამვლელს გაუღიმე - რა იცი, რომ ღმერთი არ არის?! და თუ ის არის, მთელი ქვეყნის სასახლეები და ბანკები მასთან რა სახსენებელია - განა სხეულის ჩრდილს ადამიანზე მეტი ეთქმის?“, - წერს გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ღვაწლმოსილი არქიტექტორი ნელი გვასალია გარდაიცვალა

„იღბალი, ფული, წარმატება, საყვარელი ადამიანი, მანქანა, სახლი!“ - რა უნდა იცოდეთ სურვილების ასრულების დღეზე

⭕ ნუკი კოშკელიშვილი: „რამდენი რამ გაუხარდებოდა პატარა ნუკის, ჩემს ახლანდელ ცხოვრებაში რომ ჩაეჭყიტა“