ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მიმართავს.
როგორც თავად წერს, სინამდვილეში ქართველები, ძალიან კარგი ხალხი ვართ.
„სინამდვილეში, ძალიან კარგი ხალხი ვართ.
მთელი ამ "მხოლოდ საქართველოში თუ ნახავ" და „ჩვენისთანა „ბედნიერი“ერის" მიღმა, მართლა კარგი ხალხი ვართ.
ეს ხომ ისედაც სულ ვიცით და ვგრძნობთ, 13 ივნისსაც ხომ ვიგრძენით, 2015-ში, შიშველი ფრჩხილებით რომ ტალახს ვთხრიდით, ბელტებს რომ ერთმანეთს ვაწვდიდით, ყველა, ნაცი, ქოცი, მემარცხენე, მემარჯვენე, გეი, ჰეტერო, ისა, ესა.
მანამდეც ხომ ვგრძნობდით, 90-იანებში, გაჭირვებისას, შიმშილისას, უკანასკნელი სარჩო-საბადებლის მძარცველთა და წამგლეჯთა საპირწონედ, მეზობლები რომ გვყავდა, ვისაც ერთი თავი ნიორი, ორი მწიკვი მარილი და ერთი ნაჭერი პური მოჰქონდათ ჩვენთვის. მე ხომ ნამდვილად ვიცი, ვინმე რომ წვნიანს გააკეთებდა, ის, როგორც მინიმუმ, მთელი სადარბაზოსი იყო.
ეგეთი ხალხი ვართ, ტვინი გვიბნელდება და გონება გვერევა ხოლმე, დავერევით ერთმანეთს, ვჭამთ, ვებრძვით, ვხრავთ და მერე "ჩამოვარდება მეტეორი", მოხდება რაღაც უბედურება და მაშინვე ვხვდებით, რა ნაცი, რა ქოცი, რა მემარჯვენე, რა მემარცხენე, მთავარია 11 წლის ბავშვი ვიპოვოთ.
აბა, რატომ ვცდილობთ სხვა დროს ძალაუფლების უზურპაციას? რატომ ვლანძღავთ და ვრიყავთ ყველას, ვინც განსხვავებულია? რატომ სხვა დროს არ გვახსენდება ეს სხვადასხვანაირი აზრები? იმიტომ ხომ არა, რომ სხვა დროს, უბრალოდ, მთელ ამ ზედაპირული დაპირისპირების ფერხულში ვერთვებით? იმიტომ ხომ არა, რომ მტრის პროპაგანდას ვიზიარებთ და მისსავე ნაკარნახებს ვუჯერებთ?
"ხვალ რომ ძლიერი ქარი ამოვარდეს,
ვისთვის ილოცებთ?
ვინ ილოცებს თქვენთვის?" - წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.