
28 ივნისს, თბილისში, კულტურული ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „მთის საჩუქარი ბარს“, რომელიც პოეტ გელა დაიაურის ხელმძღვანელობით უკვე მესამე წელია ტარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს მთის რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას, მთისა და ქალაქის შემოქმედებითი დიალოგის გაღრმავებასა და ახალი ნიჭის აღმოჩენას.
ამჯერად დაიაური, 28 ივნისს მომხდარი ინციდენტების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც იგი წერს, კულტურული ღონისძიების მსვლელობისას რამდენიმე პირი გალეშვისა და ჩხუბის გამო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რაც მისი განმარტებით, საღამოს შინაარსს ეწინააღმდეგებოდა.
„ვერ მოვითმენ და, ალბათ, აუცილებელია, ვთქვა რამდენიმე სიტყვა წუხანდელი საღამოს - „მთის საჩუქარი ბარს“ ინციდენტების შესახებ და მათ გასაგონად, ვინც ამ საღამოს კულისებს მიღმა ღრეობდა და ჩხუბობდა.
იმედია, წაიკითხავენ ან გადასცემენ ახლობლები.
ხევსურ კაცს სიმთვრალე რომ შესტყობოდა, სირცხვილი იყო. სირცხვილი იყო აცეტება და წარაუგონთ საუბარი...
მოვდივართ ბარში და რას ვაჩვენებთ ბარელებს? ვღრეობთ გალეშვამდე და მერე ვჩხუბობთ...
სად ისწავლეთ? ვინ დაგარიგათ, რომ ასე უნდა მოიქცეთ?
ამ ხმაურისა და ინციდენტის გამო, შეიძლება, მომავალ წელს უარი გვითხრას მერიამ, და ეს საღამო აღარასდროს ჩატარდეს...
მაპატიოს იმ ნორმალურმა ნაწილმა, ვინც მოდის, ბოლომდე გულისყურით უსმენს მონაწილეებს და მაქსიმალურად ყურადღებით არიან საღამოს განმავლობაში. მათ დიდი მადლობა...
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთის კაცი სიმთვრალეს არ დაიტყობდა, სირცხვილი იყო.
მთის კაცი არ ცანცარებდა, უპატიურ სიტყვას არ იტყოდა და პირუტყვივით არ ღრიალებდა...
თუ ჩატარდა ეს საღამო კიდევ, ასეთ ადამიანებს ვთხოვ, ნუ მოვლენ ამ საღამოზე.
არ გიცნობთ! არ მიცნობთ!!!
მაპატიეთ, მაგრამ რომ არ მეთქვა — გული გამისკდებოდა. წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი...
P.S. სირცხვილია...“,- წერს გელა დაიაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის დროს? - დერმატოლოგის რჩევები!
⭕„რთულ პერიოდში, ცოტაოდენი სინათლე ვიპოვეთ...“ - მაკა კვიციანის გულახდილი აღიარება
⭕გიორგი გველესიანი ესპანეთში მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ისვენებს - წყვილი კადრებში ბრწყინავს