საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, ანსამბლ „ივერიის“ წევრის თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა.
თარიღს სოციალურ ქსელში პროდიუსერი ლიგია მუშკუდიანი გამოეხმაურა და გარდაცვლილთან გადაღებული ვიდეო გაავრცელა:
„5 წლის წინ, 1 თებერვალს ჩემს მობილურ ტელეფონზე, ზარი შემოვიდა.
ბესო ჩუბინიძე მირეკავდა.
- ლიგია, თემო აღარა გვყავს, ვიცი გეტკინება მაგრამ უნდა გაუძლო... სხვამ ვერ გაბედა დარეკვა და მე გირეკავ...
- ბესო ჩუბინიძე მეზიზღები, ეს ჩავძახე ყურმილში და ღრიალი ამოვუშვი.
არა და ბესო ის ადამიანი იყო, ვისაც ყველაზე ძალიან უყვარდა და უყვარს ჩვენი ბატონი თემური და ბატონ თემურს ბესო...
რამდენიმე წლის წინ საქართველოში ვიყავი სტუმრად. თემურმა დამირეკა, რუსთავში მოვდივარ ბატონ დათო რეხვიაშვილთან შესახვედრად და შენც გნახავ, ვიცი რომ ორ დღეში მიფრინავო. ქალაქში შევხვდით ერთმანეთს და ბატონ დათოსთან ავედით მერიაში.
უდიდესი სიყვარულით შეგვხვდა და ყავაზეც დაგვპატიჟა.
- დათო, ორ დღეში ლიგია მიფრინავს ათენში და არ უნდა გავაცილოთო? უთხრა ბატონმა თემომ.
- აბა რა უნდა ვქნათო? და უცებ გადაწყვიტეს მეორე დღეს, ერთ ერთ რესტორანში შევკრებილიყავით.
თემომ...
- მე ბესო ჩუბინიძის გარეშე არსად არ დავდივარო...
დათომ
- კი ბატონო, მაგრამ, იქნებ ჩვენი ბიჭებისთვისაც გვეთქვა, იცეკვებენ, იმღერებენ და კარგ დროსაც გავატარებთო და უცებ სიაც შედგა.
ბესიკ კალანდაძე, ნუგზარ ერგემლიძე, ნუგზარ კვაშალი, ვახო ტატიშვილი, გია ღარიშვილი, გურამ სეხნიაშვილი, ლევან ონიანი, პაპუნა და ბევრი რომ არ გავაგრძელო კი შეიკრიბა 22 კაცი და მარტო მე ერთი ქალი.
ბატონმა დათომ „ქსოვრელებიც“ მოვიყვანოთ და თუ გაცილებაა, გაცილება იყოსო. ერთი სიტყვით მეორე დღეს ზღაპრული სუფრა გაიშალა ზღაპრული სტუმრებით. (ვითომ მე მაცილებდნენ... ერთმანეთი მოენატრათ და მე „დამაბრალეს“).
ყველა ცდილობდა ერთადერთი ქალბატონისთვის პატივი ეცათ და აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ
შუაგულ ქეიფში რომ ვიყავით ჩემს მეგობარს, მსახიობ, ეკატერინე ქვრივიშვილი დავურეკე...
- არიქა ეკა „მიშველე“ გამოდი გეხვეწები. 22 კაცია და მარტო მე ვარ ქალი -მეთქი.
მოკლედ, ეს დღე ლამაზი ასოებით ჩაეწერა ჩემს ცხოვრებაში და მისი ავტორი ბატონი თემურ წიკლაური იყო.
ეს ადამიანი ხომ საერთოდ დღესასწაული იყო ყველასთვის.
სამწუხაროდ, დღეს დღეობით, ამ ლამაზი მოგონებითღა ვცხოვრობ. ამ საღამოს მემატიანე კი ჩემი, ჩვენი ბესო ჩუბინიძეა და მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ მოუხადო ბოდიში იმ სიტყვებისთვის და საჯაროდ მოუხადო მადლიბა ამ ლამაზი ვიდეოსთვის.
პ.ს.უზომოდ მენატრება ჩვენი მომღერალი თემურ წიკლაური ...
ჩვენი ღმერთ-კაცი... ვიცი ახლა ცოცხალი რომ მყავდეს მეტყოდა:
- ბალღო, შენ გაილახები“, - წერს ლიგია მუშკუდიანი.
შეგახსენებთ, რომ თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მკურნალობდა, სადაც 2021 წლის 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მიიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ესაუბრეთ უფროსობას“ - 3 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი