საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სიმღერის შესრულების დროს ერთ-ერთ ბავშვს გული წაუვიდა და დაეცა.
კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
საზოგადოების ნაწილი „პირველი არხის“ თანამშრომლებსა და პასუხისმგებელ პირებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ცნობილია, რომ ქვემოთ მოცემული კადრები, ერთ-ერთი მშობელმა გაავრცელა, რომელიც ფაქტის დროს ადგილზე იმყოფებოდა:
საზოგადოების რეაქციის შემდეგ, „სიმღერის აკადემიამ“ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ადმინისტრაციამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, ეთერში მომხდარზე დეტალურად ისაუბრა:
„ოფიციალური განცხადება:
გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ შემთხვევას ასახავს. ჩვენთვის, როგორც ბავშვებზე პასუხისმგებელი გუნდისთვის, თითოეული აღსაზრდელის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უპირველესი ღირებულებაა, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.
პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება ჩვენთვის უდიდესი ტკივილი და საფიქრალია. მომხდარი ფაქტი თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან განიცადა, თუმცა გავრცელებული არაოფიციალური (დარბაზიდან გადაღებული) კადრები და მასზე საზოგადოების მხრიდან თანდართული ინტერპრეტაციები, თითქოს ბავშვი უყურადღებოდ შეგნებულად დარჩა პასუხისმგებელი პირების მხრიდან, არ შეესაბამება სიმართლეს.
რეალობის სრულფასოვნად აღქმისთვის აუცილებელია განვმარტოთ შემდეგი გარემოებები:
| სატელევიზიო სპეციფიკა და ხედვა:
პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა. სატელევიზიო ეთერში ეს მომენტი საერთოდ არ ჩანს - ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი.
| თანაგუნდელების მყისიერი რეაქცია:
მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგარი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერადვე მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას.
| ჩვენი ინიციატივით გადაგზავნილი ვიდეო:
სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები არის არა სატელევიზიო ეთერიდან, არამედ დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მშობლის ტელეფონით გადაღებული ჩანაწერი. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ კადრების არსებობის შესახებ, სწორედ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა გადაუგზავნეს აღნიშნული ვიდეო ბავშვის მშობლებს. ეს ნაბიჯი გადაიდგა ერთი მიზნით - მშობლებს სრულყოფილად სცოდნოდათ, როგორ წაიქცა ბავშვი, რათა არცერთი დეტალი არ დარჩენილიყო სამედიცინო ყურადღების მიღმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ბავშვი მორიდების გამო რამეს დამალავდა.
საბედნიეროდ, გონების ხანმოკლე დაკარგვის შემდეგ, ბავშვმა თავი კარგად იგრძნო, სრულფასოვნად გააგრძელა თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა და გადაიღო სამახსოვრო ფოტოებიც.
მომხდარი წუთიდან დღემდე, გუნდის ხელმძღვანელობა მუდმივ, უწყვეტ კონტაქტზეა ოჯახთან, ვინტერესდებით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურსს მივმართავთ მათი მხარდაჭერისთვის.
ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის გულგრილობა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, ნუ აჰყვებით არასწორ ინტერპრეტაციებს, რომლებიც სცდება რეალობას და ზიანს აყენებს როგორც ბავშვების, ისე ჩვენი გუნდის ემოციურ მდგომარეობას.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გაგებისთვის“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სად უნდა ეძებო ბედნიერება - შენში თუ შენ გარეთ? - გია მურღულიას საინტერესო განმარტება
⭕„სწორედ ეს იქნება დღევანდელი შეცდომა...“ - თაკო მელიქიშვილი 11 ივნისის ასტროლოგიურ ენერგიებზე