ცნობილი ქართველი იუთუბერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეომიმართვებს ეხმაურება, სადაც საუბარია ცხოველების „ცოცხლად დაწვის“ შემთხვევებზე.
იუთუბერი რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ კრიტიკული ფილტრის გარეშე მსგავსი ინფორმაციის მიღება ხშირად პოლიტიკური ანტიპათიითაა განპირობებული: თუ ადამიანს ხელისუფლება ეზიზღება, ის ქვეცნობიერად მზადაა, ნებისმიერი შემზარავი ფაქტი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაიჯეროს.
პარალელის სახით მას მოჰყავს წარსულში გავრცელებული დაუმტკიცებელი ბრალდებები ხელისუფლების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, რაც რატომღაც ვერ დამტკიცდა.
„მილიონი ვიდეო გავრცელდა, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ ძაღლებს ცოცხლად წვავენ, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი სიტყვაა - „არ განვავრცობთ“ და „მე მგონი“. „გორში, მე მგონი, წვავენ ძაღლებს“... „მე მგონიზე“ ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ როდესაც „ტიკტოკსა“ და სხვადასხვა პლატფორმებზე ამდენი გამომწერი გყავს, შენს ნათქვამს წონა აქვს და „მე მგონიებზე“ არ უნდა ამტკიცოთ ასეთი რამეები.
კრემატორიუმის აღწერაა ის, რომ წვავენ ცოცხალ ძაღლებს? კრემატორიუმი არის ადგილი, სადაც წვავენ გვამებს ან ბიოლოგიურ ნარჩენებს. მინდა აგიხსნათ, ხალხის გონება როგორ მუშაობს: გონებაში გაქვს საფუძველი და ეგრევე იჯერებ ყველაფერს - მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლება გეზიზღება. ეგრე იყო: „მოგვწამლეს, ციანიდი გამოიყენესო“ და ხომ არ დამტკიცდა? ერთი მოწამლულიც ვერ ნახეს, არადა გვაჯერებდნენ, ქიმიური იარაღი გამოიყენესო“ - ჰყვება იუთუბერი საკუთარ ვიდეო განხილვაში.