Digest Logo

„წმინდა მიწაზე ჩვენი საქართველო, ენა, კულტურა და სიყვარული ჩამოიტანეს“ - ლაშა შაყულაშვილი ქართველ-ებრაელ წყვილზე, რომელმაც ისრაელში იქორწინა

1721294836
ლაშა შაყულაშვილი

ებრაისტი, როტშილდების ფონდის მკვლევარი გიორგი შაყულაშვილი, რომელიც ისრაელში ლექციებს კითხულობს  ქართველ-ებრაელი წყვილის ქორწილში იმყოფებოდა. 

წარმოშობით ისინი ქალაქ ახალციხიდან არიან.  მოშენაშვილების ოჯახის სიხარული ლაშა შაყულაშვილმა სოციალურ ქსელში კარგი პოსტით აღწერა:

„მალე შაბათი შემოვა. სანამ ბაზარში წავალ, პურის და ღვინის ყიდვას მოვასწრებ, მანამდე გუშინდელ ქორწილზე მინდა რომ დავწერო. თან, რამდენი ხანია ასეთი სტატუსი არ გამომიქვეყნებია.

ჩემი პროფესია - ჩემს სამეგობროში იშვიათად გადმომაქვს. როგორი ახლო მეგობარი ებრაელიც არ უნდა მყავდეს - პროფესიულ შეკითხვებს თითქმის არასოდეს ვუსვამ, არც ოჯახურ არქივებს ვთხოვ.

მოშენაშვილებს თბილისიდან ვიცნობ. პირველი ყალბი ტატუ ეთოსთან და ლიკასთან ერთად გავიკეთე; ვიცნობდი და ვმეგობროდი დათო ძიასთან; მაზალტობ დეიდასთან ერთად თეატრშიც ვიყავი; ირინკას დაბადების დღეებზე კი დაუპატიჟებლად დავდივარ. ისრაელში, პასექსა და როშ ჰაშანაზეც, მხოლოდ მათთან ვყოფილვარ. დღეს, მოშენაშვილები მხოლოდ ქალები არიან და მამრობითი მოშენაშვილი არ ჰყავთ, ჯერ.

ისე, ახალციხელები არიან. თუ საქართველოს ებრაელებზე რამე წაგიკითხავთ ან გისწავლიათ, ისიც გეცოდინებათ რომ ყველასგან განსხვავდებიან. დაავადებების განსაკურნებლად მათ ანგელოზებს ესაუბრებიან და ამისათვის ამულეტებს იყენებენ - ყამიაყს (არამ: קָמֵעַ) ებრაელი ხახამი უმზადებთ, ხოლო ნუსხას (არამ:נוסחא) კი მუსლიმი მოლა. ნიშნობას შაქარ-პურით იწყებენ, ანუ სიძის ოჯახში ტკბილ პურს და შაქრის დიდ ნატეხს აგზავნიან - თანხმობაც არის და ამ თანხმობის ტკბილი სიტყვით მიტანაც. ქორწილამდე მზითევს იატაკზე შლიან, აფასებენ და ამ აღწერის პროცესს კი „ჯეიზი" ჰქვია. იუდაიზმში რომ ქალი კაცების წინ არ უნდა ცეკვავდეს - ამათი ქალები ფერხულსაც ცეკვავდნენ და თავიანთი „საივო" ჰქონდათ. მოშენაშვილების ოჯახიდან რომ მეორე მსოფლიო ომში გაწვევის წერილი მოვიდა - ესთერ ბებიამ, შვილს, თეჰილიმიდან მე-17 ფსალმუნი გულის ჯიბეში ჩაუდო; კაცი დაბრუნდა.
ახალციხელ ებრაელებს კიდევ რამდენი რამ ახასიათებთ, მაგრამ აქ გავჩერდები.

გუშინ ლიკას ქორწილი იყო. ჩაბნელებული თბილისიდან, 24 წლის წინ, ოჯახმა, სკოლაში სასწავლებლად იერუსალიმში გამოუშვა. სულ მარტო და სულ პატარა ჩამოვიდა. მამამისს, დათო ძიას, უკითხავს - რა გაჩუქოთო? ამასაც ვიდეო კამერა უთხოვია, რათა თავისი იერუსალიმური ცხოვრება გადაეღო და ოჯახისთვის შემდეგ ეჩვენებინა.

ჩვენს მაგიდაზე სოხუმში, თბილისში, ახალციხეში, თბილისში დაბადებული და ისრაელში გაზრილი ახალგაზრდები ისხდნენ, უნაკლო ქართულით.

იყო ცეკვა ქართული და ზოგადად ქორწილიც ქართული იყო. იმ ქორწილში - ღმერთიც მართლა ერთი იყო.
იმ ქორწილში მყოფმა ხალხმა, მოშენაშვილების თამადობით, იერუსალიმიდან, საქართველოს გავლით, წმინდა მიწაზე დაბრუნებას 26 საუკუნე მოანდომეს. წმინდა მიწაზე კი ჩვენი საქართველო, ენა, კულტურა და სიყვარული ჩამოიტანეს.

ღმერთმა კარგად მიმყოფოს ჩემი ორივე სამშობლო და ჩემი ქართველი ერის ყველა შვილი გაახაროს - განურჩევლად განსხვავებებისა.

ლიკა და გიორგი, გაგიმარჯოთ და ლეხაიმ, ორივე დავით მეფის ორივე ქვეყანაში!“, - წერს ლაშა შაყულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა - პროგრამისტის დედა სოცქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს

🎥 „გზაში პოლიციამ გაგვაჩერა, თურმე გიოსთან ფოტოს გადაღება უნდოდათ“ - გიორგი მამარდაშვილმა და ელენე ეპიტაშვილმა ხელი მოაწერეს

🎥 თათია სულუაშვილს დაბადების დღე აქვს - იუმორისტი 38 წლის გახდა