Digest Logo

„ცოტა მკაცრი ხასიათი მაქვს და ძალიან რბილი კაცი გვერდით არ მომიხდებოდა“ - რას ამბობს ლიანა ჯოჯუა

1785939706
ლიანა ჯოჯუა

წარმატებული ქართველი სპორტსმენი ლიანა ჯოჯუა დაინიშნა. მის ცხოვრებაში ახალა განსაკუთრებული ეტაპია, რომელზედაც თავად მოგვიყვება და რაც მთავარია, მეუღლესაც გაგვაცნობს:

ლიანა ჯოჯუა: დედისერთა ვარ და 31 წელია, მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის ვნერვიულობდი იმ მომენტზე, როცა გავთხოვდებოდი და ოჯახიდან წასვლა მომიწევდა. ეს ჩემთვის საკმაოდ ემოციური თემაა. მიმაჩნია, რომ ადამიანი ბოლომდე უნდა იყოს დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში, რომ ვინმესთან ოჯახი შექმნას. როდესაც ჩემი მომავალი ქმარი კარგად გავიცანი, ასი პროცენტით ვიგრძენი, რომ ეს სწორედ ის ადამიანი იყო, ვისთან ერთადაც შეიძლებოდა, ეს ნაბიჯი გადამედგა. შესაბამისად, ხელის თხოვნამ უდიდესი სიხარული მომანიჭა.

ჩვენ საკმაოდ დიდხანს არ გვყავდა ერთმანეთი პირადად ნანახი – დაახლოებით ხუთი თვე მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით. მოუთმენლად ველოდით შეხვედრას და როცა ეს მოხდა, რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთი კიდევ უფრო მეტად მოგვეწონა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორივე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ოჯახის შექმნა გვინდოდა.

– ხელის თხოვნის მომენტზე, ალბათ, ყველა გოგოს უფიქრია. ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმოგედგინათ?

– სიმართლე რომ ვთქვა, იმაზე ლამაზი გამოვიდა, ვიდრე წარმომედგინა (იცინის). ოჯახის შექმნასა და სამომავლო თანაცხოვრებაზე წინასწარ გვქონდა საუბრები. პატარა ბავშვები აღარ ვართ და ურთიერთობის დასაწყისშივე ვუთხარი, რომ არასერიოზული ურთიერთობა ჩემი მიზანი არ იყო. ყველაფერი ძალიან კარგად ვითარდებოდა და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ბეჭდით ჩამოსულიყო, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვიყავი, ამიტომ სიურპრიზი გამოვიდა (იცინის).

– როგორც სპორტსმენს, მყისიერი რეაგირება და ცივი გონებით მოქმედება გახასიათებთ, მაგრამ იმ მომენტში, როცა თქვენმა საყვარელმა ადამიანმა ბეჭდით ხელში დაიჩოქა, რა ხდებოდა თქვენს თავს?

– საოცრება (იცინის). უამრავი ემოცია ერთად მომაწვა. მე საერთოდ არ ვარ ოქროულობის მოყვარული ადამიანი, მაგრამ ბეჭედი რომ დავინახე, ისეთი ლამაზი იყო, ზუსტად ჩემი გემოვნების, რომ ყველაფერი დამავიწყდა. ჯერ იმან მოახდინა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება, მუხლზე რომ დადგა, მერე – ბეჭედმა... ჩემს ქმარს მართლა ძალიან კარგი გემოვნება აღმოაჩნდა (იცინის).

– ხელის თხოვნის მომენტში სად იყავით?

– საბერძნეთში, კრეტაზე, საოცრად ლამაზ გარემოში.

– ყველას ძალიან გაუხარდა, რომ თქვენი რჩეული ქართველია. ვინ არის ის, უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მკითხველს...

– ჩემი მეუღლე ნიკა ჯაფარიძე გახლავთ, წარმოშობით რაჭიდან. ბევრი მეკითხებოდა, სპორტსმენია თუ არაო. პროფესიონალი სპორტსმენი არ არის, თუმცა საკუთარ სხეულზე ძალიან ზრუნავს, აქტიურად ვარჯიშობს და ეს მისი ცხოვრების წესია. ერთად ყოფნისას ჩვენც ვივარჯიშეთ და ვიჭიდავეთ კიდეც (იცინის).

– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

– ალბათ, ყველაფერი ბედისწერის დამსახურებაა. ინტერნეტით გაცნობა არასდროს მიყვარდა, არც მეხერხება ასეთი რამეები. ნიკას ჰქონდა ჯგუფი, სადაც ქრისტიანულ-ისტორიულ თემატიკაზე ძალიან საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებდა. ხშირად მხვდებოდა ეს ვიდეოები და ჯგუფში დავემატე. არც ვიცოდი, ქართველის თუ იყო, რადგან პირად ფოტოებს არ დებდა. თურმე თვითონ ამ ჯგუფიდან მწერდა, თუმცა მისი შეტყობინებები ძალიან გვიან ვნახე. როცა ვუპასუხე, მითხრა, პირად გვერდზეც შეგიძლია, დამამატოო. რამდენიმე თვე მყავდა მეგობრებში, მაგრამ იშვიათად ვპასუხობდი. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მწერს, შეტყობინებებს ხშირად ვერ ვნახულობ. რეალურად, ახალი წლის შემდეგ დავიწყეთ მიმოწერა და მთელი ღამე გავათენეთ ლაპარაკში (იცინის). მას შემდეგ თითქმის ყოველდღე ასე ვსაუბრობდით და ნელ-ნელა მოვედით ქორწინებამდე.

– რამ მოგხიბლათ მასში, რის გამო შეგიყვარდათ?

– ახლოს რომ გავიცანი, დავინახე, რომ ნამდვილი ვაჟკაცი იყო – ამასთან, სიმპათიური და მაღალი (იცინის). მისი ხასიათიც ძალიან მომეწონა. მეც ცოტა მკაცრი ხასიათი მაქვს და ვფიქრობ, ძალიან რბილი მამაკაცი გვერდით არ მომიხდებოდა. ამ მხრივ იდეალურად ვუგებთ ერთმანეთს. ამასთან, საოცრად ლამაზად გამოსდიოდა სიურპრიზების მოწყობა და გრძნობების გამოხატვა.

– როცა ქალს ასეთი წარმატებული კარიერა აქვს, მეორე ნახევრის მხარდაჭერა გადამწყვეტია. როგორი დამოკიდებულება აქვს მას თქვენი საქმიანობის მიმართ?

– თავიდანვე როგორც წარმატებულ სპორტსმენს, ისე მიცნობდა. უკვე ურთიერთობაში ვიყავით, როცა ერთი შეჯიბრება მქონდა და მორალურად ძალიან დამეხმარა. გარკვეულ საკითხებში, მაგალითად, წონის კლებაში, თვითონაც კარგად ერკვეოდა და მაქსიმალურად გვერდში მედგა. ახლაც მეუბნება: „შეჯიბრებაზე გასვლა თუ მოგინდება, ასი პროცენტით უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მზად ხარ, თორემ ისე არ გამოხვიდეო“. ძალიან ნერვიულობს ჩემზე, მთლიანად ჩართულია ამ პროცესში და დიდ მხარდაჭერას მიცხადებს.

– რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა? ხშირად ოჯახისა და სპორტული კარიერის შეთავსება დიდ ძალისხმევას მოითხოვს...

– მიმაჩნია, რომ ძალიან კარგ დროს გავთხოვდი. უკვე კარიერაშიც ბევრი რამის მიღწევა მოვასწარი და იმის თქმის მიზეზი არ მექნება, რომ ოჯახმა რამეში ხელი შემიშალა. ჩემი მიღწევებით ვამაყობ. მეუღლეც ისეთი მყავს, რომ ხელს ნამდვილად არ შემიშლის, სახლში არ ჩამკეტავს და ჩემი წარმატება არ ეწყინება. პირიქით, დარწმუნებული ვარ, ამ გზაზე გვერდით დამიდგება.

– ანუ, სწორი ადამიანი სწორ დროს გამოჩნდა?

– დიახ, ზუსტად ასე ვთვლი. აქამდე სულ ვფიქრობდი, რომ ადრე იყო. ჩემი მშობლებიც ნერვიულობდნენ ამ საკითხზე – მამაჩემს საერთოდ არ უნდოდა ჩემი გათხოვება, დედა ნერვიულობდა, როგორი ადამიანი შეგხვდებაო... მაგრამ ნიკა რომ გაიცნო, ძალიან შეუყვარდა.

– ამ თემას შევეხეთ, მაგრამ მაინც დავაზუსტოთ, რადგან ალბათ, ბევრს გაუჩნდა კითხვა: დაოჯახების შემდეგ ხომ არ აპირებთ სპორტული კარიერისთვის წერტილის დასმას?

– არა, სპორტულ კარიერას ჯერჯერობით წერტილს არ ვუსვამ! სპორტთან, როგორც ვარჯიშთან, მთელი ცხოვრება ვიქნები დაკავშირებული, ამას თავს ვერასდროს დავანებებ, რადგან ამით ვცხოვრობ. სხვა საკითხია შეჯიბრებები, ბრძოლისთვის მზადება, წონის კლება და დარტყმების მიღება – ეს უფრო სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ მაქვს, თუმცა კარიერის დასრულებას არ ვაპირებ.

– ოქტაგონზე დაუნდობელ და შეუპოვარ ლიანას ვხედავთ, სოციალურ ქსელში კი – ნაზს, ელეგანტურსა და ქალურს. ეს ორი ამპლუა როგორ ეთავსება ერთმანეთს?

– ამ სპორტში ბევრი დაქალი მყავს და როგორც ვხედავ, ბრძოლა გოგოებს არ გვართმევს ქალურობას – გვიყვარს კაბები, თავის მოვლა და ასე შემდეგ. ქმარი მეხუმრება ხოლმე, ჩემ გვერდით სიარულის მანერაც კი გეცვლება, ძალიან ნაზად დადიხარ, მაგრამ ცოტა თუ მომშორდი, ეგრევე გეტყობა, რომ მოჭიდავე ხარო (იცინის). ზოგადად, ვინც არ მიცნობს, ცხოვრებაში ვერც ხვდება ჩემს პროფესიას, რადგან ჩვეულებრივი გოგოსავით გამოვიყურები.

– სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს – ოქტაგონზე თუ ყოველდღიურ, ქალურ ამპლუაში?

– თავის მოვლა და ქალურობა ყოველდღიურობაა, ჩხუბი და ვარჯიში კი – ცხოვრების განსაკუთრებული, თუმცა შედარებით მცირე ნაწილი. ჩემს ცხოვრებაში ორივეს თავისი ადგილი აქვს. ჩვენი სპორტი ისეთია, რომ მთელი აგრესია და უარყოფითი ემოცია გარეთ გამოგაქვს, ეს ერთგვარი ფსიქოთერაპიაა. ასე რომ, სპორტი და ქალური მხარე ჩემში იდეალურად აბალანსებს ერთმანეთს.

– დავუბრუნდეთ ოჯახს, ქორწილთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

– ჯერ ჯვრისწერას ვგეგმავთ, რომელსაც ნათესავებთან ერთად აღვნიშნავთ. ეს ჩემთვის პირველ ადგილზე დგას და ახლო მომავალში ვაპირებთ. დიდ ქორწილს კი მოგვიანებით, ალბათ, ევროპაში, რომელიმე ლამაზ ადგილას გადავიხდით, ჩვენი მეგობრების გარემოცვაში. ეს, სავარაუდოდ, ამ წელს ვერ მოესწრება.

– როგორ შეგცვალათ ოჯახურმა ცხოვრებამ, როგორი დიასახლისი აღმოჩნდით?

– ჩვენ ჯერჯერობით ერთად არ ვცხოვრობთ, ჯვრისწერის შემდეგ გადავალთ. ასე რომ, ეს კითხვა მერე უფრო აქტუალური იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ დედისერთა ვარ, მშობლები სულ მანებივრებდნენ – ამით არ ვამაყობ, მაგრამ არც ვალაგებდი და არც საჭმელებს ვაკეთებდი. ოღონდ ისწავლე და ივარჯიშეო, მეუბნებოდნენ. ამიტომ ქმარი გაფრთხილებული მყავს, იცოდე, გადასარევი დიასახლისი არ ვარ-მეთქი, მაგრამ მამშვიდებს: დარწმუნებული ვარ, ყველაფერი შესანიშნავად გამოგივა, მეუღლეც კარგი იქნები და დედაცო (იცინის).

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გავიუმჯობესოთ კეთილდღეობა მარტივი რიტუალის დახმარებით - „ჩეკი სალაროსთან არ დატოვოთ“

⭕ „გახსოვდეთ, რომ სინდისი ის ხმაა, რომელიც მაშინაც კი არ ჩუმდება, როდესაც მთელი სამყარო ტაშს გიკრავთ!“ - გიორგი ლობჯანიძე

⭕ ჰოროსკოპი 2026 წლის 12-28 აგვისტოს დაბნელებების დერეფანი - რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სირთულეები თავიდან ავირიდოთ

წყარო: tbiliselebi.ge