2026 წლის 12-28 აგვისტოს დაბნელებების დერეფანი ასტროლოგიაში მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პერიოდად მიიჩნევა. ასტროლოგების შეფასებით, სწორედ ამ დროს შეიძლება ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხები და ცვლილებები მოხდეს. მათი განმარტებით, ეს პერიოდი ერთდროულად როგორც ძველი ეტაპების დასრულების, ისე ახალი შესაძლებლობების დასაწყისის სიმბოლოდ მიიჩნევა:
რა არის დაბნელებების დერეფანი და როდის დაიწყება?
ასტროლოგიაში დაბნელებების დერეფანს მზისა და მთვარის დაბნელებებს შორის არსებულ პერიოდს უწოდებენ. ეს შუალედი, რომელიც, როგორც წესი, დაახლოებით ორ კვირას გრძელდება, მიიჩნევა იმ პერიოდად, როდესაც ადამიანების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება.
ასტროლოგების განმარტებით, დაბნელებები მთვარის კვანძებთან ახლოს ხდება. ეს წერტილები წარსულსა და ე.წ. კარმულ გამოცდილებას უკავშირდება და, ამავე დროს, მომავალი განვითარების მიმართულებასაც განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, მათი შეფასებით, დაბნელებების პერიოდში ხშირად ისეთი მოვლენები ვითარდება, რომელთა კონტროლი რთულია.
ამ დროს ხშირად ირკვევა ის, რაც აქამდე დაფარული იყო. შესაძლოა დასრულდეს ურთიერთობები, რომლებმაც მნიშვნელობა დიდი ხნის წინ დაკარგა. ბევრმა ადამიანმა შესაძლოა, სამსახურის, საცხოვრებელი ადგილის ან ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლა გადაწყვიტოს. ამ პერიოდში რთული გადაწყვეტილებების მიღებაც შედარებით მარტივი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი ამ ნაბიჯამდე წლების განმავლობაში მიდიოდა. ზოგისთვის ეს რთული ეტაპის დასრულება იქნება, ზოგისთვის კი - სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისი.
2026 წლის აგვისტოს დაბნელებების დერეფანს ასტროლოგები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათი თქმით, 12 აგვისტოს ლომის ზოდიაქოს ნიშანში მზის დაბნელება მოხდება, რომელიც თვითრეალიზაციის, ლიდერობისა და შემოქმედებითი პოტენციალის თემებზე გაამახვილებს ყურადღებას.
28 აგვისტოს კი თევზების ზოდიაქოს ნიშანში მთვარის დაბნელება ამ ციკლს დაასრულებს და, ასტროლოგიური შეხედულებით, ადამიანებს წარსულისა და შინაგანი შეზღუდვებისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ამიტომ თვის მეორე ნახევარი ბევრისთვის შესაძლოა გარდამტეხ პერიოდად იქცეს.

რის გაკეთებას არ ურჩევენ ასტროლოგები ადამიანებს ამ პერიოდში?
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ამ პერიოდში ყველაზე დიდი შეცდომა ემოციების გავლენით მოქმედებაა. მათი თქმით, ფსიქოლოგიური დაძაბულობა იზრდება, რის გამოც ბევრი გადაწყვეტილება შიშის, გაღიზიანების ან ყველაფრის დაუყოვნებლივ შეცვლის სურვილის გავლენით მიიღება. მოგვიანებით კი ამ ნაბიჯების გამო სინანული ხშირად ჩნდება.
მათი რეკომენდაციით, არ ღირს კონფლიქტების პროვოცირება, საკუთარი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცება ან სხვების შეცვლის მცდელობა. უმჯობესია, ადამიანს საკუთარ თავს დაფიქრების დრო მისცეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროს.
ასტროლოგიური შეხედულებით, ამ პერიოდში მოვლენები თანდათან თავის ადგილს იკავებს, ამიტომ ზედმეტი ზეწოლა საჭირო არ არის. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, უმჯობესია გადაიდოს მსხვილი შენაძენები, სარისკო ინვესტიციები ან ემოციურ ფონზე სამსახურის დატოვება. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს ასეთი გადაწყვეტილებები აუცილებლად წარუმატებელი აღმოჩნდება, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარების ობიექტურად შეფასება გაცილებით მარტივი იქნება.
მათი შეფასებით, დაბნელებების პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ძველი საქმეების დასასრულებლად, ზედმეტისგან გასათავისუფლებლად და მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად. ასევე მიიჩნევა, რომ სწორედ ამ დროს ბევრი ადამიანი საბოლოოდ აღიარებს იმას, რასაც დიდი ხანია, გრძნობს, თუმცა მიღებას ვერ ბედავდა.
ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ დაბნელებები მნიშვნელოვან მოვლენებს არ კრძალავს, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თუ ახალი პროექტი, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სამსახურის გამოცვლა ან სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ხანგრძლივი დაგეგმვის შედეგია, მხოლოდ დაბნელებების გამო მის გადადებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. იგივე ეხება ქორწინებასაც. თუმცა, თუ გადაწყვეტილება მოულოდნელად და ძლიერი ემოციების ფონზე მიიღება, უმჯობესია, ადამიანმა საკუთარ თავს დამატებითი დრო მისცეს, რადგან ამ პერიოდში ვითარების სრულად ობიექტურად შეფასება შესაძლოა, გართულდეს.

რით განსხვავდება მზისა და მთვარის დაბნელება?
ასტროლოგების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მზისა და მთვარის დაბნელება ერთსა და იმავე დაბნელებების დერეფანში ხდება, მათი სიმბოლური მნიშვნელობა ერთმანეთისგან განსხვავდება.
მათი შეფასებით, მზის დაბნელება ახალმთვარეობის დროს ხდება და ახალი ეტაპის დაწყებას განასახიერებს. ამ პერიოდში შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, შეიცვალოს სამსახური, საცხოვრებელი ადგილი ან ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ დროს ეყრება საფუძველი იმ მოვლენებს, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში განვითარდება.
მთვარის დაბნელება კი სავსემთვარეობის დროს ხდება და დასრულებას უკავშირდება. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს პერიოდი მნიშვნელოვან გაცნობიერებას უწყობს ხელს და ადამიანებს იმ ეტაპებისა და ურთიერთობების დასრულებაში ეხმარება, რომლებმაც საკუთარი მნიშვნელობა უკვე დაკარგა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გული გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის“ - 5 აგვისტოს ენერგიები
⭕ „ყველაზე ძველ, ტოქსიკურ და მძიმე მიჯაჭვულობას ვემშვიდობები...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი
წყარო: www.beaumonde.ge