Digest Logo

„თუ ვიცინოდით, დრო და საზღვარი უნდა ჰქონოდა ამ სიცილს, თორემ ტირილად იქცეოდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

1723131396
ზურაბ შევარდნაძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ფლორისტ ზურაბ შევარდნაძის წერილს აქვეყნებს, რომელიც მის ახალ წიგნზე შთაბეჭდილებებს ეხება:

„ზურაბ შევარდნაძის - ის წერილი ჩემი ახალი წიგნის შესახებ #წერილებიჩემიბავშვობიდან:

პირველივე გვერდიდან უკვე ვიცი, რომ შენი ნაწერი არავისას არ ჰგავს, მძაფრი სიმართლე, არაფერია გამოგონილი და შეთხზული, რაც ასე უძნელდება ბევრს, თითქმის ყველას. დიდ, მოურჩენელ ტკივილს ჩვენებური იუმორით იჭერ: „ბებიამ გურული პირჯვარი გადაიწერა, სწრაფი, არითმიული, მამაზეციერი რომ ძლივს შეამჩნევს“

გიორგი, შენ ქართული სიტყვის მსახურებასთან ერთად ქართულ სიტყვას „იმსახურებ“ კიდეც - კეთილი გაგებით, სხვანაირად, აბა, ეს განცდა საიდან? - მამიდის საფლავზე ბებიასთან ერთად, კვირა საღამოობით ბებიასთან ერთად რომ მიდიხარ და რომ „მარმარილოებს ღამე უყვართ, რატომღაც, ღამით ყველა სურათი ჭაღარავდება, „ბავშვებიც კი“. საფლავის ქვებზე ღამით გაჭაღარავებული სურათები სურათებს მხოლოდ შენი თვალისა და გულის შემჩნეულია. ამჩნევს. ნამდვილ სოფლურ სურათს ხატავ - მაცის, ბიჭიკოს, მაყვალა ექთნისა და გელას მეშვეობით!.. „მკვდრეთით აღმდგარი", დილით მოამბის საყურებლად დილით მაცისთან გამოცხადებული „მკვდრეთით აღმდგარი“ ბიჭიკო, მანამდე ტაშტით შემოტანილი თოვლი, ბიჭიკოს მობრუნება...“ „ძველი წლების ბანაობის რიტუალი“ - ჩვენი თაობისთვის ნაცნობი, ორთქლ-ოხშივარიანი ოთახი..., ცამდე მართალი ხარ, ალალი , გულწრფელი, მოურიდებელი. არც ოთახის აღწერილობაშია რამე მოგონილი: „გარაფინზე აყუდებული სარკე, ამ სარკის წინ ანთებული ლამპა...“ შენი ჩამოთვლილი საბანაო ნივთები: ლახანკა, ჯორკო, „მაჩალკა“ - მაგიური იარაღი, 72%-იანი სარეცხის საპონი“...  „მეიჟღვლიმეს“ გაგონებაზე მეცინება, კურცხალი მდის... „ჭუჭყს ვერ იჟღვლემ.

შენ ცოლს რაფერ მეიყვან?

- არ მინდა ცოლი, არ მევიყვან ცოლს არც აროის!

- რაი?!

იკივლა ნათელამ, კურუშკა წყალში ჩააგდო და თითონ განზე გახტა. დავრჩი გასაპნული, თვალებდახუჭული და ჯორკოზე ექსპერიმენტალურ ქანდაკებასავით მჯდარი. რაფერ არ გამეცინოს? მინდა გამოვარჩიო მთავარი სათქმელი და რა ბედნიერებაა, რომ ვერ ვარჩევ... ყველაფერი მთავარია. იშვიათად „მოვარდნილ“ დენს „ელნათურის წამობოდებას“, რომ ეძახი, ესეც შენეული შესიტყვებაა.

ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულებზე რამდენი და როგორ არ თქმულა, მაგრამ ასე? „მახსოვს ერთი მოხუცი ქალი, მეზობელ გორაზე ცხოვრობდა, ამ ქალს სულ ფერადი ეცვა და სახლში მარტო ვხედავდი, კვირაში ერთხელ მამაკაცის გარეცხილ ტანსაცმელს ფენდა გასაშრობად. ეს კაცი მისი ქმარი მეორე მსოფლიო ომიდან არ დაბრუნებულა“. „ვიღაცისთვის ეს სიგიჟეა, ვიღაცისთვის სიყვარული, ხოლო ვიღაცისთვის სიყვარულია სიგიჟე“. თვითირონიით მონათხრობი შენი ბაღისა და სკოლის სატრფიალო ამბები, ძალიან მგრძნობიარე ბავშვის დანახული სახალისო და სევდიანია.

არავისთან შემხვედრია სექტემბრის გახსენება შენი ჩამონათვალით არავისთან შემხვედრია... შენი ფიქრი წვიმაზე, მათგან ერთ-ერთი მთავარი „თხროშო წვიმა" ზოგ დარდს რომ ერევა, ზოგს – ვერა და იოლად გაძინებს.

გადასარევია ნამდვილი გერმანელი ტურისტის გერმანიიდან, ფოლგერის, ჩვენებურად ფოლგერას, მისი სტუმრობა ბახმაროში., გადასარევია.. „ბენზინი, „ბენზინი, სალიარკა, ჟუაჩკა, სოსისი...“ წარწერა სოფლის მაღაზიაზე.

სასწაულია სერიალის შინაარსზე მსჯელობა – „ბრძნული“ გურული განხილვა სასწაულია. შენი პირველი, შაქრიანი ადესის ღვინით დათრობის ამბავი, ქათმების დაპურების და ძროხის მოწველის ამბავი, შენი დანახული ტირილში, ეზოში „ფულის დამწერის“ მოყოლილი ამბავი, მკვდარი რომ გავიწყდება და მარტო მას, რომ გინდა უსმინო.

შენი ბებიის ბებიაშენის გურული ღვეზელის რეცეპტი მე აქ რატომ დავწერო? „წიგნიდან გადმოიწერეთ შეუცდომლად...“

როგორ მარჯვედ იყენებ ხალხურ სიბრძნეს: „თუ ვიცინოდით, დრო და საზღვარი უნდა ჰქონოდა ამ სიცილს, თორემ ტირილად იქცეოდა. თუ ჩიტი გალობდა, გვეშინოდა, გვეშინოდა, ვეუბნებოდით ჩუმად და კრძალვით: „სკვინჩა, შენს პირს შაქარი, შენს პირს შაქარი!“

გიორგი, შენი წიგნი თითქოს ჩვენი თაობის საერთო ბიოგრაფიაა, თბილი, ტკბილი და ტკივილიანი წარსულის და აწი უკვე სამარადჟამოდ გაცოცხლებული. მადლობა, ასეთი გულწრფელობისთვის, სიმართლისთვის. ეს ხომ ასე იშვიათია.. „შენს პირს შაქარი, შენს პირს შაქარი...“, - ნათქვამია გიორგი კეკელიძის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ილია თოფურია World MMA Awards-ზე წლის საუკეთესო უცხოელი მებრძოლის ნომინაციაშია წარდგენილი

„ჯანმო გეგმავს კომიტეტის შეკრებას, რათა განიხილოს, უნდა გამოაცხადონ თუ არა ეს აფეთქება საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად“ - გიორგი ფხაკაძე

როგორი ამინდი იქნება 9-12 აგვისტოს? - სინოპტიკოსების პროგნოზი