Digest Logo

„ტვინი უბრალოდ მიმღები აპარატია“ - ვატო მსხილაძე ადამიანის შინაგანი სამყაროს ცხრა ნაწილზე

1786370022
ვატო მსხილაძე

„ტვინი უბრალოდ ფიზიკური ორგანოა, რომელიც ზედა სართულებიდან წამოსულ სიგნალებს იჭერს“, - ამის შესახებ მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში წერს და ადამიანის შინაგან სამყაროს ცხრა ნაწილად ყოფს.

მსხილაძის მოსაზრებით, ესენია: ტვინი, ჭკუა, გუმანი, სამშვინველი, ნება, გული, გონება, სინდისი და სული.

მისი განმარტებით, ტვინი მხოლოდ ფიზიკური ინსტრუმენტია, რომელიც ინფორმაციას იღებს, ხოლო ჭკუა ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებაზეა პასუხისმგებელი. მას ყოველდღიური პრობლემების გადამჭრელ „პირად ბუღალტერს“ უწოდებს.

„ისე ქართველებს როგორი საოცარი ენა გვაქვს... ისეთი სიტყვები შემოგვინახეს წინაპრებმა, ზუსტად რომ არტყამს მიზანში, მაგრამ ყოველდღიურობაში ისე ავურიეთ ეს ტერმინები ერთმანეთში, ხშირად თავადაც ვერ ვიგებთ, რას ვგულისხმობთ. ამას გარდა, სხვადასხვა ენებიდან შემოტანილმა ტერმინებმაც ძლიერი აღრევა გამოიწვია. მარტივად გავშალოთ ჩვენი შინაგანი სამყაროს ცხრა მთავარი ნაწილი: ტვინი, ჭკუა, გუმანი, სამშვინველი, ნება, გული, გონება, სინდისი და სული.

ყველაზე დაბლა და ხილულად ტვინი გვაქვს, წმინდა ფიზიკური და მატერიალური ინსტრუმენტი, ერთგვარი ანტენა და სარკე. ვცდებით როცა გვგონია, რომ აზრები მანდ იხარშება... სინამდვილეში ტვინი უბრალოდ ფიზიკური ორგანოა, ის თავისით არაფერს იგონებს, უბრალოდ ზედა სართულებიდან წამოსულ სიგნალებს იჭერს და სხეულს გადასცემს. ტელევიზორში დიქტორი ხომ არ ზის შიგნით ყუთში? ტვინიც ზუსტად ასეთი მიმღები აპარატია.

აი, ამ ანტენას რომ ამუშავებს, ის ჩვენი ჭკუა გახლავთ, ანუ ჩვენი მიწიერი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება. აი ის ანალიტიკური "შეშლილი" რომელმაც შეიპყრო კაცობრიობა და ყველაფერს ზომავს ჭრის თუ ა.შ. და რაც ყველაზე კატასტროფაა, ღრმა გადაწყვეტილებებს ვიღებთ აქედან... ჭკუა ჩვენი პირადი ბუღალტერი და ყოველდღიური პრობლემების მომგვარებელია. ის ითვლის, ანგარიშობს და ძალიან მიწიერია. მაღაზიაში ხურდა რომ არ დაგაკლონ ან ქუჩაზე გადასვლისას მანქანამ რომ არ გაგიტანოთ, ამაზე სწორედ ჭკუა ზრუნავს. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა აქვს, თუ მარტო დატოვე, საშინელი ეგოისტი ხდება და ჰგონია, რომ ამ მატერიალური სამყაროს გარდა არაფერი არსებობს. ზუსტად ამ ჭკუაშია ახლა კაცობრიობის უდიდესი ნაწილი გაჭედილი...

სადღაც ჭკუის მკაცრ ლოგიკასა და ჩვენს გრძნობებს შორის იმალება გუმანი, როგორც ჩვენი წინათგრძნობა და უხილავის აღმქმელი შინაგანი რადარი. ხომ ყოფილა შემთხვევა, ლოგიკა დუმს, ფაქტები არ გაქვს, მაგრამ შიგნიდან რაღაც გკარნახობს, რომ იმ გზაზე არ უნდა წახვიდე. ეს გუმანია! ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ ბუნებასთან უშუალო კავშირით გამომუშავებული უძველესი ინსტინქტი, რომელიც საფრთხეს ან სიკეთეს ჰაერშივე გრძნობს, სანამ ჭკუა მის გაანალიზებას მოასწრებს.

მერე მოდის სამშვინველი, ჩვენი ემოციური და ფსიქიკური სფერო, რომელიც განცდების სამეფოა. ეს სიტყვა პირდაპირ კავშირშია სუნთქვასთან. როცა რამე გვიხარია, გვწყინს, ვნერვიულობთ ან გვიყვარს, ეს სამშვინველის ამბავია. ის არის დამაკავშირებელი ხიდი ჩვენს უხეშ სხეულსა და მაღალ სფეროებს შორის. ცოტა დრამატული ტიპია, ხან სად მიგვაქანებს და ხან სად, მაგრამ მის გარეშე ცხოვრება უბრალოდ მოსაწყენი იქნებოდა.

თუმცა მთელ ამ ფერადოვან განცდებსა და ფიქრებს აზრი არ ექნებოდა, რომ არა ნება, ჩვენი შინაგანი მამოძრავებელი ძალა და სულიერი იმპულსი. ნება არის ის უხილავი ხერხემალი, რომელიც აზრს რეალობად აქცევს. ხშირად ვიცით, რა არის სწორი და გვინდა კიდეც, მაგრამ თუ ნებისყოფა სუსტია, ყველაფერი მხოლოდ ლამაზ იდეად რჩება. ნება არის ის მახვილი, რომლითაც ადამიანი თავის ცხოვრებისეულ გზას კაფავს.

აქ კი მივადექით ყველაზე მთავარ, გარდამქმნელ ცენტრს, გულს, რომელიც ცენტრალური ბალანსის, სიყვარულისა და გარდაქმნის უმთავრესი კვანძია. გული მთელი ამ ჩვენი არსების შუაგულია, წმინდათა წმინდა ადგილი, სადაც უპირობო სიყვარული და შინაგანი სიბრძნე ცხოვრობს. ტყუილად კი არ გვაქვს სიტყვები „გულწრფელობა“, „გულადობა“ ან „გულისხმისყოფა“. ძველი ეგვიპტელები გარდაცვალების მერე ზუსტად გულს წონიდნენ სიმართლის ბუმბულთან ერთად, ინდოელებისთვის კი ის შუა ჩაკრაა, რომელიც ქვედა ცხოველურ ინსტინქტებს და ზედა კოსმიურ ენერგიებს ერთმანეთთან აკავშირებს. ქრისტიანულ მისტიკაში საერთოდ მიზანი ისაა, რომ ჩვენი გონება ჩავიტანოთ გულში და იქ შევაერთოთ, რომ სრული ჰარმონია ვიპოვოთ. რუდოლფ შტაინერი იმასაც კი ამბობდა, მომავალში გული ჩვენი აზროვნების ახალი ორგანო გახდებაო და ა.შ. ა.შ.

გულს ზემოთ უკვე გონება გვხვდება, როგორც უმაღლესი ინტუიცია და სულიერი ჭვრეტა, ჩვენი სულის თვალი და უმაღლესი ინტელექტი. გონებას არ სჭირდება ჭკუა, კალკულატორი და ლოგიკური ჯაჭვები, მან უბრალოდ პირდაპირ იცის. აი, ის მომენტი, უცებ რომ გაგანათებს და წამოიძახებ „ააა, თურმე როგორ არის“, სწორედ გონების ჩართვის ბრალია. ის სცდება ყოველდღიურ წვრილმანებს და სამყაროს უნივერსალურ კანონებს უკავშირდება. როცა ჭკუა ჩუმდება და გული იხსნება, გონება მაშინ იწყებს ლაპარაკს.

სულთან ყველაზე ახლოს მდგარი უხილავი და მოუსყიდველი დარაჯი კი სინდისი გახლავთ, ჩვენი უმაღლესი მორალური კომპასი. დაუკვირდით ამ სიტყვას, თანაცოდნა, ანუ როცა შენმა არსებამ ზუსტად იცის სამყაროს უზენაესი კანონები და შენს ყოველ ნაბიჯს ამ ჭეშმარიტებას ადარებს. სინდისი არც ფიქრობს და არც გრძნობს, ის უბრალოდ გვამხილებს. მასთან მოლაპარაკება ან ვაჭრობა შეუძლებელია, ის ღვთიური ხმაა ჩვენში, რომელიც მაშინაც კი არ ჩუმდება, როცა შეიძლება მთელი სამყარო ტაშს გვიკრავდეს.

და ბოლოს, ამ ყველაფრის გვირგვინი არის სული, ჩვენი მარადიული, უკვდავი ღვთაებრივი საწყისი. ეს ის უცვლელი და უკვდავი ღვთაებრივი ნაპერწკალია, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ანთია. სული არ ბერდება, არ კვდება და არც მიწიერ პრობლემებზე იშლის ნერვებს. ის უბრალოდ არის. როცა ამბობენ, ადამიანში ღმერთის ნაწილიაო, ზუსტად ამ სულს გულისხმობენ.

მოკლედ, ასე ვართ მოწყობილები. ამიტომ, როცა ვინმეს ეტყვით "რა უტვინო ხარ", დაფიქრდით, სანამ ამ სიტყვას იტყვით. ტვინი, როგორც ფიზიკური აპარატი, ყველას გვაქვს, პრობლემა იშვიათადაა ორგანოში. იქნებ მას უბრალოდ ჭკუა არ ჰყოფნის მიწიერ საქმეებში, ან გუმანი ღალატობს და საფრთხეს ვერ ხედავს, სადაც ის აშკარაა. ანდა, იქნებ ნება აქვს სუსტი და, თუმცა იცის რა ქნას, მოქმედებაში ვერ მოდის.

ან კიდევ უარესი... იქნებ გული აქვს გაციებული, რომელიც მთელ ამ სისტემას აბალანსებდა და სიყვარულით ავსებდა. მაშინ სამშვინველიც მხოლოდ ბოღმის ფერებით ღებავს სამყაროს. იქნებ გონება აქვს დახშული ჭეშმარიტების წინაშე და სინდისი დადუმებული, რომელიც მორალური გზისკენ მიუთითებდა. როცა ადამიანი მხოლოდ ჭკუის ამარა რჩება, სულის მარადიული სინათლის გარეშე, ის უბრალოდ უტვინო კი არ ხდება, არამედ უშინაარსო მანქანა, რომელსაც მძღოლი დაავიწყდა“,- წერს მსხილაძე.