
ცოტა ხნის წინ ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე მამა გახდა. წყვილმა ახალშობილს კეკე დაარქვა.
გიორგი სოციალურ ქსელში მამობრივი სტატუსების პარალელურად მის საქმიანობასაც არ ივიწყებს და ამჯერად შემოქმედებიდან ერთ-ერთ ჩანახატს გვიზიარებს, რომელსაც სახელად „უამინდობის სიმღერა“ დაარქვა.
„ჩვენ, უნებლიედ გამოკეტილთ ზაფხულში ზამთრებს,
გვახარებს ღრუბლით გამომძღარი ავი ამინდი -
გვინდა ცივი და უადგილო წვიმებით დავტკბეთ,
უმზეოდ გავთბეთ და ქუჩაში ერთად გავიდეთ.
ჩვენ ის მზე გვიყვარს, წავიკითხეთ რაც ძველ ფურცლებზე,
ეს მზე ცხელია, ჩვენნაირ ხალხს იოლად ახრჩობს,
ამიტომ გვინდა ცუდ ამინდებს აკვანს ვურწევდეთ,
გვინდა ქარებმა იალქნები გაჭიმონ ახლოს.
კი, სხვანაირი ვერ ვიქნებით, ძნელია რადგან,
ვიწვეთ დიდი ხნის გაულესავ დარდის დანებზე,
ბლაგვმა ფოლადმა სიხარული გამოგვადინოს
მაგივრად სისხლის და გაყინულ ყოფას დავნებდეთ.
ამადაც გვიყვარს ამინდები - ფიქრში რომ გვამტვრევს -
სარკეებს, სადაც საკუთარ თავს ვხედავთ ფარულად -
ჩვენ, ზაფხულებში უნებლიედ ჩარჩენილ ზამთრებს,
ამ უადგილო გაწვიმების მოსიყვარულეთ“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის ახალი ფორმა წარადგინა