„უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენ ქრისტიანები ვართ და უმთავრესი რამის გვჯერა - მარადიული ცხოვრების, იქ მარადიული სამყოფლის. მისი უწმინდესი ცხოვრობდა ჩვენთვის. როგორც კელაპტარს რომ დაანთებ ხოლმე ლოცვის წინ და დაგიდნება, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი. ყველასთვის ჩამოდნა“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.
მისი თქმით, არ ახსოვს, რომ ილია მეორეს ვინმე გაელანძღა ან ვინმეზე აუგი ეთქვას. მან ასევე ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც პატრიარქმა იმ ადამიანების სახელების ჩაწერა სთხოვა, რომლებიც მას ტელეეთერში ლანძღავდნენ.
„ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო. მე ღმერთმა მათი სულები ჩამაბარა, მათი პატრიარქი ვარო.
მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, - განაცხადა მამა შალვამ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო 16:00 საათზე სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პატრიარქის უკანასკნელი ნათლული რეზი“ - ქეთი წიქვაძემ შვილის ფოტოები გაავრცელა