მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც განვლილ გზაზე, დაშვებულ შეცდომებზე, საკუთარ ნიჭსა და იმ ადამიანთა კატეგორიებზე საუბრობს, რომლებთანაც ურთიერთობასაც დღეს მაქსიმალურად ერიდება.
მომღერალი აღნიშნავს, რომ ხშირად დაუხარჯავს დრო არარაციონალურად და გადაწყვეტილებებიც დაუგვიანია, თუმცა საკუთარი წარუმატებლობა არასდროს არავისთვის დაუბრალებია.
„როცა პატარა ვიყავი, სულ სხვაგვარად წარმომედგინა ჩემი ცხოვრება, ბევრი ვიშრომე, ბევრი ვეძებე, ვცადე, ვიბრძოლე, ბევრ რამეში გამიმართლა, ბევრიც ვოზარმაცე, ბევრიც გადავდე, ბევრი დრო გავფლანგე, არარაციონალურად დავახარჯე დრო ბევრ ურთიერთობას (ეს უკანასკნელი დღემდე ვერ მოვიშალე), ბევრჯერ გამჩენია სურვილი რომ სიმღერის ნიჭი საერთოდ არ მქონოდა, ხმამაღლა მიყვირია - „რა ჩემს ფეხებად მინდოდა“-მეთქი.
ხმა საიდანღაც - „ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული“.
არასოდეს არავისთვის არ დამიბრალებია ის რაც არ გამომსვლია, რაც ვერ მივიღე, ალბათ გადაწყვეტილებები დავაგვიანე, ალბათ ძალიან მიყვარს ჩემი ის პატარა ნიჭი, რომელიც მაქვს, ალბათ მე დიდი ნიჭი მეგონა და არც ისე დიდი არ აღმოჩნდა.
ალბათ ჩემი გონება რა მასშტაბითაც უყურებს ყველაფერს ის არის ილუზიაა და ამიტომ რეალობა მეპატარავება?
დიდი ხნის მანძილზე ადამიანებში სამართლიანობას, სინდისს, ღირსებას და გულწრფელობას ვეძებდი, ამიტომ ძალიან მინდოდა მათთან „უიარაღოდ“ ეჭვების გარეშე მემეგობრა, მეცინა, მეთანამშრომლა, მეხუმრა და ა.შ. მაგრამ აქაც „მოვცურდი“.
ეს პოსტი არ არის არც დეპრესიული, არც არც თვითგვემა, ყველაფერი ამის (კიდევ ბევრი რამის) გააზრების შემდეგ ხშირად ვამოწმებ ჩემს სენსორებს, სიფხიზლეს, ჩემს გულწრფელობას, პირველ რიგში საკუთარ თავთან, მეც ხომ არ შევიცვალე, მეც ხომ არ გავექეცი ჩემს თავს.
ვერიდები მოგონილი სტატუსების მქონე ხალხს, საკუთარ თავზე მითებით შექმნილ აღიარება მოხვეჭილ ხალხს, გეოგრაფიული მდებარეობით ადამიანების დამყოფებს.
ვერიდები ზედმეტად გაუნათლებელ, ხეპრეობაში გადაზრდილ უტაქტო ხალხს, თავში არაფერი მაქვს ავარდნილი უბრალოდ არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომელსაც ხშირად ვაწყდებით და რომლებიც რიგ შემთხვევებში ჩვენს მომავალზეც ახდენენ დიდ, ნეგატიურ გავლენას.
ასევე ვერიდები ნებისმიერი მიმართულებით ფანატიკოსებს, ესენი ზედმეტად საშიში ხალხია.
ვერიდები „გამტარ“ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი ჰგონიათ ის რასაც ძალიან ჭკვიანური სახითა და შემეცნებითი ხმით საუბრობენ, არა და ისინი უბრალოდ „გამტარები“ არიან.
ძალიან ვრცელია ჩემი ყოველდღიური ფიქრების მიდი-მოდი.
ბევრი აქაც დაწერს „დაიკიდე“-ო, ასეთი ადამიანების მესმის, ისინი პასუხისმგებლობას ხშირად გაურბიან, ამიტომ, ნახვა პასუხისმგებლიანი ადამიანების არსებობა ხშირად ახსენებთ საკუთარ თავს, ან არ ახენებთ, მაგრამ მაინც უსიამოვნო შეგრძნება აქვთ ასეთი ადამიანების გამო.
ჰო და ვინც ამბობს „დაიკიდე“-ო მინდა რომ ხშირად არ იკიდებდნენ, ყველა დაკიდება მათ აშორებთ საკუთარ თავს.
ხშირად სარკეში ჩახედვა (გადატანითი მნიშვნელობით) ძალიან მძიმე ასატანია.
ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ, ჩემზე ბევრად კარგ ადამიანებს უცხოვრიათ და ცხოვრობენ, ჩემზე მეტიც იცდიათ, უსწავლიათ, არც უზარმაციათ, არც გაუბლანგავთ და ყველაფერი იდეალურთან ახლოსაც გაუკეთებიათ მაგრამ ალბათ მათ ათასჯერ უფრო მეტად დასწყვეტიათ გული.
ისევ ის ხმა - „სამწუხაროდ ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული...“.
თუმცა ჩვენს უახლეს ისტორიაში (არამხოლოდ უახლესში) ხალხმა ისეთი ცხოვრება გაიარა ჩემი საუბარი რა მოსატანია.
გთხოვთ, არ დამამშვიდოთ, არ ვღელავ, არც დეპრესიაში ვარ.
უბრალოდ მორიგი ფიქრიანი საღამო იყო...“, - წერს გიორგი სუხიტაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 24 აპრილს საქართველოში