ჟურნალისტი ნაზიბროლა რეხვიაშვილი იმ აბიტურიენტებს მიმართავს, რომლებიც წელს სტუდენტები ვერ გახდნენ. რეხვიაშვილი მათ გამამხნევებელ პოსტს უძღვნის, რომელშიც წერს, რომ მალე მათთვის ბევრი შესაძლებლობა გამოჩნდება, რომელიც ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.
„რა თქმა უნდა, ყველას ვულოცავ და საუკეთესო, საინტერესო ამბებს ვუსურვებ. და რა მინდა ვთქვა:
ვინც უნივერსიტეტში არ ან ვერ ჩააბარა, ყველას ძალიან დიდი პერსპექტივა და შესაძლებლობები გაქვთ, რომ იცოდეთ!
ამ ქვეყანაში ბევრი განათლებული ადამიანი გვჭირდება და განათლება კიდევ დიპლომს არ ნიშნავს აუცილებლად.
განათლება არის ღირებულებები და შესაძლებლობები.
განათლება არის იმის ცოდნაც, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს პროფესია, რომელსაც მაღალ დონეზე დაეუფლება, ყოველდღიურად დახვეწს და ამით, პირველ რიგში, საკუთარ ადგილს იპოვის, მუდმივი შემოსავალი ექნება და ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.
საქართველოში განათლების სისტემა ძალიან ცუდ დღეშია. ვიცი, რომ დღეს ამაზე საუბარი არაპოპულარულია, ვიღაც გამკიცხავს კიდეც.
ოღონდ მაინც ვიტყვი: ამ ქვეყნის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას მიაჩნია, რომ უმაღლესი განათლების დიპლომი ღირსებას მატებს.
ჩვენს ქვეყანაში ჯერაც არ ფასდება პროფესიული განათლება.
და სამწუხაროდ, ამდენი უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის სამუშაოები სწორედ იმის ბრალია, რომ ადამიანები პროფესიას არ ეუფლებიან, უმაღლესი განათლების დიპლომი კი ბევრს სულ ტყუილად აქვს, არც აჭმევს, არც ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს, არც არაფერში არგია საერთოდ.
ვიცი, ჩვენი სტუდენტებიდან ბევრს მართლაც საოცარი წარმატებების მიღწევა შეუძლია და ასეც იქნება.
დანარჩენებმა კი ისწავლეთ პროფესიები, ხელობა და თქვენი საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდით. ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენთვის და თქვენ ირგვლივ ყველაფერი უკეთესობისკენ, როგორი ფერადი და საინტერესო გახდება ცხოვრება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას და წარმატებას გისურვებთ, სტუდენტებსაც და იმათაც, ვინც სტუდენტი არ ან ვერ გახდა.
ყველანი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ხართ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის, მერე – ყველასთვის, ვისაც უყვარხართ. ამ სიყვარულის საფუძველი დიპლომი ნამდვილად არაა, თქვენი ადამიანური ღირებულებებია“, - წერს ნაზიბროლა რეხვიაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
🔵„მინდა ისეთი კაცური კაცი გავზარდო, როგორიც მამიკოს უნდოდა“ - ნინო ბერიძის ემოციური მილოცვა შვილს