ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი გია მურღულია სოციალურ ქსელში ემოციურ და ფილოსოფიურ ტექსტს აქვეყნებს, სადაც ადამიანებზე წერს:
„ადამიანი უყურებს ვარსკვლავებს... რა შორეული ნათებებია.
ზოგი მილიონობით სინათლის წლით სავალზეა - ამ გზაზე ფიქრსაც უჭირს სიარული.
ზოგი უკვე აღარც არსებობს - მხოლოდ მისი ადრე ყოფნის სინათლეღა აღწევს ჩვენამდე.
ზოგი იმხელაა, წარმოსახვას აღემატება.
ზოგი სიტყვა "არსებობასაც" კი შინაარსს აცლის.
ჩვენ კი ვდგავართ ღამით რომელიმე ქალაქის ან სოფლის ჩვეულებრივ მიწაზე და მათ შევცქერით - ასე დიადებს, ასე მიუწვდომლებს, ასე ბუნდოვანთა და გაუგებართ.
ცნობიერება რომ ჰქონდეთ (იქნებ აქვთ კიდეც), იფიქრებდნენ - განა შეუძლია არაფრობას, მტვრის მარცვალსაც რომ ჩამორჩება, ჩვენით დაინტერესდეს?
ან რით უნდა დაინტერესდეს - განა გონება აქვს?
ან რით უნდა დაგვინახოს - როდის იყო მტვერს თვალები ჰქონდა?
ან გონება და თვალები რომც ჰქონდეს, ჩვენზე რა უნდა იფიქროს?
რა დაკნინებული მოჩანს ალბათ მათ ხედვაში ადამიანი - "მტვრის მარცვალზეც უარესი".
ჰო, კაცისთვის ის ძალიან შორეული ვარსკვლავი სამუდამოდ მიუწვდომელი და გაუგებარია.
ახლა კი ერთი ძველი კითხვა დავსვათ:
განა ადამიანი იმ ვარსკვლავთათვის ასევე მიუწვდომელი და გაუგებარი არის?
რა იციან მათ ჩვენზე?
მაგალითად, იციან ის, რომ ყველაფერი ფარდობითია და თავისი საუკეთესო გამოვლინებით "მტვრის მარცვალი" ათას გალაქტიკაზე დიდი შეიძლება იყოს?
იციან, რა წიგნებს ვწერთ?
იციან, რა მუსიკას ვქმნით?
იციან, როგორ შეგვიძლია გვიყვარდეს?
იციან, ხანდახან ღმერთი რომ გველაპარაკება?
რა არის ყველაზე დიდი და უშორესი ვარსკვლავი სიყვარულით ნათქვამ თუნდაც ერთ წინადადებასთან შედარებით?
„მტვრის მარცვალზე მცირეც" ფარდობითი სამი სიტყვაა, რომელიც მნიშვნელობას ადვილად იცვლის.
დროთი შემოსაზღვრული ადამიანისთვის ხანდახან ასე ადვილად გადის მილიარდი სინათლის წელიწადი, რომელიც მისთვის იმ დღეს ერთი წამია.
მას შეუძლია ის წამი გამოთქვას, დახატოს, აამღეროს ან საერთოდ გააქროს.
პატარა ბავშვსაც შეუძლია - მხოლოდ ერთი გამოხედვითა თუ გაღიმებით.
თუმცა დაპირისპირება საჭირო არ არის.
ყველაზე ნათელი ღამე მაშინ დგება, როცა ის შორეული და იდუმალი ვარსკვლავები ცასთან ერთად გულშიც კიაფობენ,“ - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით