Digest Logo

„ყველაზე საზარელი ნაწილი ამბავს ხვალინდელ დღეს ახლავს, როცა გადარჩენილი ჭირისუფალი, 3 წლის თაია, დედის ძებნას დაიწყებს“ - გიორგი კეკელიძე

1795156398
გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ტრაგედიას ემოციური სტატუსით ეხმაურება. როგორც იგი წერს, სიცოცხლე სიკვდილზე სულ ასეთი, მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს.

„არაფერია იმაზე უფრო ცინიკური, ვიდრე ტრაგედიის მეორე დღეს მოწმენდილი ცა, მზე და ჩიტების მშვიდი ჭიკჭიკი. ღრუბელი მაინც იყოს, ქარი მაინც ქროდეს.

დაკრძალვიდან უკან რომ დაბრუნდები, სახლში შეხვალ და ჩამოჯდები. სამი-ოთხი წუთი და სამუდამოდ გასაბატონებლად გამზადებული გულგრილი სიჩუმე უცებ გოჭის ჭყვიტინით ირღვევა.

ბებიას თითქოს რცხვენია, რომ იმხელა ამოუცნობი და მისტიკური ამბიდან, როგორიც გარდაცვალებაა, აი, მაგალითად ბაბუას გარდაცვალება, ასეთ უბრალო საკითხზე ისაუბროს, ცოტას წრიალებს და ბოლოს მეტყვის:

„გამუუშვი გოჭი, ეტყობა ბოსტნაშია ჩაკეტილი.“

მე გავალ და მეზობლის ბავშვს დავინახავ, დაგროვილ სილაში სათამაშო მანქანით ერთობა. უცებ მახსენდება, რომ თამაშიც არსებობს, ეს ერთი კვირაა დავიწყებული თამაში. გოჭი გახარებული გამორბის, მე კი ხელი გამეჭრა ჭიშკრის საკეტზე. სახლში იოდი არაა. მეზობელთან გადავალ. იქ ტელევიზორია ჩუმად ჩართული. რაღაც ფეხბურთი გადის. პენალტების სერია. „დარჩი, უყურე ბოლომდე, აფერი არ უჭირს.“

სიცოცხლე სიკვდილზე სულ ასეთი, მარტივი და ყოფითი ძახილებით იმარჯვებს და გაბრუნებს საკუთარ სახლში: უცაბედი მობილურის ზარით, გამოსაბერტყი ღუმელის მილებით, დასაგები ლოგონით და მრავალი მსგავსით. მსგავსი არამაღალი, მაგრამ მაღალზე მთავარი ამბით“, - წერს გიორგი კეკელიძე.

ცნობისთვის, ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის 16 ნომერში მდებარე ე.წ. უსინათლოთა დასახლების 5-სართულიან კორპუსში აფეთქება 19 ნოემბრის დილის 9 საათზე მოხდა. ერთ-ერთი სადარბაზოს მე-5 სართულზე გაზის გამათბობლის მწყობრიდან გამოსვლას ნგრევა მოჰყვა. ჩამოინგრა შენობის მზიდი კონსტრუქცია, სრულად განადგურდა სადარბაზოს ცენტრალური ნაწილი, კიბის უჯრედები, სართულებს შორის გადახურვები და ფასადის ნაწილი.

დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. კრიტიკულია 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც გაზი აფეთქდა - ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი, სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.

მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში ნანგრევებში 6 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

ფონიჭალაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕მზე მშვილდოსანში გადადის: 22 ნოემბრიდან ზოდიაქოს 6 ნიშანს წარმატებული პერიოდი ეწყება – ვის მოუტანს მშვილდოსნის სეზონი იღბალს?

⭕„ვერ ვიჯერებ არიანა, რომ აღარ იკაშკაშებ კლასში…” - ფონიჭალის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ პატარას ემშვიდობებიან

⭕მოულოდნელი ამბები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ახალი შანსები – რას გვიმზადებს 20 ნოემბერი?

✕