Digest Logo

„ზაზა მუშაობდა ბევრგან... სასაფლაოზე - ყვავილებს უვლიდა...“ - გიორგი კეკელიძე ილია თოფურიას მამაზე

1731156593
ილია თოფურია

„დედა და ილია“ - ამ სათაურით მკითხველმა, რთული ცხოვრების მავთულხლართებით სავსე გზის გამარჯვებულ გაგრძელებაზე წიგნი იხილა.

ბიოგრაფიულ ლიტერატურაში, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის ცხოვრებაა გადმოცემული, აფხაზეთიდან - ალიკანტემდე.

ინგა ბენდელიანი-თოფურიას, რთული, ბრძოლით სავსე გზა და დაკარგული აფხაზეთის დაბრუნების იმედი, მწერალმა გიორგი კეკელიძემ ერთ წიგნში გააერთიანა.

წიგნის დაწერის იდეა მაშინ გაჩნდა, როცა ჩემპიონი ილია თოფურია სამშობლოში მშობლებთან ერთად დაბრუნდა.

ინგა ბენდელიანი-თოფურიას ისტორიის მთხრობელი გიორგი კეკელიძე გახდა, პროექტის მხარდამჭერი კი - SMH Sports-ი.

გიორგი კეკელიძე ამჯერად სოციალურ ქსელში წიგნიდან ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ილია თოფურიას მამაზე არის საუბარი:

„ესპანეთში აუცილებლად შეგხვდებათ მზე.
ზამთარიც რომ იყოს და ცას ცხრა ღრუბლის საბანი ეხუროს, მზე მაინც ჩანს. ჩანს და ანათებს. რადგან ესპანური მზე ასეთია, თუ ერთხელ ამოვიდა - სახურავებს, კედლებს, ქუჩებს, ადამიანებს გადაედება და კვირა მაინც ჰყოფნით. ზოგჯერ - კვირა-ნახევარიც. მზის ხასიათს გააჩნია - იმ დღეს რა ფეხზე ადგა.
ესპანეთში მთვარე რომ ამოდის, გულზე სამკერდე ნიშანი ჰკიდია. ბეიჯი - როგორც ახლები იტყვიან. ზედ აწერია - ფედერიკო გარსია ლორკა. სხვანაირი მთვარე ესპანეთში არ შეგხვდებათ - გინდ სავსე იყოს და გინდ - ნახევარი. რადგან, როცა ღამდება, სულ ეს ლექსი გახსენდება, ეს სტროფი:
„ო, მთვარევ, გაიქეც თორემ
სულ მალე ბოშები მოვლენ
და გამოადნობენ შენგან
ბეჭდებს და საყურის რგოლებს.“
მთვარე არ გარბის. მერე ბოშები მოდიან და რგოლებს ადნობენ. რაც ბოშებია, სულ ეს სამკაული უკეთიათ. მეორე დღეს ახალი მთვარე ამოდის და არც ის გარბის. ასეთია ცხოვრება.
ესპანეთში აუცილებლად შეგხვდებათ ოდნავ დაბალი, ულვაშიანი კაცი, სახელად ბუენოს. ეს მე მოვიგონე. დაბალი და ულვაშიანი - არა, ასეთებს გადააწყდებით - სახელი მოვიგონე. ასე მგონია, რომ ყველა ესპანელ კაცს - Buenos უნდა ერქვას და ქალს - Buenas.
რაც შეეხება ალიკანტეს, ალიკანტესკენ რომ მიდიხარ, გზად ნახევარუდაბნოა. მშვენიერია ეს ნახევარუდაბნო. ბაცი ყვითელი. ამ ყვითელზე ამოსული მომცრო ბუჩქები და სახლები. თეთრი, დაბალი შენობები, წითელი კრამიტით. ლამაზი სამზერია, მატარებლით თუ მიდიხარ.
რახან ლამაზია, ესე იგი, ისეთი ნახევარუდაბნოა, რომ ოაზისი არ სჭირდება, მაგრამ მაინც აქვს. სახელად - ალიკანტე.
ალიკანტე ადამიანების ქალაქია. იმდენი და იმდენგვარი ხალხი ტრიალებს, შენობებს ძნელად შეამჩნევ. მაგრამ ცხადია, რომ არის შენობებიც და მათ შორის უპირველესი - მარიამის ბაზილიკა.
ალიკანტეს საკუთარი ნარიყალა აქვს. და კიდევ რამდენიმე ციხე. როგორც ყველა კარგ ესპანურ ქალაქში, ალიკანტეშიც არის Mercado. ანუ ბაზარი. სარიტუალო ნაგებობას ჰგავს ეს ბაზარი. ესპანურად ამაყია და ცოტა არაბულიც დაჰკრავს. მერკადო დიდია და უნდა დაიკარგო. ასეთი ბაზრები დასაკარგავად მოიგონეს. სავაჭროდაც. მაგრამ ვაჭრობაზე მეტი დაკარგვაა, თუ თვალიერება გიყვარს.
ერთი ქუჩაა - სულ სოკოების ქანდაკებებია. სოკოებზე ლოკოკინებია ამხედრებული. უმანქანო ქუჩაა და თითქოს სოკოების ტყეში დაეხეტები. ამას გარდა, კიდევ რამდენიმე ქუჩაა და მერე სანაპიროზე გახვალ. სანაპიროზე ყვითელი ქვიშაა.
წყლის გადაღმა ალჟირია. ალჟირში ცხელა.
ინგამ თქვა, რომ ალიკანტე სოხუმს ჰგავს. რადგან მთაც არის და ზღვაც. რადგან აქაც ქარია. ან ეგებ ქარი არ არის და თვითონ ქალაქი ქრის. მთელი ქალაქი. ქრის სახლები, აივნები და აივნებზე ადამიანები და ქუჩები და ქუჩებში ადამიანები და ადამიანებში ფიქრები და ფიქრებში იალქნები და იალქნები ზღვაზე და ზღვაც ქრის თითქოს და ზღვა რომ ქრის - ეს არის ალიკანტე.
ბენაკანტილის მთა ამაყია. ამ მთამ იცის, რომ აქ ადამიანი 7000 წლის წინ დასახლდა. და მას შემდეგ მთა ხედავს, რომ ადამიანს შეუძლია, მოკლას და შეიყვაროს, მოიპაროს და აშენოს, იტიროს და იცინოს, გააგდოს და შეიფაროს.
ინგა და ზაზა ასე შეიფარეს.
ბენეკალტილის მთას და შემოგარენს Ἄκρα Λευκή ერქვა ოდესღაც. აკრა-ლეუკა. ჰანიბალის მამამ, ჰამილკარ ბარკამ ააგო და მას მერე მრავალმა დაატყო ხელი. სახელი ალიკანტე არაბულიდან უნდა იყოს - ألَلَقَنْت - ალ-ლაკანტი - რაც, თავის მხრივ, მისი წინაპარი რომაული ქალაქის, ლუკენტუმის ლინგვისტური გამოძახილია. რომაელებს და არაბებს შორის აქაურობა ვესტგუთებს ეჭირათ. შესაბამისად - ალიკანტე მრავალფერია. ისეთი, როგორიც სოხუმი იყო. ამიტომაც ინგას და ალიკანტეს ერთმანეთი შეუყვარდათ.
დასახლდნენ ბოშათა უბანში. ამ უბანს კოლონია რეკენა ჰქვია. განა მხოლოდ ბოშები - ესპანელები, არაბები, რუმინელები ცხოვრობდნენ იქ. უკვე ქართველებიც. ფანჯრებიდან ხმამაღალი Gipsy Kings. აივნიდან აივანზე გაჭიმული თოკები ჭრელი სარეცხით. „Escucha me“. სადარბაზოებში მარიხუანას სუნი. „Bamboléo“.
ამ ქალაქს არასდროს სძინავს და თუ სძინავს, თვალღიაა და სიზმრებს ასე ნახულობს. ამ სიზმარში აივანზე აუცილებლად გადმოდგება გოგო პერანგით და ყელზე ოდნავი, ზაფხულის ხვატიანი ღამისთვის ნაცნობი ოფლით და მეორე აივანზე მჯდარ ბიჭს გასძახებს: ხოსე! გაქვს მოსაწევი?! სიმღერა მინდა! ხოსეს მოსაწევი ყოველთვის აქვს და სიმღერაც იცის. და მღერიან მერე დილამდე ეს გოგო და ეს ბიჭი. ოდნავ ხრინწიანი, უძილო ხმით. ეს სიმღერაა ალიკანტე.
ზაფხულის შუაღამეს სოფელში და ზაფხულის შუაღამეს ქალაქში სხვადასხვა სუნი აქვს. სხვადასხვა რომ არის, ამის შემოწმება ასე შეიძლება: დილის ოთხ საათზე წამოდგები და აივანზე გახვალ. სუნი, რომელსაც ქალაქი შეგაგებებს, ბევრი სუნისგან შედგება - ცოტა ასფალტისაა, ცოტა ნაგვის, ცოტა იშვიათად ჩავლილი მანქანის კვამლის, ცოტა ფანჯრიდან გაფენილი სარეცხის და უფრო მეტი იმ იშვიათი სახეობის ქარის, თბილი ქარის, მეტროს შესასვლელში რომ გხვდება - არ ვიცი, ზუსტად რისგან არის იმ ქარის სუნი ნაწარმოები, მხოლოდ ვარაუდები მაქვს. ეს სუნი იდგა ალიკანტეს სახლის აივანზე შუაღამისას.
ქალაქის სუნი ერთია და მეორე - ქალაქში სამსახურის ძებნა. გასაუბრებები. ლოდინი. ლოდინი. ლოდინი. და მათგან ერთ-ერთზე, ინგამ ოლგა და ალბერტო გაიცნო. ადგილობრივი ბანკირი ცოლ-ქმარი. ბავშვის აღმზრდელს ეძებდნენ. ინგამ ჯერ ესპანური არ იცოდა. მხოლოდ ორ სიტყვას თუ გაცვლიდა. გერმანული, რუსული - შესანიშნავად. ცოლ-ქმარი ორმოცს მიღწეულია. ჭკვიანი. ენები მათაც იციან. სხვა ბევრი რამეც. გამოცდილი ხალხია. აი, ისეთი, ზურგის ტვინით რომ უფრო ფიქრობს. და კაცმა რომ თქვას, ეს ფიქრი უფრო ზუსტი გამოდგება ხოლმე. ინგა აჩვენებს დიპლომებს. უყვება საკუთარ გზაზე, სურვილზე, მოტივაციაზე. ცოლ-ქმარი იღიმის და ბოლოს მხოლოდ ამას ეკითხებიან: „რამდენ ხანში შეძლებ ბავშვთან ესპანურად ლაპარაკს?“ ინგა პასუხობს - „მალე!“ „მალე“ - ბუნდოვანი პასუხია, მაგრამ გააჩნია, ვინ ამბობს და როგორ. ინგა ლაპარაკობდა მტკიცედ. შეუძლებელია ომი ნახო და მტკიცედ არ ილაპარაკო. შეუძლებელია, ჭუბერი გადმოიარო და სიმართლე არ ახლდეს ამ სიმტკიცეს. ოლგა და ალბერტო დათანხმდნენ. ხომ გითხარით, ზურგის ტვინი ხან უფრო ზუსტია. ხან კი არა - ეგებ სულაც.
„და თუ გვეყოლებოდა, ინგა უნდა ყოფილიყო“ - თქვა მოგვიანებით ოლგამ.
დამთხვევები აქაც არ გვტოვებენ: 2007 წლის 22 მარტს ინგა ესპანეთში ჩავიდა. 2008 წლის 22 მარტს დაიბადა ადანი, ოლგას და ალბერტოს შვილი, რომელსაც ინგა 7 წელი ზრდიდა.
ხოლო ზაზა მუშაობდა ბევრგან. სასაფლაოზე - ყვავილებს უვლიდა. აუზზე, თევზის რესტორანში, მშენებლობაზე, დაცვის სამსახურში. მოკლედ, ძველი ლოზუნგივით იყო - შრომა, შრომა და შრომა. და ხომ გითხარით ადრეც, რომ სულ ფიქრია ეს შრომა. შრომობ და ფიქრობ მასზე, ვისთვისაც შრომობ.
ფიქრობ ოთხ შვილზე, რუსთავში რომ ცხოვრობდნენ მაშინ“, - წერს გიორგი კეკელიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

 „ჩემს კარიერაზე უარი ვთქვი და დავიწყე ნიკას მომავალზე ოცნება და მთელი ჩემი რესურსი ამაში ჩავაქსოვე“ - ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეზე

კინოთეატრ „კავეაში“ ილია თოფურიას შესახებ დოკუმენტური ფილმის - „თოფურია მატადორის“ პრემიერა გაიმართა

„სასიამოვნო შეხვედრების და გაცნობის თვე გაქვთ...“ - ნოემბრის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან