მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია „თბილისელებთან“ ცხოვრების მძიმე ისტორიას იხსენებს.
როგორც მოდის ბლოგერი ჰყვება, მან ახალგაზრდა ასაკში ძმა დაკარგა, მოგვიანებით კი 43 წლის და:
„ეს არის ადამიანის სიძლიერე, როცა შეგიძლია, მართო ემოციები. თავად ვარ ძალიან ოპტიმისტი და ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა მშველის პრობლემების და ტკივილების გამკლავებაში. შენს ცხოვრებაში ყოველი ტკივილი, ყოველი არასწორი ადამიანის გამოჩენა, არის ის გაკვეთილები, რაც უნდა მიიღო, როგორიც არის, გამოიტანო დასკვნა და გააგრძელო ცხოვრება, რომ ერთი და იგივე შეცდომა არ დაუშვა, ერთი და იგივე წრეზე არ იარო. თუ ამას ისწავლი და ადამიანს მისი მართვა შეგეძლება, ეს დიდი პრივილეგიაა. ჩემთან ეს წლებმა მოიტანა, ხასიათი კი სულ ასეთი პოზიტიური მქონდა. ცხოვრებამ პირველი ტკივილი მაშინ მომაყენა, როცა ჩემი საყვარელი, ჩემი და ჩემი შვილის გამზრდელი ბებია გარდაიცვალა.
23 წლის ვიყავი და მისი გარდაცვალება ძალიან მეტკინა. შემდეგ, 32 წლის ვიყავი, როცა 31 წლის ძმა, დათო, გარდამეცვალა, იარაღი გაუვარდა. მაშინ საქართველოში არ ვიყავი, ამერიკაში ვცხოვრობდი და ჩემი ძმა გარდაცვლილი არ მინახავს. მისი გარდაცვალება დასაფლავების დღემდე დამიმალეს. ახალი წასული ვიყავი, 90-იანი წლები იყო, დარეკვაც ჭირდა, მობილურები არ არსებობდა, საბუთები ჯერ არ მქონდა წესრიგში და მამამ იფიქრა, გამოვიქცეოდი, გავაფუჭებდი ყველაფერს და ამიტომ დამიმალეს. რადგან დათო გარდაცვლილი არ მინახავს, ზღაპარივით აღვიქვამ, როგორც იყო და არა იყო რა, თითქოს სადღაც არის წასული და ამიტომ ვერ ვხედავ. ჩემი დის, დიანას 43 წლის ასაკში გარდაცვალება კი ასმაგად გაუსაძლისი ტკივილი იყო. წინა საღამოს ველაპარაკე, ყველაფერი კარგად იყო და დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. დამიმალეს მისი გარდაცვალებაც, მითხრეს, ცუდად არისო, სასწრაფოდ მივედი და გარდაცვლილი დამხვდა. ისეთი შოკი მივიღე, ადამიანს წარმოდგენა გაუჭირდება. ყველაზე მწარეა დედმამიშვილის გარდაცვალება, ისეთი სიმწარეა, თითქოს სხეულის ნაწილი ამომგლიჯეს და გადააგდეს. ჩემმა და-ძმამ, დათომ და დიანამ, მარტო დამტოვეს და ჩემს მშობლებზე ვიყავი ჩაბღაუჭებული, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ დიდხანს ეცოცხლათ და ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ, მათთვის ტკივილი შემემსუბუქებინა. მამა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, დედა კი – 85 წლის. დედა ყველაზე მთავარი ადამიანი იყო ჩემთვის და მისი გარდაცვალებით კიდევ უფრო გავიზარდე, ძალიან მიჭირს მის გარეშე.
ძალიან მიჭირს სასაფლაოზე სიარული, ლოცვებში ვიხსენიებ. თუმცა, ის დღეები, როცა აუცილებელია მათ საფლავზე გავიდე, მივდივარ. სხვათა შორის, გარდაცვლილი ოჯახის წევრებისგან განცდილი ტკივილების დაძლევაში ჩემი მამაო, მამა გიორგი, დამეხმარა. რომ არა ის, ალბათ, ვერ შევძლებდი, რადგან ზუსტად მაშინ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. მეტად ვირწმუნე და დავიჯერე, ეს ყველაფერი რომ უფლის ნებაა, ამქვეყნად ჩვენ, ყველა სტუმარი ვართ და როცა დრო მოვა, ჩვენც წავალთ. დიანა თითქმის ჩემი გაზრდილი იყო, ჩვენ შორის ათი წელი იყო სხვაობა. ჩემი შვილი და ჩემი და ერთად იზრდებოდნენ და ამიტომ, მისი გარდაცვალება უფრო სხვა ტკივილი იყო. დათო რომ გარდაიცვალა და აქ არ ვიყავი, იქ დავდიოდი ეკლესიაში და ვლოცულობდი მისი სულისთვის, ხოლო, დიანა რომ გარდაიცვალა, ყოველდღე დავდიოდი ვერის სასაფლაოზე, მის საფლავზე. მამა გიორგი წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის წინამძღვარია და რომ დამინახა, ყოველდღე საფლავზე მივდიოდი, დიდხანს ვრჩებოდი და მიჭირდა იმ ადგილის დატოვება, დამიძახა და მითხრა: ყოველდღე რომ მოდიხარ, შენ გგონია, იქ შენს დას იპოვი? ნუ ტირი, ნუ ეძებ სასაფლაოზე შენს დას, ახლა სჭირდება მას შენგან ლოცვა და დახმარება, რომ ამ ორმოცი დღის განმავლობაში გზა გაუნათო სხვა სამყაროში გადასასვლელადო.
ორმოცი დღეც არ იყო გასული, როცა დიანა პირველად ვნახე სიზმარში და მითხრა: გხედავდი, როგორ მოდიოდი, ყველაფერი მესმოდა, როგორ ტიროდიო. ახლაც რომ მესიზმრება, თითქოს ცხადად მოდის და უფრო მტკივა. დათოც მესიზმრება, თუმცა იშვიათად. ჩემი დედმამიშვილები სულ ახალგაზრდები და ლამაზები დარჩნენ ჩემს გონებაში და მოგონებებში. სხვათა შორის, დედა და მამა ერთად ვნახე სიზმარში, ჩუმად ისხდნენ, საყვარლად, არაფერი უთქვამთ“, - ამბობს დალი ჩიტალაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ დალი ჩიტალაძე: 45 წლის შვილი რომ მყავს, როგორ შეიძლება, ჩემი ასაკი დავმალო