მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი, მომხიბლავი ქალბატონი, რომელიც გემოვნებიანად იცვამს და მუდმივად ფორმაშია - ასე ახასიათებენ დალი ჩიტალაძეს, რომელიც მიმდინარე წლის 30 მარტს 63 წლის გახდა.
მან დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.
იგი ამჯერად ჟურნალ „თბილისელებთან“ ასაკზე, შვილსა და დაბადების დღეზე საუბრობს:
„წლოვანებას არასოდეს ვმალავ, 63 წლის გავხდი. 45 წლის შვილი რომ მყავს, ჩემი ასაკი როგორ შეიძლება დავმალო? წლების მატება არ მაშინებს, მთავარია, ადამიანი ჯანმრთელი იყო, ყოველ წელს პროგრესირდე და გაიზარდო. მიხარია, რომ სხვებზე მეტი ვიცი წლებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე და ის, რაც მე მიყვარს, პროფესიული და ცხოვრებისეული თვალსაზრისით, კიდევ უფრო ვიღრმავებ. ეს, ყველაფერი ერთად, გაძლევს დიდ თავდაჯერებულობას, სიბრძნეს. ჩვენს ციფრულ სამყაროში და აჩქარებულ დროში ახალგაზრდობა დიდხანს გრძელდება. ახალგაზრდა ხარ ადამიანი, სანამ ხარ ჯანმრთელი, პროფესიონალურადაც და ცხოვრებისეულადაც შემდგარი პიროვნება და მოხუცებულობა იწყება მაშინ, როცა გიჭირს გადაადგილება და ადამიანებთან ურთიერთობა გღლის. ასე რომ, მეც მქონდა სერიოზული პრობლემები, მაგრამ არ დავნებდი და დღეს კარგად ვარ.
დაბადების დღე არ აღვნიშნო, არ შემიძლია. ჩემი დაბადების დღეები ყოველთვის პატარა კონცერტს ჰგავს, პომპეზურია და საოცარი ჟრიამულია, თუმცა წელს ასეთი არ გადამიხდია, უბრალოდ, ძალიან ახლო მეგობრებში აღვნიშნე. კიდევ ვამბობ, ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე და ვფიქრობ, სანამ ადამიანი ცოცხალია, უნდა უხაროდეს დაბადების დღის აღნიშვნა, რადგან ეს ის დღეა, როცა ჩვენ სამოგზაუროდ დედამიწაზე ჩამოვედით. განვლილი გზები ჩემთვის დიდი გამოცდილებაა, დიდი გაკვეთილები, დიდი მოგზაურობა ამ ქვეყანაზე და ღმერთი რომ გაძლევს საშუალებას, ამ ულამაზეს დედამიწაზე მოხვიდე და შეიგრძნო ყველაფერი, რასაც ადამიანი გრძნობს, ძალიან მიხარია და ამიტომ, ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის აღვნიშნავ“, - ამბობს დალი ჩიტალაძე.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ: