მსახიობი და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე, პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას.
„დაიჯესტი“ დღეს ნიკოლოზ წულუკიძის პირადზე გიამბობთ. გავიგოთ როგორია მსახიობის და ტელეწამყვანის ცხოვრება ეკრანს მიღმა და რა ხდება მის დიდ ოჯახში.
კარიერა
ნიკოლოზ წულუკიძის ცხოვრებაში წარმატება დიდი შრომის შედეგად მოვიდა. თეატრმცოდნე ლეგენდარული მსახიობების, მწერლების, პოეტებისა თუ საზოგადო მოღვაწეების საღამოებს ისე უძღვება, რომ დარბაზი მისი მოსმენით მონუსხულია. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ წულუკიძე სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე გადაცემის წაყვანას ახერხებს. თეატრმცოდნის ინტელექტსა და გაწონასწორებულ საუბრის მანერაზე საუბარი ზედმეტია. საკუთარი იმიჯი კეთილგანწყობით, სკანდალების გარეშე და შრომით შექმნა.
პოზიტიური, თბილი და ყველასათვის საყვარელი ნიკოლოზ წულუკიძე დადებით ემოციებთან და განსაკუთრებულ იუმორის გრძნობასთან ასოცირდება. „იმედის“ წამყვანი და თეატრმცოდნე შემეცნებითი სიუჟეტებით ანებივრებს მაყურებელს. ბევრს მოგზაურობს როგორც გადამღებ ჯგუფთან, ასევე ოჯახთან ერთად. პანდემიის გამო, უამრავი ქართველი ვარსკვლავი სამსახურს დროებით დაემშვიდობა, მაგრამ ეს ნიკოლოზ წულუკიძეს არ ეხება.
ცოლი
ნიკოლოზ წულუკიძემ ოჯახი წლების წინ შექმნა. მისი რჩეული თეკლა კოსტავა გახდა. წყვილი 2013 წელს დაოჯახდა. მათ ქორწილს უამრავი ცნობადი სახე ესწრებოდა. თეკლას საზოგადოება ნაკლებად იცნობს.
ნიკას ინტერვიუების მიხედვით, მისი მეუღლე ბანკში მუშაობს და საჯაროდ, ტელეეკრანებზე გამოჩენა არ ხიბლავს. ამიტომ ნიკა დაოჯახების ამბავს დიდი ხნის მანძილზე საჯაროდ არც განიხილავდა.
– როგორ შეიცვალა ოჯახის შექმნის შემდეგ ნიკა წულუკიძე?
– ძირეულად შევიცვალე. როცა ხდები მეუღლე, ორი შვილის მამა, გემატება პასუხისმგებლობა, მოვალეობები, სხვა განცდებით ეგებები ყოველი დღის გათენებას, შენი შვილების თვალებით უყურებ სამყაროს, სხვანაირი სიმშვიდეა ოჯახში დაბუდებული.
ნიკას 2 შვილი ჰყავს გოგო და ბიჭი.
„რომ მკითხო, როგორია იდეალური ოჯახი, ყოველგვარი გაპრანჭვის გარეშე გეტყვი, რომ ისეთი, როგორიც ჩვენი ოჯახია. არ ვტრაბახობ, საოცარი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთისადმი. ჩვენს ოჯახში არ მახსოვს ყვირილი. შეიძლება იმიტომ, რომ მამა ექვსი წლით არის უფროსი დედაზე ან იმიტომ, რომ ოჯახში მამა მთავარია და დედას ეს გაცნობიერებული აქვს. ჩვენც ასე გაგვზარდა დედამ, მამის სიტყვა კანონი იყო იმთავითვე.
ჩემი მშობლები ისტორიკოსები არიან... მე-6 კლასი რომ დავამთავრე, მამამ გაკვეთილების ცხრილი მთხოვა, დათვალა, რამდენ საგანს ვსწავლობდი და მითხრა, გაკვეთილების ჩაბარებას არ გთხოვ, უბრალოდ, ამოირჩიე ამ საგნებიდან ხუთი და ყოველთვის ისწავლეო. ჩემები არ იყვნენ ისეთი მშობლები, რომლებსაც ეგონათ გენიოსი ეზრდებოდათ და ყველაფერს ასწავლიდნენ: მათემატიკას, ქართულს, ცურვას, ცეკვას, ფრენას, ხტომას. ამიტომ მამაჩემმა იმთავითვე დაიწყო ჩემთვის ფასეულობების ჩამოყალიბება, რა იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის. ის არ მთხოვდა, ყოველდღე ჩამებარებინა ფიზიკის გაკვეთილი, თუმცა დღემდე მახსოვს ნიუტონის კანონი. სამაგიეროდ მთხოვდა მსოფლიო რუკის ცოდნას. ყოველდღე ერთი ქვეყანა უნდა მეჩვენებინა სად იყო, მეთქვა მისი დედაქალაქი, სალაპარაკო ენა, სარწმუნოება, მოსაზღვრე ქვეყნები და მასში არსებული ზღვა და მდინარეები. ამიტომ რუკა დღემდე კარგად ვიცი. ახალი ზელანდია კანფეტს ჰგავსო, მასწავლიდა, იტალია - ჩექმასო, საბერძნეთს კუნძულ-კუნძულ ასკინკილით შემოირბენო,“- ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
სახლი
„ეს ბინა დიდი ხანია გვაქვს და როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტე, ჩემი გემოვნებით გავარემონტე და მოვაწყვე. დიზაინერი არ მყოლია. საერთოდ, რეტრო სტილი მიყვარს. ჩემთვის სახლი სიწყნარესა და სიმშვიდესთან ასოცირდება, ამიტომაც კედლები სადაა, მაქვს ბევრი ნახატი, რომლებიც კარგ განწყობაზე მაყენებს და დადებითი ემოციით მავსებს. ავეჯიც ჩემი არჩეულია. ხის სავარძლები და ვინტაჟის სტილში გაკეთებული კარადა ბორჯომში წასაღებად ვიყიდე, მაგრამ თეკლა ცოლად რომ მოვიყვანე, მოეწონა და გადავწყვიტეთ, თბილისში დაგვეტოვებინა. ძველმოდურია და კარგ განწყობას მიქმნის.