
როგორია ტელეწამყვან ნიკოლოზ ხაჩიძის დამოკიდებულება ასტროლოგიასთან, საკუთარი ნიშნის რა თვისებებია მასში დომინანტური და რას შეცვლიდა საკუთარ ხასიათში, ამის შესახებ იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
„დეკემბერში ვარ დაბადებული და ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ. ასტროლოგიის მჯერა, სანდო მეცნიერებად მიმაჩნია. პირადი რუკა ერთხელ მაქვს გაკეთებული და იმდენად საინტერესო დეტალები ამოვიდა ჩემთან მიმართებაში, რომ ვირწმუნე. ყოველდღიური ჰოროსკოპები სისულელედ მიმაჩნია და არც ვკითხულობ, მაგრამ როდესაც ჩემი ზოდიაქოს ნიშნისთვის რთული პერიოდებია, მაშინ შედარებით ფრთხილად ვარ, მსგავს ინფორმაციებს ვიღებ და ვითვალისწინებ“, - ამბობს ზურა ხაჩიძე.
– განვიხილოთ შენი ზოდიაქოს თვისებები. მშვილდოსნებს განსაკუთრებული ერთგულება ახასიათებთ...
– ასეა. მე შუალედურობა არ მახასიათებს. ადამიანი ან მიყვარს, ან საერთოდ არ მაქვს კონტაქტი. როცა მიყვარს, მისი ძალიან ერთგული ვარ. ნივთებისა და მატერიალური ფასეულობების მიმართ მიჯაჭვულობა საერთოდ არ მახასიათებს, მაგრამ ადამიანების მიმართ – კი. თუმცა, თუ რამე მოხდა და ურთიერთობა გაწყდა, ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი.
– რამდენად უშიშარი ხარ, ეს თვისებაც ახასიათებთ მშვილდოსნებს.
– ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან უშიშარი ვარ. უშიშარი მაშინ ვხდები, როცა ჩემს ახლობლებს ექმნებათ პრობლემა. სხვა მხრივ, ბევრი შიში მაქვს. მაგალითად, სიმაღლის მეშინია. ასევე, ცოტა უცნაურია, მაგრამ ძალიან დიდი ძეგლების მეშინია. წლების მერე გავიგე, რომ ეს ფობია ყოფილა. ბავშვობაში, როგორც წესი, ურჩხულები და საშიში არსებები ხომ გვესიზმრება და მე სულ მესიზმრებოდა ადგილი, სადაც იყო ძალიან მაღალი ძეგლები, რომლებიც მოძრაობას იწყებდნენ და მეშინოდა, ჩემთვის ფეხი არ დაედგათ (იცინის). ეს შიში იმდენად გამომყვა, ვაშინგტონში რომ ჩავედი, თეთრ სახლთან მავზოლეუმში შესვლა ვერ გავბედე (იცინის). პატარა ძეგლების შიში არ მაქვს, რაც ჩვენ ქალაქშია თვალი მაქვს შეჩვეული და ისე ავუვლი გვერდს, ვერც შევამჩნევ, მაგრამ უცხო ქვეყანაში, რომ ძალიან დიდ ძეგლს ვხედავ, იმის აღარ მეშინია, რომ ფეხს დამაბიჯებს, მაგრამ ძალიან უსიამოვნო განცდა მეუფლება (იცინის).
– ძალიან პირდაპირი და ზოგჯერ ცოტა ენამკვახეც არის.
– დაღმავალი მორიელში მყავს. როგორც განმიმარტეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად ვიცი სიმართლის თქმა. შეგიძლია, ენით გააპო ქვა და რკინაო, მითხრეს და მირჩიეს, მაქსიმალურად უნდა ეცადო, ეს თვისება დაივიწყოო, მაგრამ გონებას და ენას ყოველთვის ვერ უბრძანებ და ზოგჯერ გამექცევა (იცინის).
– რა თვისებები მოგწონს საკუთარ თავში და რას გამოასწორებდი?
– სიფიცხეს გამოვასწორებდი. სიჯიუტეც მისი მეგობარი თვისებაა და მასზეც ვიტყოდი უარს. ჯობია, რაციონალური იყო ყველა სიტუაციაში, ვიდრე წამიერ ემოციებს აჰყვე, რაც მე მახასიათებს. შეიძლება, მომენტებში ცოტა სიზარმაცეც მახასიათებს და ამასაც ამოვიღებდი ჩემი ხასიათიდან. ძალიან მომწონს პირდაპირობა. შეიძლება, რაღაცები დამიკარგავს ამის გამო და გარკვეულ სიტუაციებში დავზარალებულვარ კიდეც, მაგრამ ასე კომფორტულად ვგრძნობ თავს. არ მინდა, ტყუილში ვიცხოვრო ან ვერ ვთქვა ის, რასაც კონკრეტულ მომენტში ვფიქრობ. ოპტიმისტი რომ ვარ, ესეც ძალიან მომწონს.
ჩემს თვისებებს ცოტა რომანტიკულობას შევმატებდი (იცინის). მგონი, მხოლოდ მე მეზიზღება სიურპრიზები. ყველაზე არარომანტიკული ადამიანი ვარ და ეს დაგეგმილი სიურპრიზები სტრესს იწვევს ჩემში. ჩემს თავს რომანტიზმს შევმატებდი იმ მხრივ, რომ კარგი იქნებოდა, რაღაცებისთვის უფრო მსუბუქად და სხვა ფერებში შემეხედა, ანუ რეალობა რომ უფრო მსუბუქად და სასიამოვნოდ მივიღო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: