Digest Logo

„ადრე ყველაფერი ახლოს მიმქონდა გულთან და დიდ ტკივილს ვგრძნობდი, ბრაზი უამრავ დაავადებას იწვევს. ამიტომ ვცდილობ, ვაპატიო ადამიანებს“ - მარიკა თხელიძე

1745697952
 - მარიკა თხელიძე

მომღერალი მარიკა თხელიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს. 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– რა ცვლილებებს ატყობთ საკუთარ თავს წლების მატებასთან ერთად?

– შვილებთან ურთიერთობაში სულ უფრო და უფრო მეტად ვცდილობ, ჩემი თავის უკეთესი ვერსია ვიყო. ვცდილობ, მათ ჩემი ყურადღების დეფიციტი არ ჰქონდეთ. ბოლო ერთ წელიწადში კიდევ უფრო შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება. ჩვენ არ ვიბადებით დედებად, ყველაფერი გამოცდილებაა, პრაქტიკაში მოდის ცოდნა. ხშირად ვუსმენ ჩემთვის განსაკუთრებით პატივსაცემ ადამიანს – შალვა ამონაშვილს, ვცდილობ, მისი რჩევები გავითვალისწინო. ასევე, ჩემი უფროსი შვილი, ნიკოლოზი ძალიან კარგ სკოლაში სწავლობს და მისი საოცარი მასწავლებლების ხელშეწყობით ვაბალანსებ მასთან მიდგომებს. შვილებთან ურთიერთობაში საკუთარ მეს არ ვწევ წინა პლანზე, ვცდილობ, მათ მოვუსმინო, რჩევაც ვკითხო და მათი აზრიც გავითვალისწინო.

მთელი ცხოვრება მინდოდა, სრულფასოვანი, შეკრული მოსიყვარულე ოჯახი მქონოდა, რომელშიც ოჯახის წევრები ყველაფერში ერთმანეთს უდგანან გვერდით. მე უმამოდ გავიზარდე. ხუთი წლის ვიყავი, როდესაც ის აფხაზეთის ომში დამეღუპა. ალბათ, მას შემდეგ ჩამებეჭდა გონებასა და გულში ეს სურვილი.

ადრე, როცა შემოქმედებით ზენიტში ვიყავი, უფრო ნაკლები დრო მქონდა – მუდმივად რთული რეჟიმი, სტრესული ყოველდღიურობა... რაც ოჯახი შევქმენი, ჩემი ღირებულებები სხვა მიმართულებით წავიდა, ოჯახს მეტ ყურადღებას და დროს ვუთმობ.

რა თქმა უნდა, სიმღერაც მნიშვნელოვანია და ახლახან მე, ნინი ქარსელაძემ და „ქუჩის ბიჭებმა“ ახალი სიმღერა ჩავწერეთ. კიდევ ორი სიმღერის ჩაწერა მაქვს გეგმაში, ანუ შემოქმედებას არ ჩამოვშორებივარ. ბოლო პერიოდში ხშირად მეკითხებიან ამის თაობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ნაკლებად ვჩანდი. ამას თავისი მიზეზი აქვს, ჩემი შვილის გაზრდაზე ვიყავი ორიენტირებული. ვეცადე, ვივიენი მე გამეზარდა. ნიკოლოზზე ბოლომდე ვერ ავიღე ეს პასუხისმგებლობა. მაშინ ბევრს ვმუშაობდი. ახლა მუდმივი სამსახური არ მაქვს, პლუს უკვე არაჩვეულებრივი ძიძაც მეხმარება და ვცდილობ, შემოქმედებითადაც გავაქტიურდე.

ჩემს შვილებს ძლიერი დედა ჰყავთ, მაგრამ მინდა, რეალიზებულიც ჰყავდეთ. მინდა, ჩემი შვილები სიყვარულით გავზარდო, მათთვის მაგალითის მიმცემი და დიდი მეგობარი ვიყო. ალბათ, ყველას მოსწონს, როცა დედას თავის საქმე აქვს და ამ საქმეში ის წარმატებულია.

– ადამიანებთან ურთიერთობაში თუ შეიცვალეთ კარგი თუ ცუდი გამოცდილებების შედეგად?

– ძალიან შევიცვალე. რაც მეორედ დავოჯახდი, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ გამოიკვეთა. კარგად გამოჩნდა, ვისთან ურთიერთობა იყო ღირებული და გამოიკვეთნენ ადამიანებიც, რომლებიც ჩემ გვერდით არ უნდა ყოფილიყვნენ. ცხოვრებამ ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა, ფილტრაცია მოხდა. სულ მეუბნებოდნენ, დადგება შენს ცხოვრებაში მომენტი, როცა შენ გარშემო მყოფი ადამიანები გაიფილტრებიანო. სიმართლე გითხრათ, ადრე ამის შიში მქონდა. რატომღაც მჯეროდა, ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მოხდებოდა. თურმე, ეს გარდაუვალია. სინამდვილეში, ამის წყალობით პიროვნულად ძალიან გავიზარდე. ვცდილობ, მიმღებლობა მქონდეს, როცა რამე ხდება, ვინმეს დასადანაშაულებლად ხელი არ გავიშვირო, დავფიქრდე, კარგად გავიაზრო, ღირს თუ არა გაბრაზებად, ემოციებს არ ავყვე. ადრე ძალიან ემოციური ვიყავი. ცოტა ხნის წინ ნაცნობთან გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ადრე ემოციურ ფონზე ავფეთქდებოდი. ახლა ძალიან მშვიდად და ადამიანურად მივუთითე შესაბამისი ადგილისკენ. ემოციური სტაბილურობა ჩემს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია. ადრე ყველაფერი ძალიან ახლოს მიმქონდა გულთან და დიდ ტკივილს ვგრძნობდი, თუ ვინმე ცუდად მომექცეოდა. ბრაზი უამრავ დაავადებას იწვევს. ამიტომ ვცდილობ, ვაპატიო ადამიანებს – შევცვალე დამოკიდებულებები. პიროვნული ზრდა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვცდილობ, ამაზე ვიზრუნო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მთავარია სულ გვეღიმებოდეს და კიდევ ბევრი წელი ვქმნიდეთ დაუვიწყარ მოგონებებს“ - ლიკა კვარაცხელია თაკო ჩხეიძეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„ჩემი გიო“ - ლიზა ჩიჩუა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „დედები ამას გაიგებენ“ - ანუკი არეშიძე უფრო შვილის ვიდეოს აქვეყნებს

წყარო: tbiliselebi.ge