ცოტა ხნის წინ, „იუთუბ“ არხზე გამოჩნდა ნეკა დოროყაშვილის ახალი სიმღერის ვიდეორგოლი, რომელიც საკმაოდ ლამაზი და თვალში საცემია, ბევრი ნახვაც აქვს და როგორც თავად ნეკა ამბობს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სასიმღერო კარიერაში წარმატებებს მიაღწიოს. მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, შვილისთვის ყოველთვის სცალია, ამბობს, რომ სწორედ მასში გაუმართლა ყველაზე მეტად, ბედნიერი დედაა და ის, ბალანსი, რომელიც დედა-შვილს შორისაა, კიდევ უფრო აბედნიერებს.
იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს. ერთ-ერთი თემა, რომელსაც იგი შეეხო მარტოხელა დედობაა და ყოფილ ქმართან ურთიერთობაა.
„ცხოვრება რომ ძალიან რთულია, მაშინ მივხვდი, როცა ბავშვით მარტო დავრჩი. გავიფიქრე, რა მეშველება-მეთქი. ერთია, როცა გეგმავ, შვილი გააჩინო და მარტომ გაზარდო. გააზრებული გაქვს ის სირთულეები, რაც მას მოჰყვება, მაგრამ მე ხომ არ დამიგეგმავს, რომ შვილი მარტოს გამეჩინა და გამეზარდა, ამ ყველაფრისთვის ხომ არ ვიყავი მომზადებული? ერთი – მარტო რომ დავრჩი შვილთან ერთად და მეორე სირთულე იყო ის, რომ უსამართლობის წინაშე დავდექი. ამისთვის არ ვიყავი მზად. როცა რაღაცისთვის ემზადები, სხვანაირად „ეჭიდავები“ სირთულეს, მე კი ამისთვის მზად არ ვიყავი და მაშინ მივხვდი პირველად, რომ ცხოვრება ძალიან რთული და უსამართლოა. ახლა 34 წლის ვარ და ვფიქრობ, ეს სირთულე გადალახულია. 24 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი და ფაქტობრივად, მე და ლუკასი ერთად გავიზარდეთ.
– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვს ბავშვის მამასთან?
ბავშვის მამასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ მაქვს მის მშობლებთან ურთიერთობა და სანამ პირში სული მედგმება, არც მექნება. ის მომენტიც გადავლახე, როცა ჩუმად ვიყავი, არ ვამბობდი, ვუფრთხილდებოდი, მაგრამ თუ ადამიანი არ გიფრთხილდება შვილიშვილის დედას, მე რატომ უნდა გავუფრთხილდე? სხვათა შორის, ვისწავლე, რომ არაფერი დავიტოვო გულში და ადამიანს ყოველთვის ის ვუთხრა, რასაც მასზე ვფიქრობ. ამირან გულში მღეროდა, რომ ჰგონიათ, ასე არ არის.
თუ კარგი ტიპი ხარ, „ჯიგარი“ და ჩუმად ხარ, ადამიანებს დებილი ჰგონიხარ და ფიქრობენ, არ შეგიძლია, ვიღაცას პასუხი მოსთხოვო. შეიძლება, შენი კეთილი გულის გამო გაჩუმდე, მაგრამ ნამდვილად აღარ ვაპირებ იმ ორ ადამიანს, ჩემი შვილის ბებია-ბაბუას, შეღავათი გავუწიო, რასაც ადრე ვაკეთებდი. ყველგან ვიტყვი, რომ ძალიან არასწორები არიან. ჩემთან კი არა, ბავშვთან. იქ, სადაც ჩემს შვილს ეხება საქმე, ჩუმად არ ვიქნები და ჩემი ნება რომ იყოს, ბებია-ბაბუის სტატუსს საერთოდ ჩამოვართმევდი. არ არიან ღირსები, ასეთი შვილიშვილი ჰყავდეთ. ყველა არ არის ღირსი, ისეთი ანგელოზი შვილიშვილი ჰყავდეთ, როგორიც ლუკასია. არც მე მიმსახურებენ და არც ჩემს პატივისცემას“,- ამბობს ნეკა დოროყაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: tbiliselebi.ge