
28 წლის გიორგი თორაძის, იგივე თორჩოს, საზოგადოებაში, სცენაზე თუ სოციალურ ქსელში გამოჩენა, პოზიტივს იწვევს. თავისი გულწრფელობით, დადებითი ემოციებითა და სილაღით, რომელიც დაბადებიდან დაჰყვა, აუცილებლად გაყვარებთ თავს. ფაქტია, მის გვერდით ადამიანი არ მოიწყენს და გამორიცხულია, რაც არ უნდა ცუდ განწყობაზე იყოს, ხასიათი არ გამოუკეთდეს.
იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების ბევრ მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ბავშვობიდან სცენაზე დგომა მინდოდა, გაუაზრებელი ასაკიდან წარმოვიდგენდი, როგორ გამოვდიოდი ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე. უცნაურად ვიცვამდი, გავდიოდი ჩემი ბინის აივანზე, წარმოვიდგენდი გარშემო კორპუსებიდან როგორ მიყურებდნენ და ვაკეთებდი პერფორმანსებს. მეგონა, ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებდა (იცინის).
მაშინ, 4 წლის ვიყავი და ჩემი გასართობი ჩემი აივანი იყო. ბავშვები სადარბაზოში ვატარებდით ხოლმე კონცერტებს და ჩემი პირველი აუდიტორია და მსმენელი ჩემი სამეზობლო და ოჯახის წევრები იყვნენ. 10 წლის ასაკში კი ვოკალის პედაგოგთან დავიწყე სიარული და სიმღერას სერიოზულად მოვეკიდე. ძალიან მოვეწონე პედაგოგს, სტუდია ერთი წელი ემზადებოდა გამოსაშვები კონცერტისთვის, მე ერთი თვის მისული ვიყავი და პროგრამაში მაშინვე ჩამსვეს. იმ ერთ თვეში ბევრი რამ მასწავლეს. ასე რომ, ჩემი პირველი სცენაზე დადგომა აკაკი ხორავას თეატრის სცენაზე შედგა. მოკლედ, ხუთი წლის ასაკში აპლოდისმენტები წარმოვიდგინე, შვიდი წლის ასაკში სადარბაზოში მივიღე, ათი წლის ასაკში ხორავას თეატრში და მერე, სცენის მასშტაბებიც გაიზარდა, ქვეყნებიც და აპლოდისმენტებიც (იცინის)“, - ამბობს თორჩო.
– ვფიქრობ, შენი, როგორც მომღერლის, წარმატებული კარიერა, „ანა ბანადან“ დაიწყო, როცა პროექტი მოიგე. ხომ ასეა?
– 12 წლის ვიყავი, გარდატეხის ასაკი მეწყებოდა, რაღაცნაირად, არაფრის არ მჯეროდა და არც კონკურსზე მინდოდა გასვლა. ჩემი გარემოცვიდან გამომდინარე, ბევრი კომპლექსი მქონდა. მოკლედ, სულ მესმოდა, რომ ყველგან ჩაწყობაა და კონკურსებში წასვლას აზრი არ აქვს. პედაგოგმა, რომელთანაც დავდიოდი, მაშინ მითხრა ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი რამ: მოდი, მე მოგამზადებ ისე, რომ საკუთარ თავში ძალიან დარწმუნებული იყო და უბრალოდ, ვცადოთ, თუ არ აგიყვანეს, მაშინ გაგიმყარდება შენი მოსაზრება, რომ მართლა ჩაწყობააო. ამით „შემახვია“ და ასე, მომზადებული მივედი ამ კონკურსზე. დავტესტე ჩემი თავი – მე მზად ვარ, თუ ამიყვანთ პროექტში ხომ კარგი, თუ არა და, მაშინ გამართლდება ჩემი მოსაზრება, რომ ყველგან ჩაწყობაა-მეთქი. ამიყვანეს კი არა, მეტიც, გავიმარჯვე და პირველ ადგილზე გავედი. როგორც კი „ანა ბანა“ დამთავრდა, ვასო აბაშიძის სახელობის „მუსკომედიაში“ დამიძახეს, მიუზიკლ „მუსიკის ჰანგებში“, სადაც დამამტკიცეს ერთ-ერთ როლზე. ასე რომ, ჩემმა, ასე ვთქვათ, მუსიკალურმა „მოღვაწეობამ“ „ანა ბანადან“ თეატრში გადაინაცვლა. სამი თვე ვთამაშობდი სპექტაკლში და რომ დამთავრდა, მერე ისევ მქონდა გაურკვევლობა, ახლა რა ვქნა-მეთქი. მაშინ, 15 წლის ვიყავი, მუტაცია დამეწყო, არ შეიძლებოდა იმის მღერა, რასაც მანამდე ვმღეროდი და ამ დროს გამოჩნდა „ქვინტესენსი“, რომლის წყალობითც მსოფლიო მოვიარე და ეს ბედნიერი დღეები მთელი 10 წელი გაგრძელდა.
– თორჩო, წარმოშობით საიდან ხარ?
– ეს ყველაზე მტკივნეული კითხვაა ჩემთვის. სოფელი არ გვაქვს და აღდგომას რომ ვიკრიბებით, ისეთი ამბავი ხდება სასაფლაოზე, ერთი თვალით რომ შეგახედათ, ბევრს იცინებდით. ყველა ჩემი ნათესავი ჩხუბობს, ყველა სხვადასხვა რამეს ამტკიცებს – ზოგი ამბობს, რომ რაჭიდან ვართ, ზოგი – კოლხები ვართო და მართლა მრცხვენია, რომ დღემდე ვერ გავარკვიე, საიდან მოდის ჩემი გვარის წარმოშობა. მოკლედ და კონკრეტულად, არ ვიცი ჩემი გვარის, თორაძის განშტოება, რომელი კუთხიდან მოდის და ბაბუაჩემმაც კი არ იცოდა. უცნაური და სამარცხვინოა, რასაც ვამბობ, მაგრამ ასეა (იცინის). მამის მხრიდან ქართველი ვარ, მაგრამ დედის მხრიდან სერიოზული მიქსია, რადგან არ არის ქართველი, ნახევრად ლიტველია, ნახევრად – რუსი და აქაც კარგად მაქვს გასარკვევი, მესამე რომელი ეროვნების სისხლი ურევია (იცინის). ვხუმრობ ხოლმე, გენეტიკურად ჰიბრიდი ვარ, გამოყვანილი ჯიში-მეთქი (იცინის). ახლა დავფიქრდი, ჩემი ახალი ალბომის სახელწოდება ხომ არ იყოს „გენეტიკური მიქსი“ (იცინის).
– შენს ცხოვრებაში იყო ისეთი სიტუაცია, როცა არ გემღერებოდა ან წამით გაიფიქრე, სცენას ჩამოშორებოდი?
– როგორ არა, იყო და ძალიან ცუდად ვიყავი. 2020 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს. ჩემი და დედაჩემის თვალწინ მამა ინფარქტით გარდაიცვალა. ძალიან რთული პერიოდი იდგა მაშინ – დაიწყო კორონა, გამიჩერდა კონცერტები, ამას დაემატა ჩემი დეპრესიული ფონი, რადგან ვერ ვხვდებოდი, რა მეკეთებინა, პლუს ამას, მამაჩემის გარდაცვალება. მამის გარდაცვალების დღეს კონცერტისთვის ვემზადებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მამა ჩემ თვალწინ გარდაიცვალა, მაინც შევძელი, ავდექი, წავედი, დავდექი სცენაზე და ახალი წელი სიმღერით მივულოცე ხალხს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული და მტკივნეული იყო, მაგრამ ეს, ალბათ, ჩემი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო – მიუხედავად დიდი ტკივილისა, სცენაზე ვმდგარიყავი და მემღერა. ვცდილობდი, გავქცეოდი რეალობას და კარგი განწყობით შემენიღბა ჩემი თავი და ჩემი ტკივილები. მამის გარდაცვალების მერე ყველაფერი, ყველა ვალდებულება ჩემზე გადმოვიდა, მე გავხდი ოჯახის მარჩენალი. ჩემი სიძლიერე უნდა დამენახვებინა დედაჩემისთვის, რომელმაც თავისი ცხოვრების სიყვარული დაკარგა. სიყვარულის თუ მჯერა და ოდესმე თუ რამე მსმენია, დამინახავს და გამიგია, დედაჩემისა და მამაჩემის ურთიერთობიდან იყო განპირობებული.
– რამდენად ძლიერი აღმოჩნდი ამ სიტუაციაში, რამდენი ხანი გაგრძელდა დეპრესიული მდგომარეობა და რა კვალი დატოვა შენს შინაგან სამყაროზე იმ ტკივილმა, განცდამ და დეპრესიამ?
– დიდი ხანი არ ვაღიარებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იმ რთულ სიტუაციაში საკმაოდ ძლიერი აღმოვჩნდი. ცუდად ვიყავი, მაგრამ ვნიღბავდი საკუთარ თავს, რომ დედაჩემსა და ჩემს დას უფრო მეტად არ განეცადათ. მათ გამო სიძლიერის ყველა რეფლექსი მქონდა ჩართული. ფაქტს არ ვიღებდი, რომ ეს მოხდა და დროის გასვლის რაღაც ეტაპზე რომ გავიაზრე, მერე მოვდუნდი, მოვეშვი და დამარტყა. რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს დეპრესიული მდგომარეობა. ამ დროს ადამიანები ცდილობენ, არ შეეგუონ და გაექცნენ რეალობას, რაც ძალიან რთულია, „გადასახარშად“ და აღსაქმელად. მეც პირველი, რაც დედას ვუთხარი, ახლაც მახსოვს: არა უშავს, დე, ცხოვრება გრძელდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება მამის გარეშე. თითქოს დაცვითი მექანიზმი ჩამერთო და მგონია, უმეტესობას ასე ემართება. იმ დროს ვეძებდი ჩემთვის ყველაზე მშვიდ სივრცეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უცნაური კითხვაა, მაგრამ ამწამს მოვიდა და გთხოვთ მიპასუხეთ“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე
⭕„კორი სენდჰეგენი გამორჩეული მებრძოლია, თუმცა საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ“ - მერაბ დვალიშვილი
წყარო: tbiliselebi.ge