
UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენთან მოახლოებული ბრძოლის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„მოსამზადებელი ეტაპი წარმატებით გავიარე და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კორი სენდჰეგენი გამორჩეული მებრძოლია და მას დიდ პატივს ვცემ, თუმცა საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვარ. ის ყველაზე საშიში მეტოქე იქნება, რადგან მისი სტილი ძალიან სახიფათოა. კორი უნივერსალური მებრძოლია – დგომაშიც ძლიერია, მუხლებს ეფექტურად იყენებს და მიწაზე გადაყვანისასაც თავს კარგად იცავს. თუმცა, ამჯერად მისი ოპონენტი მე ვარ და დარწმუნებული ვარ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ.
ყველამ ვიცით, ამ სპორტში ერთი ზუსტი დარტყმაც კი ყველაფერს წყვეტს. ამიტომ სრულად ვაცნობიერებ რისკებს და მზად ვარ ყველა საფრთხისთვის. ოქტაგონზე ყველაფერს ისე შევასრულებ, როგორც დაგეგმილი გვაქვს და ვეცდები, გამოვიყენო ის უნარები, რომელთა დახვეწაზეც დიდხანს ვიმუშავე. დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა ჩემთვის სასურველი შედეგით დასრულდება.
თუ სენდჰეგენს დავამარცხებ, ვფიქრობ, წლის საუკეთესო მებრძოლის ჯილდოს დავიმსახურებ. თუმცა სიმართლე გითხრათ, ამაზე დიდად არ ვკონცენტრირდები. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ჯანმრთელი და მოტივირებული ვარ, უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ იმით, რასაც ვაკეთებ“, – განაცხადა დვალიშვილმა.
34 წლის ქართველი მებრძოლი ამერიკელ კორი სენდჰეგენს 5 ოქტომბერს ლას ვეგასში შეხვდება. დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 13 შეხვედრა აქვს მოგებული. მან სუპერმსუბუქი (61კგ) დივიზიონის ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წელს ტიტული ორჯერ დაიცვა.
სენდჰეგენთან გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი ალჯამეინ სტერლინგს გაუთანაბრდება, რომელმაც აღნიშნულ წონაში ქამრის დაცვა სამჯერ მოახერხა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მანიკა ასათიანი 33 წლის გახდა - კადრები ტელეწამყვანის გრანდიოზული დაბადების დღიდან
წყარო: 1tv.ge