
მომღერალი გიორგი ძოწენიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში მისი ცხოვრების ბევრ მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს.
მან ინტერვიუში ბედნიერებითა და ტკივილით გამოწვეულ ცრემლზე, მარცხზე და გამარჯვებაზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– მინდა, ბედნიერებითა და ტკივილით გამოწვეული ცრემლის გახსენება გთხოვოთ...
- ბედნიერების ცრემლია ყოველთვის, როდესაც სცენაზე ვდგავართ და ძალიან ბევრი ადამიანი მღერის ჩვენს სიმღერას. ეს იმდენად ხშირია, შეიძლება, ითქვას, რომ ყველა კონცერტზე ვტირი (იცინის).
ტკივილით გამოწვეული ცრემლი – ბოლოს მამიდა გარდამეცვალა, მამიდაშვილი გარდამეცვალა, ახალგაზრდა ბიჭი. ჩემი ახალგაცნობილი მეგობარი – ბარბარე (ბეჭვაია), რომელიც ახლახან გარდაიცვალა მოულოდნელად, ალბათ, ბევრმა გაიგო ამის შესახებ. სიცოცხლით სავსე გოგო იყო და მისი გარდაცვალების შესახებ რომ გავიგე, მართლა სიმწრის ცრემლები მქონდა.
სამწუხაროდ, ასეთი ამბები ბევრია, მაგრამ ღმერთის წყალობით, სიხარული მეტია.
– რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?
– ძალიან ბევრი გამარჯვებაა. ვფიქრობ, რომ დღეს გამარჯვებებით ვცხოვრობთ. ჩემი გამარჯვებაა ჩემი ოჯახი, ჩემი მეუღლის პოვნა. დღესაც რომ ვუყურებ გარემოცვას, ძალიან რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც ყველაფერში ისე გაგიგებს, როგორც მე ჩემი მეუღლე მიგებს. ის ყველა მიმართულებით ძალიან კარგია. ჩვენი გამარჯვებაა ჩვენი შვილები, რომლებიც იმედია, ღირსეული ადამიანები გაიზრდებიან. ჩემი გამარჯვებაა ჩვენი ჯგუფი. ჩვენ 16 წლის წინ ვიპოვეთ ერთმანეთი და ეს წლები სულ გამარჯვებებისა და დამარცხებების ფონზე მოვდივართ. ერთიც და მეორეც იმდენი ყოფილა, რომ ჩვენთვის ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენი წარმატების ყველაზე დიდი საიდუმლო სწორედ ეს მგონია, იმდენი მარცხი და წარმატება გვაქვს ნანახი, არა მგონია, რომ რომელიმე მარცხმა ან წარმატებამ დამანგრიოს. თუ ადამიანს საჭირო გამოცდილება არ აქვს, შეიძლება, გამარჯვებამ უფრო მეტი ზიანი მოუტანოს, ვიდრე მარცხმა. ნურავის დასწყდება გული იმის გამო, თუ ფეხი დაუცდა და წაიქცა, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ეს მხოლოდ ცხოვრებისთვის საჭირო გამოცდილებაა, რაც ბევრს გასწავლის. ასეთი ბევრი უნდა გადაიტანოს ადამიანმა, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ასევე, წარმატებაც ბევრჯერ უნდა იყოს, რომ ესეც ჩვეულებრივი გახდეს.
– რა გსმენიათ საკუთარ თავზე კარგიც და ცუდიც, რაც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
– კომენტარებს თუ გადავიკითხავ ხოლმე, ძალიან მიხარია, როცა წერე:ნ „ნამდვილი ქართველი“, „ნამდვილი ვაჟკაცი“, „კარგი, სამაგალითო ადამიანი“... ეს სიტყვები ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ჩვენი მსმენელების დიდი ნაწილი ბავშვები არიან. თითოეული ჩემი ქცევა, სცენაზე იქნება თუ ქუჩაში, ძალიან დიდი დაკვირვების შედეგია, რადგან ჩვენი მომავალი თაობა გვიყურებს – ბავშვები, რომლებსაც ჩვენ ვუყვარვართ. ჩვენ გარკვეულწილად მათ ღირებულებებს ვქმნით, მათთვის მაგალითი ვართ და ამიტომ სწორად უნდა ვიცხოვროთ იმისთვის, რომ სწორი მაგალითები აიღონ.
რაც შეეხება ცუდს, შეიძლება, ვიღაცამ პოლიტიკური ნიშნით გამლანძღოს ან ოჯახი გამილანძღოს, იმიტომ რომ სხვადასხვა აზრზე ვართ. მე დიდ პატივს ვცემ ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანს, თუ ის მე მლანძღავს იმიტომ, რომ მასავით არ ვფიქრობ, ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია. მით უმეტეს, თუ ოჯახს მილანძღავს. ამაზე იმუნიტეტი არ მაქვს და ალბათ, ვერასდროს გამოვიმუშავებ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამერიკულ გორაკებზე“ ახალგაზრდა კაცი დაიღუპა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა