ცნობილმა თურქმა მსახიობმა, ბუშრა დეველმა, რომელსაც მაყურებელი სხვადასხვა სერიალიდან, მათ შორის „ეშრეფ რუიაში“ კომისარ ჩეგდემის როლით იცნობს, გენეტიკური წარმომავლობის ტესტის მოულოდნელი შედეგი გაამხილა.
მსახიობმა ჟურნალისტ ფათიჰ ალთაილის გადაცემაში განაცხადა, რომ ტესტის მიხედვით, მისი წარმომავლობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულია. ინფორმაცია თურქულმა გამოცემებმა გაავრცელეს.
„საკუთარი ცნობისმოყვარეობის გამო, გენეტიკური ტესტი გავიკეთე. გასაკვირია, მაგრამ 74%-ით ქართველი აღმოვჩნდი. საფრანგეთისგან საკმაოდ შორს ვარ“, - თქვა დეველმა.
საფრანგეთი მსახიობმა საუბრის კონტექსტიდან გამომდინარე ახსენა: ალთაილიმ მას ცნობილი თურქი გეოლოგის, ჯელალ შენგორის მოსაზრება გაუზიარა, რომელიც ბუშრას გარეგნობით ფრანგს ამსგავსებს და წლებია, თურქეთის ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნევს. სწორედ ამ კომენტარს მოჰყვა მსახიობის პასუხი გენეტიკური ტესტის შესახებ.
დეველმა ოჯახის ისტორიაზეც ისაუბრა: მისი თქმით, დედა ტრაპიზონიდანაა, მამა კი - ბაიბურთიდან. თავად მსახიობი იზმირში დაიბადა და გაიზარდა. თურქული გამოცემა Bora Haber დამატებით წერს, რომ დეველის მიერ დასახელებული შედეგი 15%-იან სომხურ წარმომავლობასაც მოიცავს.
გადაცემაში წამყვანმა, დეველი შარლიზ ტერონსაც შეადარა და სიმაღლე ჰკითხა. მსახიობმა უპასუხა, რომ 182 სმ-ია. თურქული გამოცემა Günebakış-ის ცნობით, საუბარში ალთაილი მის გარეგნობასა და ელეგანტურობას განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს.
ქართული წარმომავლობის შესახებ თურქული კინოსა და ტელევიზიის სხვა მსახიობებსაც უსაუბრიათ. მათ შორისაა, მურათ ჯემჯირი, რომელმაც Star TV-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში პირდაპირ თქვა: „წარმოშობით ქართველი ვარ, თუმცა თოქათის ნიქსარში დავიბადე“.
საკუთარ ქართულ ფესვებს საჯაროდ ახსენებდა გურქან უიგუნიც, „მგლების ხეობაში“ მემათის როლის შემსრულებელი.
თურქული მედიის ცნობით, არჰავის ფესტივალზე სტუმრობისა და ჩაის კრეფაში მონაწილეობისას, მსახიობმა აღნიშნა: „წარმოშობით მეც ქართველი ვარ და ჩაის კრეფა ჩემთვის უცხო არ არის“.
ცნობილია, რომ ქართული (აჭარული და ლაზური) წარმომავლობისაა ლეგენდარული თურქი მსახიობი, „დიდებული საუკუნის“ ვარსკვლავი, ნებაჰათ ჩეჰრეც.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დახარჯეთ ფული საკუთარ თავზე და გაანებივრეთ თავი“ - თაკო მელიქიშვილი 24 ნოემბრის ენერგიებზე
⭕მაკოლეი კალკინი „მარტო სახლშის“ გაგრძელებაში ითამაშებს
🎥 „შავი პარასკევი“: სად გადის ზღვარი რეალურ ფასდაკლებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას შორის