მომღერალმა მარიტა როხვაძემ დამოუკიდებლად ცხოვრება საკმაოდ ადრეული ასაკიდან, 13 წლიდან, დაიწყო და დღემდე არ შეუსვენია. ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ემოციის მართვა ისწავლა, საკუთარი თავი მეტად შეიყვარა და იმ ადამიანებისთვის, ვინც მასზე ნეგატიურად მოქმედებს, საზღვრები დააწესა.
ექვსი წელი გავიდა, რაც მამა გარდაეცვალა და მისი მფარველი ანგელოზი ზეციდან გახდა. ხშირად ესიზმრება და რთულ მომენტებს ღიმილით უმარტივებს. მომღერალი ახალ სიმღერაზეც მუშაობს, რაც მამისთვის საჩუქარი იქნება და ყველა იმ ადამიანისთვის იმღერებს, ვისი საყვარელი ადამიანებიც ზეცაში ანგელოზებად იქცნენ.
მარიტა როხვაძე: რაც წლები მემატება, მივხვდი, რომ უნდა იცოდე საკუთარი თავის დაფასება ისე, როგორც საჭიროა. თუ შენი თავი გიყვარს ისეთი, როგორიც ხარ, ყველაფრით, შენი ხასიათით, მათ შორის ნაკლოვანებებით, მაშინ სხვებსაც ეყვარები. ასე რომ, ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული. და, როცა შენი თავი გიყვარს, ამით სხვების სიყვარულსაც იზიდავ.
– მიუხედავად წარმატებებისა, ცხოვრება ტკივილებით არის სავსე და რაც წლები გვემატება, ამას უფრო მძაფრად განვიცდით. ყველაზე დიდი ტკივილი და განცდა როდის მოგაყენა ცხოვრებამ?
– ყველაზე დიდი ტკივილი და განცდა საყვარელი ადამიანის დაკარგვა იყო. ერთ დღეში გავჭაღარავდი. გავიღვიძე მეორე დღეს და თმა რომ გადავიწიე, სულ ჭაღარა ვიყავი. მამაჩემის გაზრდილი ვარ და ბევრი მეუბნება, შენში მისი გავლენა იგრძნობაო. ძალიან რთულია, როცა უცებ გეცლება ხელიდან მესაიდუმლე, მეგობარი, მამა, ძმაკაცი, საყრდენი ადამიანი. მამაჩემს არასოდეს არაფერს ვუმალავდი. რაც კი ხდებოდა, პირველი მან იცოდა. მისი წასვლის შემდეგ მიჭირდა დაძინება და მედიკამენტებს ვსვამდი, რომ დამეძინა და ადეკვატური ვყოფილიყავი. ექვსი წელი მალე გავიდა, დღემდე ვერ ვიაზრებ, რომ არ მელოდება, თუმცა, სულ მაქვს მასთან კომუნიკაცია და ვიცი, ჩემი მფარველი ანგელოზია. თუ რამე მიჭირს, იმ ღამეს მოდის ღიმილიანი სახით და მეუბნება: ყველაფერი კარგად იქნება. მეორე დღეს ჩემ ირგვლივ მართლაც ყველაფერი წყნარდება და ლაგდება. დრო არაფრის მკურნალი არ არის, უბრალოდ, გაჩვევს მონატრებასთან და ტკივილთან ერთად ცხოვრებას.
– ბევრს უჭირს სასაფლაოზე მისვლა. შენს შემთხვევაში როგორ არის?
– მამა რომ დავკრძალეთ, იმ დღის მერე დიდი ხანი სასაფლაოზე ვერ ავდიოდი, რადგან სასაფლაო არის ადგილი, სადაც სურათს უყურებ და იჯერებ, რომ ის ადამიანი აღარ არის. გარკვეული დროის მერე მივედი საფლავზე და ისტერიკულად ვტიროდი, ვყვიროდი, სასწაული ხმა ამომდიოდა. ამ ჩემი ემოციით ბოლომდე ამოვუშვი დარდი და ტკივილი და დავიცალე. იმის მერე ვცდილობ, როცა საფლავზე მივალ, აღარ ვიტირო. მიუხედავად სასტიკი რეალობისა, ვერ ვიაზრებ. ჩემს მეხსიერებაში ის სულ ცოცხალია და მგონია, სულ სახლში მელოდება. ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდითაა, სიზმარში კი სულ მიღიმის. როცა ძალიან მიჭირს, მაშინ მოდის სიზმარში, გამიღიმებს და მშვიდ განწყობაზე მეღვიძება. სხვათა შორის, უკვე დავიწყე სიმღერის ჩაწერა, რომელიც მამას ეძღვნება და ეს იქნება ჩემი საჩუქარი მისთვის. სიმღერის ტექსტი და მუსიკა არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა, ნატო ღოღობერიძემ დაწერა და სასწაული გამოდის. მთელი გული და სული ჩავდე ამ სიმღერის ჩაწერაში, სათუთად, მთელი გრძნობითა და ენერგიით ვუდგები და ცოტა დროში გამეწელა.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გამოავლინეთ მოთმინება, სიმტკიცე და მიზანმიმართულობა“ - რისგან უნდა შეიკავოთ თავი 4 მაისს?
⭕„ჩემი სულის მეგობარი... ბიბი 14“ - ანუკი არეშიძის და კახა კალაძის შვილი იუბილარია
წყარო: tbiliselebi.ge