Digest Logo

„ხუთი წელი დეპრესიაში ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი...“ - რას ჰყვება მაიკო კაჭკაჭიშვილი

1772651206
მაიკო კაჭკაჭიშვილი

მუსიკოსი მაიკო კაჭკაჭიშვილს წლების მატება არ აშინებს. ამბობს, რომ ამ ასაკში მეტად დადინჯებული, მშვიდი და გაწონასწორებულია და უფრო გააზრებულად მოქმედებს. მის ცხოვრებაში, ნათელ ფერებთან ერთად, მუქი ფერებიც იყო, თუმცა დღეს ჰარმონიული ეტაპი დაუდგა და ბედნიერია. მის გარშემო მყოფი ადამიანების გადაფასებაც მოახდინა და გვერდით მხოლოდ ის ადამიანები ჰყავს, ვინც მისთვის სანდო და ერთგულია. 

იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან: 

„დიდად არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, მაგრამ 45 წლის გავხდი, ეს ციფრი რაღაცნაირად მომეწონა, გულით მომინდა, გადამეხადა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნე. წლოვანებას არასოდეს ვმალავ, მიზეზსაც ვერ ვხვდები, რატომ უნდა დავმალო. წლების მატება არ მაშინებს, რადგან ახლა უფრო გააზრებული, დადინჯებული, მშვიდი და გაწონასწორებული ვაკეთებ ჩემს საქმეს და ეს მეტად სასიამოვნოა ჩემთვის“, - ამბობს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

– იმ განვლილი წლების გამოცდილებამ რა მოგიტანა, რა დაგიტოვა და რა გადააფასე?

– განვლილმა წლებმა დიდი გამოცდილება დამიტოვა, როგორც ადამიანი კარგისკენ შემცვალა და ზოგადად, ამ ხნის განმავლობაში, ჩემი თავი ძალიან გავზარდე. ახლა კმაყოფილი ვარ ჩემი საქცელით, ჩემი მდგომარეობით და ყველაფრით. ჰარმონიულ ეტაპზე ვარ. ასე რომ, იმ განვლილი ეტაპებისა და წლების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ჰარმონიული ეტაპი დადგა და ამისთვის 45 წელი დამჭირდა. ჩემი ცხოვრება ცისარტყელას ჰგავს, ბევრი ფერია მასში, მუსიკალურად კი – „რიტმ-ენდ-ბლუზს“, უფრო ღრმაა, მრავალფეროვანი, სულიერი და ჩემთვის ყველაზე ახლო ჟანრი.

– გიყვარს ცვლილებები და გამოწვევები თუ გაშინებს?

– მთავარია, ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას არ ეხებოდეს და დანარჩენი ცვლილება და გამოწვევა არ მაშნებს, პირიქით, უფრო და უფრო ინტერესში ვვარდები და ვცდილობ, ჩემი ძალებით გავუმკლავდე პრობლემას თუ ახალ გამოცდას. საკმარისად ძლიერი ვარ, რომ ეს გამოწვევები დავძლიო და მოვაგვარო. 14 წლის ასაკში მივხვდი, რომ მჭირდებოდა ჩემი შემოსავალი, ავიყვანე მოსწავლე და გავხდი მასწავლებელი. თვითონ მივაგენი მეთოდიკას, როგორ უნდა მესწავლებინა, წარმატებით გავზარდე ჩემი მოსწავლე და დღეს იდეალურად მღერის. ეს ყველაფერი თავად მოვიგონე, არსად გამივლია პედაგოგიკის კურსები და მაშინ მივხვდი, რომ ვიყავი ძლიერი და თავად, მარტო შემეძლო რაღაც-რაღაცების გაკეთება. ასე რომ, დამოუკიდებელი ცხოვრება საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყე. უკან რომ ვიხედები, მიუხედავად 90-იანი წლებისა, ფერადი ბავშვობა მქონდა და მენატრება ის წლები. ბებია და ბაბუა იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი და მათთან გატარებული დრო იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი. შემდეგ იყო მუქი ფერებიც, მაგრამ ეს რომ არ ყოფილიყო, აქამდე ვერ მოვიდოდი. თუმცა, საბოლოოდ, რომ ვაკვირდები, ჩემი ცხოვრება, მაინც ნათელ ფერებშია. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც საჭირო იყო. მოვახდინე ადამიანების გადაფასება და ვინც ჩავთვალე, რომ მართლა მეგობარია, მხოლოდ მათთან განვაგრძე ურთიერთობა. ახლა უფრო კარგად ვგრძნობ თავს, რადგან ვიცი, არავინ არ მატყუებს, არავინ მეპირფერება. ჭორიკნები და პირფერი ხალხი გვერდიდან ჩამოვიცილე. ადამიანების ამოცნობა ყოველთვის ვიცოდი და ისიც, ვინ იყო ჩემთვის არასასურველი, მაგრამ თვალს ვხუჭავდი და მაინც ვაგრძელებდი ურთიერთობას. რატომღაც მეგონა, ბევრი მეგობარი კარგი იყო.

– რამდენი წელი იყავით შენ და ლევან ლაზარიშვილი ცოლ-ქმარი, არასოდეს გინანია მასთან დაშორება და ოჯახის დანგრევა?

– მე და ლევანი ექვსი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და მასთან დაშორებას ოჯახის დანგრევას ვერ დავარქმევ, რადგან ლევანი ყოველ კვირას ჩვენთანაა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ერთ სახლში აღარ ვცხოვრობთ, თორემ, ლევანის ოჯახი და ჩემი ოჯახი სულ კონტაქტზე ვართ, ნებისმიერ ღირსშესანიშნავ დღეს, დაბადების დღეებზე და ასე შემდეგ, მთელი სანათესაოთი. ვერც კი აღვიქვამთ, რომ რამე დავანგრიეთ.

– მაიკო, ყველაზე მეტად რა მოგწონს შენს ხასიათში ან რას გამოასწორებდი?

– ჩემს ხასიათში ყველაზე მეტად სამათლიანობა მომწონს. ჩემს შვილსაც არ გავუშვებ წინ, თუ ვხედავ, მას სხვა სჯობს. სამართლიანობა მიყვარს ჩემს ხასიათში და კეთილშობილება, მიყვარს ადამიანების გვერდით დგომა გასაჭირისა თუ სიკეთის ჟამს. მიყვარს ადამიანები, მათი დახმარებაც და გვერდით დგომაც. ადრე ვიყავი ძალიან მკაცრი, ძალიან მრისხანე და წამში ვენთებოდი. ახლა ემოციების კონტროლი ვისწავლე, ესეც წლებმა და გამოცდილებამ მასწავლა. ახლა ბევრად დიპლომატი ვარ, ნამდვილად აღარ ვენთები წამში, ვარეგულირებ საკუთარ ემოციებსა და თავს. ერთი სიტყვით, რომ არ მოგატყუოთ, ახლა ჩემს თავში ყველაფერი მომწონს (იცინის).

– როგორც ქალს, ყველაზე მეტად რა გაბედნიერებს?

– მე ჩემი საყვარელი მსმენელი ისეთ ემოციებსა და სიტყვებს მიგზავნის, ისეთ კომენტარებს მიწერენ ჩემს შვილებზე, ოჯახზე, ეს მაბედნიერებს. ვფიქრობ, იღბლიანი კი არა, ზედმეტად იღბლიანი ვარ და ამისთვის სამყაროს და ღმერთს დიდი მადლობა. მაქვს ჩემი საკუთარი სტუდია, მყავს ბევრი ნიჭიერი მოსწავლე, თვალებში შემომციცინებენ, გვერდით მიდგანან მშობლები, ჩემზე იღბლიანი არის კიდევ ვინმე? სხვათა შორის, ჩემმა სტუდიამ გადააჭარბა იმ მოლოდინს, რა მოლოდინებიც მქონდა.

ხუთი წელი დეპრესიაში ვიყავი, სახლიდან არ გავდიოდი და რომ გადავწყვიტე სტუდიის გაკეთება ჩემს პარტნიორ ბექა ბროლაძესთან ერთად, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ადამიანს, რომელსაც ხუთი წელი გარეთ არ უნახავხარ, ბავშვს მოიყვანდა. თუმცა, როგორც კი მიღება გამოცხადდა, უამრავი ადამიანი მოვიდა. ვერ ვიჯერებდი, მეგონა, მესიზმრებოდა. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ეს სიზმარი არაა. ყველა ბავშვი შვილივით მიყვარს, სხვანაირ სითბოს ვგრძნობ მოსწავლეების მიმართ და ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს. მიხარია ჩემს მეორე სახლში მისვლა, სადაც უნიჭიერესი, უთბილესი და უკეთილშობილესი ენერგიის ბავშვები მხვდებიან და ეს ყველაფერი ჩემი სულერი მკურნალია. ვერ გეტყვით, ის დრო დავიბრუნე, როცა ყველგან დავდიოდი-მეთქი, მაგრამ ჩემი სტუდიაა ის ადგილი, სადაც სიხარულით მივდივარ. სხვაგან მე არსად დავდივარ. ძალიან კარგი ბავშვები მყავს, ძალიან კარგი სმენით და ახლა ჩემზეა დამოკიდებული, როგორ გავზრდი მათ, ჩემს უძლიერეს პედაგოგებთან ერთად. მთელს ჩემს ენერგიას და რესურსს მათში ვდებ. პირველი კონცერტიც უკვე ჩანიშნულია – 28 ივნისს და იქ სიმღერით ვიტყვით ჩვენს სათქმელს. ივლისის ბოლოს კი მეორე კონცერტია დაგეგმილი ბათუმში და გაასმაგებული ძალებით ვმუშაობთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕დაიწყეთ დღე სწორად: დილის მსუბუქი მოძრაობები, რომელიც სხეულის გამოფხიზლებაში ეხმარება

🎥 უბარაქობის ყველაზე გავრცელებული მიზეზი - რატომ ვერ ინარჩუნებ ფულს?

⭕„სანამ ხარ, ნუ იმწარებ სიცოცხლეს, სხვის ჯიბრზე და ჯინაზე კარგად ვერასოდეს იქნები, გაეჯიბრე საკუთარ თავს“- რას წერს გია ჯაჯანიძე

წყარო: tbiliselebi.ge