ცნობილი ბიზნესვუმენი და მსახიობი, ამერიკაში მცხოვრები სომხური წარმოშობის ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ცნობილი გახდა შოუ The Kardashians-ის მერვე სეზონის ახალ თრეილერიდან, სადაც რეალითი შოუს ვარსკვლავი საკუთარ დიაგნოზზე საუბრობს.
45 წლის კიმ კარდაშიანს ეზოფაგიტი დაუდგინდა - საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მჟავა რეფლუქსით, ინფექციით ან გარკვეული მედიკამენტებით შეიძლება იყოს გამოწვეული.
თრეილერში კიმი ამბობს, რომ მას „ეზოფაგიტი“ აქვს. ერთ-ერთ კადრში ის საავადმყოფოს საწოლში, სამედიცინო ხალათშია გადაღებული. ამ დროს მას ეკითხებიან, ხომ არ არის ეს ის დაავადება, რომლის გამოც მისი მამა გარდაიცვალა.
კიმის მამა, ცნობილი ადვოკატი რობერტ კარდაშიანი, 2003 წელს, 59 წლის ასაკში, საყლაპავის კიბოთი გარდაიცვალა. მას დიაგნოზი გარდაცვალებამდე დაახლოებით ორი თვით ადრე დაუსვეს.
თრეილერში კრის ჯენერი, კიმის დედა ცრემლებს ვერ იკავებს. კლიპში ჩანს საავადმყოფოში მწოლიარე კიმიც, რომელიც სამედიცინო გამოკვლევებს გადის.
აღსანიშნავია, რომ ეზოფაგიტი და საყლაპავის კიბო ერთი და იგივე დაავადება არ არის. თუმცა, ხანგრძლივმა ან უმკურნალოდ დარჩენილმა ეზოფაგიტმა შესაძლოა გარკვეულ შემთხვევებში ბარეტის საყლაპავი გამოიწვიოს, რომელიც საყლაპავის კიბოს განვითარების მომატებულ რისკთან არის დაკავშირებული. ამასთან, ეზოფაგიტის მქონე ადამიანების უმრავლესობას კიბო არ უვითარდება.
კიმის დიაგნოზის სიმძიმის, მკურნალობისა და ჰოსპიტალიზაციის კონკრეტული მიზეზების შესახებ თრეილერში დამატებითი დეტალები არ სახელდება.
The Kardashians-ის მერვე სეზონის პრემიერა Hulu-ზე 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
ძირითადი სიმპტომები:
ყლაპვის გაძნელება, დისფაგია: თითქოს საკვები ყელში ან გულმკერდის არეში გაჭედილია ან გაძნელებით ჩადის.
მტკივნეული ყლაპვა, ოდინოფაგია: ტკივილის შეგრძნება საკვების ან სითხის ყლაპვისას.
ტკივილი გულმკერდის არეში: ძლიერი წვის ან ზეწოლის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, ძალიან ჰგავს გულის ტკივილს. ტკივილი ხშირად იმატებს ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მალევე.
გულძმარვა: მჟავე გემოს ან სითხის ამოსვლა ყელში, განსაკუთრებით წოლისას ან დახრისას.
საკვების ამოღება/ამოქაფება, რეგურგიტაცია: მონელებული ან ნახევრად მონელებული საკვებისა და მჟავე სითხის ამოღება პირის ღრუში.
ხველა და ხმის ჩახლეჩა: მჟავის ან ანთებითი სითხის სასუნთქ გზებში მოხვედრის გამო, განსაკუთრებით დილით გაღვიძებისას.
გულზიდვა და ღებინება.
მადის დაქვეითება: ყლაპვისას ტკივილის შიშის გამო.