Digest Logo

კლინიკური სიკვდილი, საკუთარი თავის შიში, ხატვა და 2 ქორწინება - ჟანრი ლოლაშვილის პორტრეტი

1682184240
ჟანრი ლოლაშვილი

„მე ვიცი რომ შენ შეიყვარებ მთავრეს და მზეს“.... თქვენი აზრით, რომელია ყველაზე კარგი ქართული სერიალი? მართალია, „ცხელი ძაღლი“...

სერიალში „ზახარიჩის“ როლს ჟანრი ლოლაშვილი თამაშობს. მისი შექმნილი ეს პერსონაჟი ბევრმა შეიყვარა და ხალხის აღიარებაც მოუტანა.

მისი შემოქმედების დასაფასებლად მარტო „ლუარსაბ თათქარიძისა“ და „ზახარიჩის“ როლებიც კმარა.

მაგრამ იცოდით, რომ არტისტობასთან ერთად ჟანრი ძალიან კარგი მხატვარიცაა?...

ბავშვობა

ჟანრი ლოლაშვილი 1942 წლის 22 აპრილს დაიბადა. დაამთავრა 23-ე სკოლა. გამორჩეული მოსწავლე იყო. ყველა საგანი ერთნაირად იტაცებდა, მაგრამ ხატვა მაინც მეტად უყვარდა. ერთხანს ქართულ კინოსტუდიაში მხატვარ-მულტიპლიკატორად მუშაობდა, შემდეგ სწავლა მოსკოვში განაგრძო, მხატვარ-მულტიპლიკატორის კურსებზე.

თბილისის თეატრალური ინსტიტუტიც დაამთავრა და ერთი წელი ზუგდიდის თეატრში მუშაობდა, შემდეგ რუსთაველში გადაინაცვლა. 1976 წელს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა...

მოგონება

ბავშვობაში მამაჩემმა საოცარი ინდაური დამიხატა. ის ნახატი ახლაც მაქვს სადღაც შენახული, მაგრამ არ ვეძებ, იმიტომ რომ მეშინია, რომ ვერ ვიპოვო, მერე გული დამწყდება.

ვიცი, რომ სადღაც არის. ინდაურების მიმართ საოცარი დამოკიდებულება მქონდა და იმის შემდეგ ბევრი დავხატე.

მერე მოსკოვში ვსწავლობდი ხატვას. ჩემი ცხოვრება ყოველთვის იყო მხატვრობასთან დაკავშირებული, მაგრამ ახლა მთლიანად გადაეწყო.

ხანშიშესული კაცი ვარ, ამაოების მოძალებული გრძნობა მაქვს, ამიტომ ასე ჯდომასა და ფილოსფიურ აზრებთან ყოფნას, მირჩევნია, სახელოსნოში ჩავიდე და რაღაც დავხატო, იქ გავიწყდება სახელი, გვარი, ხდები სუბსტანციური, საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, არ გყავს რეჟისორი.

ჩემი მოღვაწეობა ხელოვნებაში მხატვრობით დავიწყე, თუ შეიძლება ასე ვუწოდო გაპრანჭულად. ახლა უფრო სხვანაირად ვუდგები როგორც მსახიობის ოსტატობას, ისე მხატვრობას. რთულია, მენტორული ტონით ილაპარაკო ან ერთ დარგზე, ან – მეორეზე. საერთოდ, ხელოვნება არაჩვეულებრივი რამ გახლავთ და ამ არაჩვეულებრიობას თან სდევს უამრავი სიმწარე, აღშფოთება, ნერვების გლეჯა, გაუთავებელი გამოცდები, სიხარულის განსაკუთრებული გრძნობები და ასე შემდეგ. თეატრალური ხელოვნება თავის თავში ძალიან ბევრ ხელოვნებას მოიცავს ერთდროულად: პლასტიკას, დრამატურგიას, მუსიკას, რეჟისურას... მოკლედ, ამ „დავიდარაბაში“ ძალიან ბევრი რამ ხდება საინტერესო, ოღონდ, მას შემდეგ, როდესაც უკვე რაღაცა გზა განვლილი გაქვს და პროფესიონალურად უდგები ამა თუ იმ საკითხს. ჩემთვის როგორც მსახიობობაში, ისე მხატვრობაში ყოველთვის მთავარი იყო არა – „რა“, არამედ - „როგორ“. ხელოვნებაში ძალიან რთულია ადამიანებთან ურთიერთობის გარეშე შესვლა. როდესაც ხატავ და პირადად შენ გეკუთვნის ეს ნაღვაწი, მაშინაც კი, მაინც გჭირდება მაყურებელი, რომელიც დროზე შეაფასებს ამას და, შენი პირადი ზრახვები, რაღაც განსაკუთრებული სათქმელი ან ნააზრევი, შეიძლება, დილით, მთელი ღამის მუშაობის შემდეგ, სასაცილო და არაფრის მთქმელი აღმოჩნდეს. ხდება ხოლმე ასე და, რაც ხაზგასმით აღსანიშნავია, ძალიან ხშირად ხდება.

ხატვა

ჩვევებისგან შედგება ადამიანი, ეს ხელწერაა. ჩემს სახელოსნოში ყოფნა არის საგიჟეთი, იქ ყველაფერი დაწყობილი და დალაგებული არ არის, იქ ყველაფერი ყრია – რაც დამჭირდება, უცებ ხელშესახები რომ გახდეს. მე სწრაფად ვხატავ ყველაფერს და მიმაჩნია, რომ ორი-სამი დღე საკმარისია, მინდა, რომ ნახატი ერთი განწყობის ქვეშ მოხვდეს.

ჩვევები საინტერესო რამ არის. ვფიქრობ, მაქვს ჩემი ტექნოლოგიური პროცესები ხატვაში, ბევრი ამოცანა. ამით შეიძლება ამაოების გრძნობებს გასცდე და ამაზე ფიქრი შეანელო, იმიტომ რომ ეს საქმეა, ეს არის წრიალი. ეს ნიშნავს სიცოცხლეს, მექანიკას და ყოველ დღეს, რითაც ადამიანი დაკავებულია. როცა ვხატავ, არავინ ხელს არ მიშლის – მარტო ყოფნის გენიალურობაც ეს არის. აკი ვამბობ, როგორც მინდა... მაგრამ აქ ცენზურა დაცულია. სახელმწიფო ცენზურა სხვა რამეა, შენი ცენზურა სხვაა. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის ცენზურა, რა შეიძლება, რა არ შეიძლება და ეს აყალიბებს ჩვევებს.

უცნაური მოვლენა

მაღიზიანებს პოლიტიკური ცხოვრების ავადმყოფური მოვლენები. ჩემს ქვეყანაში არსებული ჯახები. ქართველების თავშეუკავებლობა. „პოლიტიკა არის სახელმწიფო მართვის ხელოვნებაო“. ეს სიტყვა მოსწონთ – „ხელოვნება“. აიყვანონ მაშინ ხელოვნების დონეზე და იქნება. ვერ აჰყავთ, პირიქით. ანგრევენ ქვეყანას, თავიანთი ზრახვები აქვთ. ხალხია ქვეყანა.

თბილისელი კაცი ვარ და მახსოვს ის პერიოდი, როდესაც წყლიან ქილაში კარაქს ვინახავდით, რადგან მაცივარიც არ გვქონდა, მაგრამ ხალხი ერთმანეთს უსმენდა და ჰქონდათ ერთად ყოფნის სურვილი. ახლა ადამიანს თუ არ უნდა სხვასთან ჰქონდეს კომუნიკაცია, იმ წუთში აიღებს ტელეფონს და ვითომ იქ რაღაცას ეძებს, გენიალური ის არის, რომ მეორე მხარესაც კარგად ესმის, რომ ვითომ ტელეფონში საქმე აქვს, დაკავებულია.

ჩემთვის ეს სასაცილო მოვლენაა და ტელეფონს ამ მიზნით არ ვიყენებ.

სიზმარი

ყველაფერ უბედურებასთან ერთად ღმერთმა ადამიანს ჩაუდო სიზმარი, ამით დაიმორჩილა. სიზმარი განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მოვლენაა. გარდა ამისა პოლიტიკა, იურისპრუდენციული ნორმები იქითკენ არის მიმართული, რომ ადამიანი დაიმორჩილონ და ინდივიდუალური არ იყოს, მისი ცხოვრება ვიღაცაზე უნდა იყოს ჩამოკიდებული.

მე ერთხელ მოვკვდი – მქონდა კლინიკური სიკვდილი და უამრავი რამ ვნახე, მაგრამ ამას არ ვყვები, მატრაკვეცობად მიმაჩნია, ადამიანი თავშეკავებული უნდა იყო.

რწმენა

მწამს სიყვარულის და მწამს ღმერთის. მე უფრო შოთას ღმერთი მწამს: „რომელმან შექმნა სამყარო“, ეს სხვა რამეა ჩემთვის. იყო ინდოეთის ომები, არის მახინჯი „დარა“. ციდან ჩამოსული რაც იყო, ღმერთებს ეძახდნენ საცოდავი ადამიანები. თუმცა იყო გენიალური ჭიდილები, ისტორია ყველაზე გაუპატიურებული მეცნიერებაა, სულ ტყუილებზეა აგებული, არაფერთან კავშირში არ არის.

შიში

პირველ რიგში საკუთარი თავის მეშინია, რომ რაღაც სისულელე არ ჩავიდინო. თავშეკავებული ვიყო, ჩემი ზრახვები ბოლომდე არ გამოვხატო. თუმცა სიყვარული უნდა გამოხატო, მაგრამ მე ვიცი სხვადასხვა მომენტები, რომ სიყვარულსა მალვა უნდა და არა ასე ცხვირ-პირში ტაკება. მოკლედ, ძნელია ადამიანი, რთულია მისი ცხოვრება, კითხვის ნიშნები არ ყოფნის ამ ყველაფერს და არის დინება, რასაც ცხოვრება ჰქვია, ჩვენ ყველა მივედინებით.

სიყვარული

პირველ რიგში, სიყვარული სექსუალური მომენტის დაკმაყოფილების საშუალებაა და მერე სხეულის მიჩვევაა, მერე სურვილია ერთად ყოფნის. სექსუალური მომენტების გარეშე ადამიანი საცოდაობაა, ეს განაპირობებს სიყვარულს.

ვნებაა სექსუალური პროცესები. სექსი ვნებაცაა და ომიც ორ ადამიანს შორის, დაკმაყოფილების განსაკუთრებული მოვლენები და მექანიკაა.

სექსუალური ქალი, აღმგზნებადია, ხელშესახებად საინტერესო, უამრავი სურვილი რომ ჩნდება. ჩემს მხატვრობაში ხედავენ ძალიან სექსუალურ წინახედებს და უკანახედებს, იმიტომ რომ მე, საერთოდ, სხეულისა და ფორმების ხატვით ვარ გართული. ერთმა მითხრა: რა ამბავია ამდენი ტ..აკების ხატვაო.

მე ვუთხარი: ტ..აკები არ არის, არც უკანალი, ეს ფორმებია წინიდანაც და უკნიდანაც. საინტერესო სხეულია რა... მომხიბლავი ადამიანი უყურებს სხეულს, სხეულებს არჩევს ერთმანეთისგან, ამიტომ სხეულს ვაწვდი ნახატში.

შური

შური ყველა ადამიანში არსებობს. იმას კარგი ტუფლები აქვს და მე არ მაქვსო... მე შემშურებია, ეს როგორ დახატა, რა ხერხებით დახატა. მუსიკაში ჩნდება შური, როცა უსმენ, მაგრამ შურს განაპირობებს აღტაცება, გენიალურია ის, რომ აღტაცებული ხარ.

ყველაზე დიდ ნიჭიერებად სხვისით აღტაცება მიმაჩნია და არა საკუთარი თავით ტკბობა. აქედან ჩნდება შური. აღტაცება იწვევს ასეთ რამე – უხ, ნეტა მე მქონდეს ასეთი რაღაცო. ადამიანური პროცესებია, ეგოისტური. ეგო მუშაობს, არ სჭირდება მაგას არც ფროიდიზმი, არც იუნგიზმი.

ამ მოვლენებს არც ღმერთები არ სჭირდება. აკი ვამბობ, თუ ეს შურია და უკადრისი საქციელი, ღვთიურია ყველაფერი, ღვთაებრივი მოვლენებია და ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

ადამიანი მოკლა და თქვა ჩვენზე არ არის დამოკიდებულიო, არის მაგაში სიმართლე. „გაახელესო“ და ვერ შეიკავა თავიო. ეს სიტყვაც ხომ ცნობილია – „შემომეუპატიურაო“, ვითომ თვითონ არ უნდოდა, რა უბედურებაა, თავის გადარჩენის მიზნით რას არ მოიგონებს ადამიანი.

საცოდაობაა. ანტროპომორფიულია ადამიანი, ადამიანის მსგავსია და იგივე შეცდომები აქვს, ამიტომ სხვებზე როცა ვლაპარაკობ, ჩემს თავსაც ვგულისხმობ.

ქალი

ქალი ჩემთვის არის სასიცოცხლო ძალა, ინტერესი, როგორც ფროიდი ამბობს – ლიბიდო. სულ გახსოვს ქალი, იმიტომ რომ შენ მამაკაცი ხარ, სექსუალურია შენი ყოფა. სულ გახსოვს, რომ ქალი გინდა, ქალი გჭირდება, თუ ეს შეგრძნება არ გაქვს, ირღვევა შინაგანაწესი, დარღვეულია ყველა ბალანსი. ქალს აქვს რაღაც ჯადო, მარტო სექსუალურობა და სილამაზე არაა.

ბევრი რამ უნდა შეასრულოს კაცმა ქალის სურვილებიდან – ეს აუცილებელი პირობაა. ადამიანი იმიტომ არის გაჩენილი, სხვაზე იფიქროს, სხვას რაღაც გაუკეთოს. მაშინ ლამაზდება ადამიანი როდესაც სხვაზე ფიქრობს, ისეთი ადამიანიც კი, როგორიც მე ვარ.

ქალი საჭიროა ყოველთვის, თუნდაც იმიტომ რომ გაგიჩნდეს წინააღმდეგობა, ისევ დაკეტოს ჩემი გაღებული ფანჯარა ან პირიქით, ისევ უნდოდეს მაშინ, როცა მას უნდა, ისევ ჯახი იყოს იმაზე, რაც შენ გინდა. თუმცა არის ბედნიერი გამონაკლისები და არის ცხოვრება – ჰარმონიული და ასე შემდეგ.

აკი ვამბობ, თუ ყველაფერს კრიტიკული თვალით დაუწყებ ყურებას, იქ აუცილებლად გამოჩნდება ჰარმონიებიც, მაგრამ ჯერ საკუთარ თავს უნდა დაუწყო კრიტიკული კრედოებითა და განსჯებით ყურება.

მეუღლე

ჟანრის მეუღლე თათული დოლიძეა.

მათ რუსთაველის თეატრში გაიცნეს ერთმანეთი. დაუახლოვდნენ და ბევრი აღარ უფიქრიათ, დაქორწინება გადაწყვიტეს...

ეს ორივესათვის მეორე ქორწინება იყო. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ჟანრი ლოლაშვილისა და თათული დოლიძის ცოლქმრული ურთიერთობა, სხვების მსგავსად, დიდხანს არ გასტანდა, მაგრამ შეცდნენ...

„თათული რომ დავინახე, თითქოს რაღაცამ თავში დამცხო და დამარეტიანა“, - იხსენებს ჟანრი ლოლაშვილი. იგი არ მალავს, რომ დანახვისთანავე მოიხიბლა ამ მშვენიერი ქალით. მათ ჯერ „კავკასიურ ცარცის წრეში“ ითამაშეს ერთად, მოგვიანებით კი ლუარსაბი და დარეჯანიც გახდნენ.

ჟანრის და თათულის საერთო შვილიც ჰყავთ, ვაჟი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ღალატი“, 2 ქორწინება, ეჭვიანობა და აგარაკზე გარდაცვლილი მეუღლე - გურამ საღარაძის პორტრეტი

„კაცის ღალატი ღალატი არაა“ - ობლობა და „ქურდობა“, ტრისტან სარალიძის უცნობი ისტორიები

მურმან ჯინორიას ყოფილი ცოლი, დიდი ხნის შემდგ შეძენილი შვილი და აკრძალვებში გატარებული ბავშვობა - ბაია დვალიშვილის პორტრეტი