გამოცემა People-ის ინფორმაციით, 28 წლის პარიზ ჯექსონმა ლოს-ანჯელესის სასამართლოს მიმართა და გარდაცვლილი მამის, ლეგენდარული მომღერლის, მაიკლ ჯექსონის ქონებიდან დაახლოებით 600 მილიონი დოლარის გამოყოფა მოითხოვა.
29 ოქტომბერს წარდგენილ სასამართლო დოკუმენტებში პარიზი ამტკიცებს, რომ მამის გარდაცვალებიდან 17 წელზე მეტი გავიდა, თუმცა მაიკლ ჯექსონის შვილებისთვის განკუთვნილი საოჯახო ტრასტი დღემდე სრულად არ დაფინანსებულა.
მისი მოთხოვნა ძმებს, პრინცსა და ბიგისაც ეხება.

პარიზის ადვოკატების განცხადებით, მაიკლ ჯექსონის ქონებამ მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მილიარდობით დოლარის შემოსავალი მიიღო სხვადასხვა ბიზნესგარიგებისა და აქტივების გაყიდვის შედეგად. მათ შორისაა Neverland Ranch-ის გაყიდვა და Sony-სთან გაფორმებული შეთანხმება, რომელიც მომღერლის მუსიკალურ კატალოგსა და ინტელექტუალურ საკუთრებას უკავშირდებოდა.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 2024 წლის დეკემბრისთვის ქონებას დაახლოებით 850 მილიონი დოლარის ნაღდი ფული და მასთან გათანაბრებული აქტივები ჰქონდა. პარიზის შეფასებით, ვალდებულებების გათვალისწინების შემდეგ, დაახლოებით 600 მილიონი დოლარის გადანაწილება შესაძლებელია.
რას ამბობს მაიკლ ჯექსონის ქონების ადმინისტრაცია?
მომღერლის ქონების წარმომადგენლები პარიზის ბრალდებებს არ ეთანხმებიან. მათი განცხადებით, ტრასტის სრულად დაფინანსება რამდენიმე სამართლებრივი საკითხის მოგვარებამდე შეუძლებელია, მათ შორის, აშშ-ის საგადასახადო სამსახურთან მიმდინარე დავის გამო.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაიკლ ჯექსონის მემკვიდრეების სასარგებლოდ უკვე 200 მილიონ დოლარზე მეტია გადანაწილებული. ისინი ასევე უარყოფენ ბრალდებას, თითქოს შვილებს კუთვნილ თანხებს განზრახ არ აძლევენ.
პარიზის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ტრასტის ნაწილობრივი დაფინანსება გაცილებით ადრე იყო შესაძლებელი და სასამართლოსთვის მიმართვა აუცილებელი გახდა.
საქმეზე სასამართლო სხდომა 4 დეკემბერს არის ჩანიშნული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ“ - სოცქსელების ვარსკვლავი ანამარია ბუთიაშვილი იუბილარია
🎥 როგორ აღნიშნა გია ბაღაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან
⭕„ურთიერთობის დალაგებისთვის შესაფერისი დღეა“ - 4 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით