მომღერალი ნინი ყულეჯიშვილი „ღამის შოუს ბენდის“ ახალი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სახეა. როგორ აისახა მის ცხოვრებაში მოულოდნელი სიახლე და რა ზღაპრული ისტორიები უძღოდა წინ მის საოცარ ქორწილს – ამის შესახებ ნინი ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში გულახდილად საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ეს ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო ამბავია. ასეთ ბენდთან თანამშრომლობა ყველას, განსაკუთრებით კი, დამწყები მომღერლის ოცნებაა. ძალიან გამიმართლა.
ყველაფერი ასე დაიწყო: მეგობრის ქორწილში ვმღეროდი, ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად. ჩვენი ვიდეო სოცქსელში დაიდო და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის შემდეგ დამიკავშირდა გელა გნოლიძე. დავიბენი, რადგან არ ვიცოდი, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო ამის მიზეზი. ამ ბენდს და მათ სიმღერებს, რა თქმა უნდა, ვიცნობ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გადაცემას ტელევიზორში ვუყურებდი – უფრო სოციალურ ქსელში მხვდებოდა მათი ვიდეოები და ამიტომ, არ ვიცოდი, თუ ბაბი ბოლო რამდენიმე გადაცემაში არ იყო. ვიფიქრე, რომ გელა გადაცემაში მისაწვევად მიკავშირდებოდა. რომ მითხრა, ღამის შოუს ბენდთან სიმღერით თუ ხარ დაინტერესებულიო, ისე დავიბენი, ნორმალურად ვერ დაველაპარაკე. გაეღიმა და ამიხსნა სიტუაცია: ბაბი წავიდა, ალბათ, სოლო კარიერისთვის ემზადება და მომღერალს ვეძებთო.
როგორც მოგეხსენებათ, მე გავთხოვდი. რადგან ქორწილი 7 ნოემბერს გვქონდა, სამზადისზე ვიყავი გადართული. ისე მოხდა, რომ ზუსტად ასეთ მომენტში მივიღე ეს წინადადება და ახლა უკვე თბილისი-ბათუმის გზაზე ვცხოვრობ. რადგან მარტო აღარ ვარ, ნებისმიერ საკითხს უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად ვწყვეტ. ვფიქრობ, რომ ეს ასე უნდა იყოს. ამიტომ გელასთვის პასუხი არ მითქვამს, სანამ ჩემი მეუღლის აზრს არ გავიგებდი. ჩემს მეუღლეს რომ ამ შემოთავაზების შესახებ ვუთხარი, ძალიან გაუხარდა.
იცით, როგორი ადამიანია? რასაც მასში ყველაზე მეტად ვაფასებ, ისაა, რომ ჩემი წარმატება, მგონი, ჩემზე მეტად უხარია. უნდა, იმაზე მეტად წარმატებული ვიყო, ვიდრე მანამდე ვიყავი, სანამ თვითონ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში. მაშინვე მითხრა: წავედით თბილისშიო. ჩამოვედით თბილისში, გელას, პროდიუსერსა და თანამშრომლებს შევხვდით და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
გელა ძალიან თბილად შემხვდა და შემდეგ ყველაზე მეტად თათასთან შეხვედრაზე ვნერვიულობდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორი ადამიანი იყო და როგორ შემხვდებოდა. თათა რომ გავიცანი, ყველანაირი სტრესი და დაძაბულობა მომეხსნა. მე იქ მოვხვდი, სადაც ყოფნაზე ოდესმე მიოცნებია – ოჯახურ გარემოში. ძალიან შეხმატბილებულები არიან და მე და ჩემს მეუღლეს დიდი სითბო და სიყვარული დაგვანახვეს. მადლობელი ვარ მთელი გუნდის“, - ამბობს „ღამის შოუს“ ბენდის ახალი წევრი.


⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ უნდა ვისხდეთ დიდხანს უნიტაზზე ტელეფონით ხელში? - ლევან რატიანის გაფრთხილება!
⭕კარმული დღე, რომელიც ძველ კონფლიქტებს გააღვიძებს - რას გვიმზადებს 17 ნოემბერი?