მერაბ დვალიშვილი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო "ქართველ მანქანად" (The Machine) იცნობს, 1991 წლის 10 იანვარს დაიბადა. მისი ცხოვრება შრომისმოყვარეობისა და დაუღალავი ბრძოლის საუკეთესო მაგალითია. მერაბ დვალიშვილის დებიუტი UFC-ში 2017 წელს შედგა და მას შემდეგ არაერთი წარმატება მოიპოვა.
ქართველი სპორტსმენი 35 წლის გახდა.
მერაბ დვალიშვილი ვანის რაიონის სოფელ სულორში იზრდებოდა, სწავლობდა სულორის საშუალო სკოლაში, მოგვიანებით სწავლა განაგრძო თბილისში.

ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. მერაბი შეერთებულ შტატებში 21 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად, რათა გამხდარიყო MMA-ს მებრძოლი და ვარჯიში რეი ლონგოსა და მეტ სერას ხელმძღვანელობით დაიწყო.
2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.

UFC
მისი დებიუტი UFC-ში 2017 წლის 9 დეკემბერს, ფრენკი საენზის წინააღმდეგ შედგა. შეხვედრაში მსაჯთა გადაწყვეტილებით საენზმა გაიმარჯვა.
მერაბ დვალიშვილმა ბოლოს წინა ბრძოლა UFC-ში 2024 წლის 18 თებერვალს, ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით, ზედიზედ მე-10 გამარჯვება მოიპოვა.
2024 წლის 14 სექტემბერს, დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი და ზემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
2025 წლის 18 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ზემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა, როდესაც რუსეთის სახელით მოასპარეზე მანამდე დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. MMAfighting.com-ის ცნობით, ქართველმა ჩემპიონმა გამოიმუშავა 500 000 აშშ დოლარი, ამ თანხას დაემატა საღამოს საუკეთესო ბრძოლის $50 000-იანი ბონუსი.
უმარ ნურმაგომედოვთან მოპოვებული გამარჯვება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო. ამასთან, ქართველმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი გააუმჯობესა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე (თეიქდაუნი) ყველაზე მეტჯერ, 117-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.
2025 წლის 8 ივნისს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ზემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით მოასპარეზე შონ ო’მალი მეორედ დაამარცხა. დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, სწორედ შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და ამჯერად კარიერაში მეორედ დაიცვა. მერაბ დვალიშვილი UFC 316-ზე გამართული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ „Performance of the Night“-ის, ანუ „საღამოს საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსით დაჯილდოვა.
2025 წლის 4 ოქტომბერს, UFC 320-ზე, მერაბ დვალიშვილმა ტიტული მესამედ კორი სენდჰეგენთან დაიცვა.[14] მან ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.
2025 წლის 6 დეკემბერს, UFC 323-ზე, მეოთხე ტიტულის დასაცავად, დვალიშვილი ყოფილ ჩემპიონს, პიოტრ იანს, დაუპირისპირდა. გამარჯვების შემთხვევაში, დვალიშვილი გახდებოდა UFC-ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი, რომელიც ერთ კალენდარულ წელიწადში ტიტულს ოთხჯერ დაიცავდა. თუმცა, მან ჩემპიონის ტიტული მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაკარგა.
შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა 26 შეხვედრიდან 21-ში გაიმარჯვა და 5-ჯერ დამარცხდა. მას აქვს 14-მატჩიანი მოგებათა სერია. ამ მაჩვენებლით მან ხაბიბ ნურმაგომედოვს, დემეტრიუს ჯონსონს, ჟორჟ სენ-პიერს, მაქს ჰოლოვეისა და ჯონ ჯონსს გადაუსწრო. მასზე მეტი შეხვედრა ზედიზედ მხოლოდ კამარუ უსმანს, ისლამ მახაჩევსა და ანდერსონ სილვას აქვთ მოგებული.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღის დაწყებისას სხეულს პირველ რიგში წყალი სჭირდება“ - არუნ ხათრის რჩევები
🔵„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს