სასწორი – ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდი, წინდახედული, საზრიანი ადამიანები არიან, რომლებიც სტაბილურობისკენ ისწრაფვიან. აქვთ მახვილი გონება, აზროვნებენ ლოგიკურად, განვითარებული აქვთ მშვენიერების გრძნობა.
სწორედ ამ ნიშნის წარმომადგენელია ჟურნალისტი მერიკო კარტოზია, რომელიც ჟურნალ „თბილისელებთან“ საკუთარ თავზე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

მერიკო კარტოზია: 1978 წლის 28 სექტემბერს დავიბადე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოდიაქოთი სასწორი ვარ, ცხენის წელში დაბადებული, შესაბამისად, წელს ჩემი წელია.
ვერ ვიტყვი, რომ ჰოროსკოპზე ვარ დამოკიდებული და ჩემს ცხოვრებას პროგნოზების მიხედვით ვგეგმავ, თუმცა, ვიცი, რომ ნიშნების მახასიათებლები ძალიან ემთხვევა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების ფსიქოტიპებს და სასწორი მეც ძალიან მგავს. ყველაზე მეტად სასწორის თვისებებიდან გამოვყოფდი დიპლომატიურ უნარს, რაც ჩვენ გვახასიათებს, ასევე, ვართ სიმშვიდის მოყვარულები. ხელოვნებასთან ძალიან ახლოს ვართ და გვიყვარს შემოქმედებითი პროცესი. თუ საქმეში შემოქმედებითი ნაწილი არ არის, რა დონის ფინანსური სარგებელიც არ უნდა მომიტანოს, საერთოდ არ მაინტერესებს. მთელი ცხოვრება ასე ვარ, რაც მიკეთებია, ყველაფერში არის შემოქმედებითი ნაწილი, დაწყებული გადაცემებით, გაგრძელებული ცეკვით. ბავშვობაში ვცეკვავდი, ქორეოგრაფიულ ნომრებსაც ვდგამდი, ღონისძიებებში, საერთაშორისო ფესტივალებში ვმონაწილეობდი და ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი. ძალიან მომწონდა ეს პროცესი – ხელოვნების გაცვლა ხდებოდა საერთაშორისო მასშტაბით. ქართული ყოველთვის გამორჩეული იყო. ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ საერთაშორისო ფესტივალებზე ქართველები ყოველთვის პირველები ვიყავით. გველოდებოდნენ, ჩვენს გამოსვლას სპეციალურად ბოლოსკენ ნიშნავდნენ, როგორც კულმინაციურ ნაწილს. მე არცერთი ქვეყნის კულტურას არ ვაკნინებ, პირიქით, ძალიან მომწონს და ბევრი ქვეყნის კულტურა და ცეკვა შევისწავლე ისე, რომ ჩვენთან სხვებსაც ვასწავლიდი. ჯერ კიდევ 20 წლის წინ მე და ჩემს დას სტუდია გვქონდა, სადაც „პიციკა“ დავდგით. ამ იტალიური ცეკვის შესახებ ბოლო დროს გაიგო ხალხმა, ჩვენ კი წლების წინ გვქონდა დადგმული, იმდენად მოგვწონდა, მაგრამ ქართულს მაინც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
– სასწორები დიდხანს ეძებენ საკუთარ დანიშნულებას, ურჩევნიათ უსაქმოდ იყვნენ, ვიდრე არასასურველი საქმე აკეთონ. სხვამ შეიძლება, ზარმაცადაც ჩათვალოს, მაგრამ თუ სასწორი არაფერს აკეთებს, ესე იგი, იმიტომ, რომ ჯერ საკუთარი საქმე არ უპოვია.
– მისიის ძებნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სიზარმაცე არასდროს ყოფილა ჩემი თვისება. ყოველთვის შრომისმოყვარე ვიყავი და ვარ. მართალია ის, რომ ყოველთვის ვეძებ ჩემს საქმეს, ის სასიამოვნოც უნდა იყოს, კომფორტულიც და კარგია, თუ შემოსავლიანიც იქნება. მხოლოდ ფულის გამო არცერთ პროექტს არ მოვკიდებ ხელს. ეს ჩემთვის წამებას ნიშნავს. ცხოვრების განმავლობაში, ალბათ, სულ ორი პროექტი მქონდა ასეთი, რომელსაც კარგი ფინანსური შემოთავაზების გამო დავთანხმდი.
– სასწორები ძალიან მეოცნებეები არიან. ეთანხმები?
– ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა – შემთხვევამდე, რაც ამერიკაში გადამხდა და მას შემდეგ. მანამდე ბევრს ვოცნებობდი, ათასი გეგმა მქონდა ცხოვრებაში. ეს ამბავი რომ დამემართა და სასწაულებრივად გადავრჩი, მივხვდი, რომ ღმერთმა სიცოცხლე მეორედ მაჩუქა. კი, ჯანმრთელობა დამიზიანდა, მაგრამ არა ისე, რომ ეს სამუდამო ყოფილიყო. შეიძლებოდა, შეზღუდული შესაძლებლობის დავრჩენილიყავი და მთელი ცხოვრება ტრავმირებული ვყოფილიყავი. ამ შემთხვევის შემდეგ ჩემს სურვილებთან და ოცნებებთან ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს. როცა თავში რამე აზრი მომივა, პირველი, რასაც ვამბობ არის „უფალო, იყოს ნება შენი“. გეგმის გარეშე ვინ ცხოვრობს, მაგრამ ჩემს ოცნებებში ძველებურად აქტიური აღარ ვარ. უფრო პრაგმატული გავხდი, მიწაზე მყარად დავდექი, გამოვფხიზლდი, ცაში აღარ დავფრინავ. სურვილები მაქვს, მაგრამ ოცნებები გამიქრა.
– სასწორი ძალიან მშვიდი და წინდახედული ნიშანია.
– სიმშვიდისა და წინდახედულობის რა მოგახსენოთ. ბავშვობაში უფრო სწრაფი ვიყავი და ჩემი ტემპიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ვერც მშვიდი ვიყავი და ვერც წინდახედული. ამიტომ, ბევრი შეცდომაც დამიშვია. მოგეხსენებათ, ტელევიზია ოპერატიულობას ითხოვს და ამ სისწრაფიდან გამომდინარე, ბევრი რამ ისე გამიშვია ეთერში, ნაკლები ყურადღება მიმიქცევია და მერე რომ დავფიქრებულვარ, მივმხვდარვარ, რომ სხვანაირად გაკეთება ჯობდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ძალიან ვნანობ, რომ ხშირად არ ვიყავი წინდახედული და სულსწრაფობა მძლევდა. მომთმენი ნაკლებად ვიყავი. სიმშვიდე და წინდახედულება ძალიან კარგი თვისებებია, რომელიც ახლა უფრო შევიძინე, როცა ცხოვრებამ გამაჩერა. თითქოს, მითხრა, ცოტა ხანი დაწყნარდიო და მას შემდეგ მივეჩვიე სიმშვიდეს, მოთმინებასაც. წარსულში ამის დრო და კომფორტი არ მქონდა. თუ საქმე იყო გასაკეთებელი, ხვალ კი არა, გუშინ ვაკეთებდი, ძალიან სწრაფი ტემპი მქონდა და ამის გამო, სამწუხაროდ, შეცდომებიც დამიშვია როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ისე საქმეში, რასაც ძალიან ვნანობ.
– ძალიან უყვართ სიტუაციის კონტროლი.
– ნამდვილად ასეა. არ აქვს მნიშვნელობა სამკაციან გუნდში ვმუშაობ, 30 თუ 300 კაციანში, სრულად უნდა ვაკონტროლებდე სიტუაციას. გარდა იმისა, რომ საავტორო გადაცემები მქონდა, იცით, რომ პროდიუსინგის ნაწილშიც ვმუშაობდი. პროდიუსერისთვის ეს აუცილებელი თვისებაა. ყველაფერს ვაკონტროლებდი და თან იმდენად სწრაფად, რომ ხალხს ეგონა, ცხრა ადამიანი ვიყავი. ყველგან ვიყავი და ყველაფერს ვასწრებდი – ორი გადაცემა პარალელურ რეჟიმში ჩამიწერია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სტუდიიდან „ღამის შოუს“ სტუდიამდე ფიზიკურად საკმაოდ დიდი მანძილი იყო. ვაღიარებ, რომ კონტროლი კარგად გამომდის. „ჩეპე“ არასდროს მქონია. ყურადღება ძალიან გამახვილებული მაქვს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წონის დაკლების საიდუმლოებები, რომლებზეც არავინ საუბრობს“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი