მიუხედავად იმისა, რომ ნანა ნებიერიძის ცხოვრებაში უამრავი ტკივილი და განსაცდელი იყო, მაინც ბედნიერია, რადგან გრძნობს შინაგან სიძლიერეს, ცდილობს, ადამიანში მხოლოდ პოზიტიური და დადებითი დაინახოს და ინტუიციითაც ხშირად გრძნობს, როგორ გადადგას სწორი ნაბიჯები. მიაჩნია, რომ ინტუიცია ღმერთის საჩუქარია, ადამიანმა მის კარნახს აუცილებლად უნდა უგდოს ყური, რომ ბარიერები და პრობლემები ადვილად დასძლიოს და ცხოვრების რთულ მომენტებს მარტივად დააღწიოს თავი.
მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„ინტუიცია ყველას აქვს და ეს ღმერთის საჩუქარია, უბრალოდ, არიან ადამიანები, ვინც მას ყურადღებას აქცევს და არის კატეგორია, ვინც აიგნორებს და არ სჯერა მისი. პირადად მე ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს, როგორც გინდათ, მას ისე დაარქვით – გინდ ქალური ინტუიცია და გინდაც დედის ინტუიცია, რაც ყველა დედას გამძაფრებულად აქვს შვილის მიმართ. შინაგანად ვგრძნობ, როცა საქმე ჩემს შვილს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ნინა და ალექსანდრე ჩემგან შორს, ამერიკაში ცხოვრობენ, არაერთხელ ყოფილა მომენტი, მიგრძნია, მათ თავს რაღაც ხდება, დამირეკავს და უთქვამთ, რომ რაღაც ძალიან კარგი ამბავია. მადლობელი ვარ ღმერთისა და სამყაროსი, რომ დედური ინტუიცია საკმაოდ განვითარებული მაქვს“, - ამბობს ნანა ნებიერიძე.
– შენს ცხოვრებაში მიუხედავად ბევრი წარმატებული დღისა, იყო ბევრი ტკივილი და განცდა. როდის მიხვდი, რომ ძლიერი ქალი ხარ?
– ზოგადად, ვფიქრობ, ქალი იყო, არის და ყოველთვის იქნება ყველაზე ძლიერი. ვფიქრობ, ძლიერი ვარ და არა ფიზიკურად, არამედ ენერგეტიკულად, მორალურად და ფსიქოლოგიურად. ეს სიძლიერე კი ყველაფერში დამეხმარა და დღემდე მეხმარება. ხუთი წელი რომ შვილი არ მინახავს და არ ვტირი, მხოლოდ ვეუბნები: შვილო, უნდა ჩამოხვიდე, მენატრები-მეთქი, ესეც ჩემი სიძლიერეა. თორემ, სიგიჟემდე მენატრება. აქედან ვეხმარები ემოციურად, ენერგეტიკულად, ყველანაირად. ყოველდღე ვსაუბრობთ, მე ვაძლევ მას ჩემს ძალას და ის ამას გრძნობს.
– ნანა, იყო მომენტი, როცა ინტუიციას შეეწინააღმდეგე და ინანე?
– ბევრჯერ, სადმე წასასვლელს მიგრძნია, რომ იქ არ უნდა მივიდე და თავი შემიკავებია, დამიჯერებია ჩემი ინტუიციისთვის და მომიგია. მაგალითად, სამი თვის წინ ერთ ადგილას მივდიოდი და ვგრძნობდი, იქ არ უნდა წავსულიყავი. ვიცოდი, აუცილებელი იყო იქ მისვლა, მაგრამ შინაგანი ხმა მკარნახობდა: ნანა, არ გინდა, ნუ მიდიხარ. არ დავუჯერე, წავედი და შუა გზაზე საბურავი გამისკდა. ეს იყო ნიშანი და დავრწმუნდი, ასე იმიტომ მოხდა, რომ იქ არ უნდა მივსულიყავი.
– როცა ადამიანს შეხედავ, ზუსტად ხვდები, როგორი ადამიანია? ამაშიც გეხმარება ქალური ინტუიცია?
– ადამიანების გამოცნობაში, ცოტას მოვიკოჭლებ. ამ დროს ჩემი ინტუიცია სადღაც ქრება. თავად ალალი, გულწრფელი, პირდაპირი და გახსნილი ვარ და ყველა ასეთი მგონია. არადა, ხშირად ცდები ადამიანში და მეც ბევრჯერ შევცმდარვარ. ბებია მყავდა – გრაფინია რაზუმოვსკაია და ბავშვობიდან სულ მასწავლიდა: დეტაჩკა, ეცადე, ადამიანებში იპოვო სითბო და პოზიტივი, რადგან ნეგატივი თავისით მოდისო. სხვათა შორის, ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის, გარდაცვალების მერე, სულ ვფიქრობ მის სიტყვებზე. ახლა უფრო მეტად ვიცი და ვგრძნობ, როგორი სიმართლე დევს მის სიტყვებში.
– პატრიარქთან თუ გქონია პირადი შეხვედრა?
– როგორ არა. როცა გუნდი მიდის ოლიმპიურ თამაშებზე, ხდება ორი შეხვედრა: ერთი – მთავრობასთან, მეორე კი – პატრიარქთან. ერთი შეხვედრა გვქონდა შევარდნაძესთან კანცელარიაში და მეორე – საპატრიარქოში, ილია მეორესთან. მახსოვს, ახალგაზრდა ვიყავი, სათითაოდ მივდიოდით პატრიარქთან, ვიჩოქებდით მის წინ და ვემთხვეოდით ხელზე. რომ ვემთხვიე ხელზე, დამადო ხელი თავზე და მკითხა: შენ რა გქვია? გავახილე ჩემი ლურჯი თვალები და ვუპასუხე: ნანა მქვია. რომელ სპორტში მოღვაწეობ? ვუთხარი: წყალში მხტომელი ვარ-მეთქი და ყურში ჩუმად მითხრა: იცოდე, მე შენ გგულშემატკივრობ! ეს მომენტი არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ.
– არის ისეთი რამ, რასაც ცხოვრებაში ნანობ, მაგრამ ვეღარ შეცვლი?
– რასაკვირველია, არის. ძალიან ვნანობ, რომ არ მყავს მეორე შვილი. თუმცა ესეც ღმერთის ნებაა და მადლობა მას, რომ მყავს ნინა და მისი შვილი – ალექსანდრე და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი შვილიშვილი მეყოლება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ახალი ფინანსური შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი შეხვედრები - როგორი იქნება 25-31 მაისის კვირა
წყარო: tbiliselebi.ge