Digest Logo

„რამდენიმე თვის წინ, პირველი სერიოზული გულის გატეხვა განვიცადე... მე და ჩემი შეყვარებული დავშორდით“ - რას ჰყვება ალექსანდრე ზაზარაშვილი

1744563958
ალექსანდრე ზაზარაშვილი

ბოლო პერიოდი მომღერალ ალექსანდრე ზაზარაშვილისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა: დაკარგა ძმა, რომელიც მისმა ოჯახმა საკმაოდ პატარა ასაკში იშვილა და ერთად იზრდებოდნენ, დაასრულა ერთწლიანი განსაკუთრებული სიყვარულის ისტორია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რთული აღმოჩნდა, თუმცა ცხოვრება გრძელდება, მან შეძლო საკუთარ თავში დიდი ძალა ეპოვნა და კვლავ აქტიურად და წარმატებულად აგრძელებს ამერიკულ კარიერას.  

იგი ჟურნალ „თბილისელებთან“ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს და გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან. 

– სიმღერას, რომელზეც ახლა მუშაობთ, მეორე მნიშვნელოვანი ამბავიც უკავშირდება. როგორც თქვი, ის შენს უდიდეს სიყვარულსა და ტკივილზე დაწერე...

– ეს სიმღერა ძალიან პერსონალური ისტორიიდან მოდის. რამდენიმე თვის წინ, პირველი სერიოზული გულის გატეხვა განვიცადე. მე და ჩემი შეყვარებული დავშორდით. დაახლოებით, ერთი წელი ვიყავით ერთად, მაგრამ დაშორება მოგვიწია. ჩვენს ურთიერთობაზე ორი სიმღერა დავწერე – მეორე დაშორების შემდეგ, უფრო მეტად გულის ტკივილზე იყო, პირველი კი მისი გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავწერე ჩვენს სიტუაციაზე. რაღაც მიზეზების გამო არ გვინდოდა, ჩვენი ურთიერთობის გამჟღავნება.

შინაგანად მინდოდა ადამიანებს სცოდნოდათ, როგორი ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი ბევრი მიზეზის გამო არ მინდოდა და ზუსტად ამ თემაზე დავწერე ის სიმღერა. სიმღერას ჰქვია „სამყარო რომ საკმარისად კეთილი ყოფილიყო“ – სამყარო რომ კეთილი ყოფილიყო ჩვენ მიმართ, ბევრი რამის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი, თუნდაც, ჩვენს ურთიერთობაზე ხმამაღლა ვისაუბრებდით. სიმღერაში ვყვები, თუ რამდენად მიყვარს და ასე შემდეგ.

თავიდან ძალიან გამიჭირდა. იმის მიუხედავად, რომ პასუხები და ინფორმაცია მქონდა, მაინც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იყო. ზოგადად, ასეთი ტიპი ვარ, ყველაფერი უნდა ვიცოდე, რაც არ უნდა პატარა დეტალს ეხებოდეს საქმე. შეიძლება, უდიდესი, მონსტრი ფაქტი მედგეს წინ, მაგრამ პატარა დეტალს მივაქციო ყურადღება, მან მომაწოდოს სიმართლე. ზუსტად ამის გამო ძალიან გამიჭირდა. რაღაც მომენტში, წარმოუდგენელიც მეგონა ჩვენი ურთიერთობის ასე დამთავრება.

ბევრი გრძნობა მქონდა ერთბაშად. მახსოვს, ჩემს თავს რომ დავუბრუდი, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, პირველად გავხსენი ჩემი კომპიუტერი და მუსიკაზე მუშაობა დავიწყე. ძალიან კარგი გამოვიდა, გარეთ გამოვედი, ყურსასმენებში ვუსმენდი, ჩემს ძაღლს ვასეირნებდი და ეს იყო პირველი მომენტი, როცა გამეღიმა ამ ყველაფრის შემდეგ და ვიფიქრე, რომ ერთადერთი რამ, რაც ბოლომდე ჩემთან იქნება, სულ რომ აპოკალიფსი მოხდეს და მთელი სამყარო გაჩერდეს, ჩემი მუსიკა და ხელოვნებაა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ფოკუსირება ამაზე უნდა მომეხდინა და თუნდაც, ის ტკივილი, რომელსაც ვგრძნობდი ან სირთულეები, რომელსაც გავდიოდი, ამ საქმეში უნდა ჩამედო. ეს სიმღერა გულის გატეხვასა და სიყვარულზეა, მაგრამ მინდა, ის ინსპირაცია იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იმ მომენტში გადის იმავეს, რაც მე გავიარე.

რთულია ამ დროს, მოისმინო სიტყვები: გაივლის, დრო გჭირდება, ყველაფერი კარგად იქნება და ასე შემდეგ, ეს არის ბოლო რამ, რაც გინდა, გაიგო. გინდა ყველაფერი ისევ ისე იყოს, არ გინდა, რომ რამე შეიცვალოს, ვერ იღებ რეალობას და ყველანაირად ცდილობ, შეეწინააღმდეგო. ამიტომ არ მინდა, ჩემი მესიჯი იყოს – „ყველაფერი კარგად იქნება“, მაგრამ უნდა იყოს ის, რომ ჩვენში ძალიან დიდი ძალაა და იმის მიუხედავად, რამდენადაც არ უნდა გვიჭირდეს, გავუმკლავდებით. იმის მიუხედავად, რომ თავს მარტოდ გრძნობ, შენში მართლა დიდი ძალაა და მთავარია, ამის ირწმუნო“, - ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ

🎥 „გამორჩეულად კარგები ხართ“ - ნანუკა გუდავაძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

🎥 „დაილოცოს თქვენი მამაშვილობა“ - ნახეთ, როგორ ერთობა ბუდუ ზივზივაძე შვილთან ერთად

🎥 „გზა აქამდე მისასვლელი იყო გრძელი და მტანჯველი“ - „რეზო და ბავშვები“ 15 მაისს ფილარმონიაში კონცერტს გამართავს